წინასიტყვაობა
„შანდლები განსხვავებულია, მაგრამ შუქი ერთია“
მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან დაახლოებით 1920 წლამდე ინგლისი და ამერიკის შეერთებული შტატები ომარ ხაიამის პოეზიამ დაიპყრო. ეს თითქოს უცნაური იყო, მაგრამ სინამდვილეში სავსებით ლოგიკურიც. მოწყენილ, ზედმეტად სერიოზულ, დოგმატურად ღვთისმოსავ კონსერვატიულ საზოგადოებას სიცოცხლით ტკბობის დაუოკებელი წყურვილი გაუჩნდა. ალბათ იმიტომაც, რომ ტუბერკულოზი მუსრს ავლებდა იმდროინდელ სამყაროს და სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალზე მოკლე იყო. ასე იფეთქა ჰედონისტურმა სულმა ეკლესიის მრევლში. ო’ჰენრის შემოქმედების მოყვარულებს ეხსომებათ მისი ცნობილი მოთხრობა – “The Handbook of Hymen” და მონტანელი ოქროსმაძიებლების, სანდერსონ პრატისა და აიდაჰო გრინის, მხიარული თავგადასავალი, რომლის დროსაც ერთ-ერთ მათგანს წასაკითხად ხაიამის ლექსების კრებული ერგო. მართალია, ო’ჰენრის მოთხრობაში სპარსულად გაჰედონისტებულმა აიდაჰომ სრული ფიასკო განიცადა ხაიამის მკრეხელური ლექსების ციტირებისას ლამაზი ქვრივის მოხიბვლის მცდელობის დროს, მაგრამ ამერიკელი მრევლი ნელ-ნელა დაემორჩილა ღვინისა და სიყვარულის ეგზოტიკურ ხიბლს. ხაიამის პოეზიის მოტრფიალეთა არაერთი საიდუმლო საზოგადოება და კლუბი დაარსდა იმ წლებში. სასოწარკვეთილ ქრისტიან მღვდელმსახურებს მოულოდნელი მოკავშირე გამოუჩნდათ – მეორე დიდი აღმოსავლელი პოეტი ჯალალედინ რუმი: თუკი მრევლს ეგზოტიკა მოსწონს, რატომ არ ჩავანაცვლოთ ერეტიკოსი ომარი ღვთისმოსავი რუმით, რომელიც მიუხედავად სიცოცხლის ასევე ჰედონისტური ტრფიალისა, ყველაფერს საბოლოოდ მაინც ღმერთის სიყვარულს უკავშირებს? – დაფიქრდნენ ისინი და ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს. 1903 წელს სწორედ ამ სულისკვეთებით შექმნა შოტლანდიელმა მოძღვარმა და თეოლოგმა უილიამ ჰასტიმ ცნობილი ნაშრომი, რომელშიც რუმი ხაიამის ანტიდოტად წარუდგინა კონსერვატიულ, ღვთისმოსავ პუბლიკას.
მე-20 საუკუნის პირველი ნახევარის ბოლოს კი დასავლეთევროპულ და ამერიკულ ეკლესიას უკვე კარგად ჩამოყალიბებული, დადებითი დამოკიდებულება ჰქონდა რუმის პოეზიისადმი. მაგალითად, დომინიკანელმა ბერმა, სიპრიანე რაისმა ვატიკანის Nihil Obstat-ი, ანუ ცენზორული ნებართვა დაიმსახურა თავისი ნაშრომისათვის – „სპარსელი სუფიები“, მასში რუმის ეკუმენისტური სულისკვეთება ერთგვარად შერწყმულია კათოლიკური ეკლესიის ქრისტიანულ დოგმატიკასთან. „სპარსული სუფიზმი, განსაკუთრებით კი რუმი, შესაძლებლობას იძლევა აღმოსავლეთისა და დასავლეთის რელიგიური შეხედულებების დაახლოებისა და შერწყმისათვის“ – წერდა რაისი 1964 წელს.
„სხვა რელიგია, გარდა ღმერთისა“
შორს, მართლისა და მრუდეს მიჯნას თუ გადალახავ,
კეთილს და ბოროტს რომ გასცდები, ველია ერთი,
ყველას იქ ნახავ – იეჰოვას, ბუდას, ალაჰსაც,
იმ ველზე თურმე გველოდება ღიმილით ღმერთი.
თუმცა მე-19 საუკუნის დასაწყისში, როდესაც რუმის „მასნავის“ ეპიზოდების თარგმანები გამოჩნდა დასავლეთში, ცნობილმა ევროპელმა სწავლულებმა და ფილოსოფოსებმა ერთხმად დაასკვნეს, რომ რუმი ერთგვარ პანთეისტურ დოქტრინას ქადაგებდა. ცნობილი გერმანელი პროტესტანტი მოძღვარი და გავლენიანი თეოლოგი, აუგუსტ ტოლუკი ფართოდ განიხილავდა სუფისტურ ფილოსოფიას და თავად რუმის. ტოლუკი ფიქრობდა, რომ რუმი იყო წარმომადგენელი სამყაროს წარმოქმნის მანიქეისტური მოძღვრებისა, რომლის თანახმადაც მატერიალურ სამყაროს დატყვევებული ჰყავდა ადამიანის სული. განსაკუთრებით სახიფათოდ ეჩვენებოდა რუმის კონცეფცია ლოცვის შესახებ, სადაც პოეტი ყოველ ლოცვას თავად ამ ლოცვის პასუხად მიიჩნევდა. ასე რომ, როგორც თავის დროზე შაჰინშაჰმა ბაჰრამმა ცოცხლად გააძრო ტყავი წინასწარმეტყველ მანის მსოფლიო რელიგიის ქადაგების შესაჩერებლად, ტოლუკმა ქრისტიანულ თეოლოგიურ სამყაროს ამცნო რუმის ანტიდოგმატური გავლენის საფრთხეები.
ტოლუკისაგან განსხვავებით, რუმის პანთეისტურმა მოტივებმა აღაფრთოვანა ჰეგელი და არაერთხელ გამოიყენა კიდეც თავის ფილოსოფიურ დისკუსიებსა და ნაშრომებში პანთეიზმის შესახებ. მას განსაკუთრებით მოსწონდა რუმის თეორია სიყვარულით მიღწეულ სულების ერთიანობაზე. უფრო მეტიც, მიიჩნევენ, რომ ჰეგელის ისტორიული დიალექტიზმის საფუძველი სწორედ რუმის ფილოსოფიაა. ალბათ ერთგვარად ნიშანდობლივი იყო ის ფაქტიც, რომ ირანის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები რუმის „აღმოსავლეთის ჰეგელს“ უწოდებდნენ.
მე წუხელ, ღამით
გონების სიმთ შევუშვი ხელი,
და გავხდი ხელი.
და სიყვარულმა,
რომ შენიშნა ნათელს ვტოვებდი,
მითხრა: „მოვედი“.
(რუმი, „არაფერია სამყაროში უსიყვარულოდ“)
1994 წელს, 90 წლის იუნგიანელმა ფსიქოანალიტიკოსმა და ფსიქოთერაპევტმა ჰელენ ლიუკმა პირველად აღმოაჩინა რუმი. აღმოაჩინა და შეძრა რუმისეული ფსიქოანალიტიკის სიღრმემ, ადამიანის არაცნობიერისა და ცნობიერის ღრმა და საფუძვლიანმა ცოდნამ. დაუძლეველი სურვილი გაუჩნდა, შეექმნა ნაწარმოები რუმის „მასნავში“ აღწერილ, ჭაში მჯდომ მონსტრზე, მაგრამ სიკვდილმა მოუსწრო...
ერიხ ფრომი კი შესანიშნავად იცნობდა რუმის. მაისტერ ეკჰარტს ადარებდა, დიდ გერმანელ ფილოსოფოსს, თეოლოგსა და მისტიკოსს, წინასწარმეტყველ მანივით ერეტიზმისათვის გასამართლებულს. მაგრამ მიაჩნდა, რომ რუმი უფრო თავისუფალი იყო ტრადიციებისა და ეროვნულობის ჩარჩოებიდან. უფრო ყოვლისმომცველი და უნივერსალური.
„რუმის მოძღვრება აიძულებს მისტიკას, რომ გაცდეს ღმერთთან ერთობის ჩარჩოებს და მიზნად დაისახოს სიცოცხლესთან ერთობა“, – წერდა ფრომი. დიდი ფსიქოანალიტიკოსი, რომელმაც ჯერ კიდევ 1932 წელს იწინასწარმეტყველა გერმანიაში ჰიტლერის გამარჯვება, მიიჩნევდა, რომ რუმის შემოქმედება წარმოადგენდა ჰუმანიტარული რენესანსისა და საყოველთაო რელიგიური ტოლერანტობის საფუძველს, რადგან მისი მთავარი ფილოსოფიური კონცეფცია სიყვარულს განიხილავს, როგორც ფუნდამენტურ შემოქმედებით ძალას.
„ღერძის გარშემო უსასრულო ბრუნავს სამყარო“...
ლეგენდის თანახმად, ერთხელ რუმი კონიის ქუჩებს მიუყვებოდა და შემთხვევით ოქრომჭედელთა