წინათქმა
ვუძღვნი ჩემს მეუღლეს, თამარს, შვილებს, ნინოს, გივის და შვილიშვილ ლევანს
წარმოდგენილი კრებული მოიცავს მწერლის ლიტერატურული შემოქმედების ვრცელ პერიოდს, დაწყებულს გასული საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან დღემდე. ეს არის დიდი გარდატეხის და მძიმე განსაცდელის ხანა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. თანამედროვე მსოფლიო, თავისი კატაკლიზმებით, მძაფრად შემოიჭრა ძველ სამყაროში. მწერლის ლიტერატურული ტექსტი არათუ ასახავს ამ ისტორიულ მოვლენებს, გარდატეხილს ინდივიდუალური ცნობიერების პრიზმაში, თავისი ალეგორიული ფორმით წინასწარ ხედავს კიდევაც მათ (მოთხრობები: „მდგმურები“, „საით მივდივართ“, „პიკის საათი“...).
ცნობილი ქართველი კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე ჯუმბერ თითმერია აღნიშნავდა, რომ მამუკა დოლიძის პროზას აქვს თავისი ნიშა თანამედროვე ქართულ მწერლობაში. იგი გვთავაზობს მხატვრული ლიტერატურის განსაკუთრებულ სახეს, ე.წ. ფილოსოფიურ მოთხრობას, სადაც ლიტერატურული პირობითობა თავისუფლდება გარე სამყაროს დეტერმინიზმისგან და თავის თავს აჩვენებს როგორც წარმოსახვის ფენომენს. ალეგორიული ტექსტის მეშვეობით, სადაც საგნები და მოვლენები თამაშობს რეალურის და ირეალურის ზღვარზე, ავტორი ახერხებს გადმოსცეს ის იდეები და თემები, რაც თავის დროზე აკრძალული იყო ლიტერატურული ცენზურის მიერ.
საბოლოოდ კრიტიკოსი მიდის დასკვნამდე, რომ ლიტერატურული პირობითობა, რომელსაც მიმართავს მწერალი, მეტ გამომსახველობას და სიმძაფრეს ანიჭებს ჩვენს რეალობას, ჩრდილით მოცულს და სინათლით სავსეს, სადაც სიტყვა და სინამდვილე, წარმოსახვა და სიცხადე ერთ, განუყოფელ მთლიანობაში არსებობს.
წიგნში წარმოდგენილი მხატვრული ტექსტი პირობითად დაყოფილია ლიტერატურულ ციკლებად. ამ ციკლებში შესული მოთხრობები იბეჭდებოდა და იბეჭდება საქართველოს ცენტრალურ ჟურნალებსა და გაზეთებში: „ცისკარი“, „მნათობი“, „რიწა“, „განთიადი“, „ლიტერატურული საქართველო“, „კალმასობა“, „ლიტერატურნაია გრუზია“, „ისტოკი“ (მოსკოვი).
მოთხრობა – „ჩემი ბილიკით დიდგორებისკენ“ შესულია უახლესი ქართული პროზის ანთოლოგიაში (ტომი მე-2,
2010 წ.). მოთხრობები: „ თამაში“, „ სასახლე“ და „მოგზაურობა ალგეთის ხეობაში“, ითარგმნა გერმანულ ენაზე და დაიბეჭდა გერმანიაში, ქართული მწერლობის ანთოლოგიის კრებულში (გერმანია, აახენი, 2014 წ.).
წიგნში წარმოდგენილია მოთხრობა „მდგმურები“, რომლის მიხედვით შექმნილი პიესა „მდგმურები“, არაერთგზის დაიდგა თბილისში, საქართველოში და საზღვარგარეთ (გერმანიაში). პიესის მიხედვით მერაბ ჯაფარიძემ შექმნა ტელესპექტაკლი, გადაღებულ იქნა მხატვრული ფილმი (რეჟისორი დავით ჯანელიძე). 2013 წელს, პარიზში, პიესამ გაიმარჯვა დრამატურგიულ კონკურსზე „ევროდრამა“ (ინგლისურად თარგმნა მაია ყიასაშვილმა).
მწერალი და ლიტერატურის კრიტიკოსი გივი ჩხიკვიშვილი, ფაქტიურად აგრძელებს და ავითარებს ჯუმბერ თითმერიას აზრს წიგნში შესული მოთხრობების და ნოველების შესახებ. (იხ. გაზეთი „თბილისი“, 15/11 1991 წ.):
„...მამუკა დოლიძეს საკუთარი, განუმეორებელი სამყარო გააჩნია. ამ მხრივ მას ქართულ მწერლობაში ანალოგი ძნელად თუ მოეძებნება. მის შემოქმედებაში მხატვრული სიმართლე რეალურის და ირეალურის ორგანული სინთეზით იბადება.
მხატვრული სიმართლე მისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ცხოვრებისეულ სინამდვილეზე, რომელსაც მხოლოდ საწყისი ფუნქცია აკისრია და რაც ფართო გასაქანს აძლევს ავტორის დაუოკებელ ფანტაზიას. მისი შემოქმედებითი ხელწერისთვის ნიშანდობლივია არა ობიექტური რეალობის უშუალო ფიქსირება, არამედ ცნობიერებაში გარდატეხილი არსის წარმოჩენა. მწერალი საკუთარი მხატვრული სამყაროს განუყოფელი ნაწილია და ამიტომაც მისი თხრობის სტილი ერთგვარი პირობითობით, სუბიექტურობის ნიშნით ხასიათდება.
სატირიკოსის ნიჭი მწერალს საშუალებას აძლევს ფართოდ და შეუზღუდავად გამოიყენოს პაროდიის, ჰიპერბოლის, გროტესკის ხერხი. ამით იგი ამა თუ იმ გმირის შინაგან სამყაროს, სულის იდუმალ მოძრაობას წარმოაჩენს. სატირულად აღქმული (ჰიპერბოლიზებული) ქვეცნობიერი ნაკადი სიღრმისეულ წვდომას, ფილოსოფიურ განზოგადებას განაპირობებს.
მამუკა დოლიძის მოთხრობების აღქმა სათანადო მზადყოფნას მოითხოვს მკითხველისაგან. მისი სახით ქართულ მწერლობას ჰყავს დიდი შესაძლებლობების, ფრიად განსწავლული და ორიგინალურად მოაზროვნე მწერალი.
ამაში ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი მკითხველიც დარწმუნდება, როცა მის მოთხრობათა კრებულს გადაშლის. სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები (დეტექტივი, ფსიქოლოგიური პროზა, ალეგორიული ნოველები და ა.შ.) თანამედროვე გმირის რთულ და წინააღმდეგობით აღსავსე სამყაროს უჩვეულო, არატრადიციული ფორმით გვაცნობს.
ნოველები და მოთხრობები: „თამაში“, „ოდელია“, „ტიციანი“, „რა მოხდა ეგვიპტეში“ და სხვები, დაკვირვებულ მკითხველს საინტერესო მწერალთან შეხვედრის სიამოვნებას პირდება. კრებულში შემავალი ყოველი ნაწარმოები დაფიქრების და განსჯის საშუალებას იძლევა.
სწორედ ამით იმსახურებს მამუკა დოლიძის წიგნი კრიტიკოსთა ყურადღებას. იმედია, ის ჩვენს დაძაბულ დროში გაიკვლევს გზას მკითხველთა გულებისკენ და ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ქართულ ლიტერატურაში“.
ავტორისთვის ფასდაუდებელია ეს კრიტიკული შეფასებები და მნიშვნელოვანია ყოველი გამოხმაურება მის ახალ კრებულზე.
იგი მადლობას უხდის ყველას, ვინც დაეხმარა მას ტექსტის საგამოცემად მომზადებაში.
განსაკუთრებით მადლობის ღირსია გამომცემლობა „ინტელექტი“, რომლის ხელშეწყობის გარეშე გაძნელდებოდა ამ წიგნის მკითხველის სამსჯავროზე გამოტანა.