თოვლის გამყიდველი მე ვნახე გუშინ თოვლის გუნდის გამყიდველი. კაცი, რომელიც ყიდდა თოვლს.
მე ვნახე გუშინ თოვლის გამყიდველი. კაცი, რომელიც ყიდდა სიცივეს.
მე ვნახე გუშინ თოვლის გამყიდველი. კაცი, რომელიც ყიდდა დარდს და ეს დარდი ზომების მიხედვით დაელაგებინა თან.
მე ვნახე გუშინ თოვლის გამყიდველი, დარდის და სევდის გაუზიარებელი კაცი, რომელიც ყიდდა გუნდას, სავსეს ცრემლით და თოვლის უმანკო ფიფქებით.
მე ვნახე კაცი, მთლიანად თოვლი, რომელმაც დაჰყო საკუთარი ცხოვრება თოვლის გუნდებად ზომების მიხედვით.
მე ვნახე კაცი, თოვლი კი არა, არც თოვლის პაპა, არც სიხარული. არა, ვნახე კაცი, რომელმაც, უბრალოდ, თოვლის გუნდა იკმარა.
მე ვნახე კაცი, რომელიც ყიდდა თოვლს. რომელიც ყიდდა ნამს, წვიმას, ქარს და მზეს, მოქცეულს თოვლის გუნდაში.
მე, უბრალოდ, ვიხილე თოვლის გამყიდველი კაცი!
და მე, უბრალოდ, ვიხილე კაცი, კაცი, რომელიც იმედის ქათქათა გუნდებს აგროვებდა პატარებისათვის და ზომების მიხედვით აწყობდა, რათა პატარებს ხელები არ გაჰყინვოდათ...
მე, უბრალოდ, ვიხილე თოვლის, სევდის და თეთრი იმედის გამყიდველი კაცი!