მეწამული
პლანეტა მარსი გვეძღვნება ღამურებს, ლიბერალებს,
კონსერვატორებს, პოლიტკორექტურულებს,
არაპოლიტკორექტურულებს,
გლობალისტებს, ანტიგლობალისტებსა
და პატარა ქვეყნების შვილებს
გიორგი „მახვშის“ მაღალ, სარწეველა სკამზე იჯდა და მარსის მოწითალო, ერთფეროვან უდაბნოს გაჰყურებდა. ეს სკამი, სახელურებზე არწივის თავებით, ფეხებზე არწივისვე ბრჭყალებით, საზურგეზე, ზედ თავთან, შარავანდედივით ამოზრდილი ბორჯღალოს წრებრუნვით, ვაზის მოჩუქურთმებული მტევნებითა და ასომთავრული წარწერებით, ტკივილამდე მშობლიური იყო. სკამის მოდელი ჯერ კიდევ შორეულ 2085 წელს დააპატენტა ლოკალური მნიშვნელობის დიზაინერმა ფრიდონმა, რატომღაც „მახვშის“ უწოდა და ზუსტად ერთ წელიწადში, 3D პრინტერებზე 300 მილიონი ეგზემპლარი ამობეჭდა. ქართული სარწეველა სკამი იაპონიიდან ჩილემდე და კანადიდან ავსტრალიამდე დედამიწის ალბათ ყოველ მეათე ოჯახში იდგა. მას შემდეგ ფრიდონს ღირებული არაფერი შეუქმნია, მაგრამ „მახვშის“ სკამი საკმარისზე მეტი აღმოჩნდა, რომ დიდძალი საჭურჭლე მოეხვეჭა და ყველაზე ცნობილი თოქ-შოუების – „საფიხვნოების“ მუდმივი სტუმარი გამხდარიყო.
გიორგი მალე მეოთხე ათეულს გადააბიჯებს და რაც თავი ახსოვს, ახსოვს ეს სკამიც. ახსოვს, პირველად როგორ აფოფხდა და მანამდე დაუძლეველი წინააღმდეგობა ალპინისტის სიჯიუტით გადალახა. მახვშის სკამზე მოკალათდა და გიორგი ბაბუასავით (მექანიკური მოძრაობით) ტელევიზორი ჩართო. სრული ბედნიერებისთვის ეკრანზე ანიმაციური ფილმის ნაცნობი პერსონაჟები უნდა გამოჩენილიყვნენ, მაგრამ არ გაუმართლა და დაძაბული, ავის მომასწავებელი, ენერგიული მუსიკის თანხლებით საინფორმაციო გამოშვება დაიწყო. პატარა გიორგის ესეც მოეწონა. მაშინ მართლა გიორგი ბაბუასავით იჯდა, წამყვანის დაყენებულ ხმას ვითომ ინტერესით უსმენდა და ეგონა, რომ უკვე დიდი იყო. მერე დიდი გიორგი შემოვიდა, გაეღიმა, მიუახლოვდა და თავზე აკოცა. ის, ვითომ ჩვეულებრივი დღე დაბრუნდებოდეს და გიორგი ცხოვრების დარჩენილ, სიგიჟითა და ლანდებით სავსე წლებს გაცვლიდა, დაუფიქრებლად. მით უმეტეს, რომ სუიციდური ფიქრები ისედაც არ შორდებოდნენ, მას შემდეგ, რაც კოსმოსური ხომალდი გაფუჭდა და ამ უკაცრიელ, სისხლისფერ, ბოროტ პლანეტაზე მარტო დარჩა. პლანეტაზე, რომელსაც ორი თანამგზავრი ჰყავს: ფობოსი და დეიმიოსი – შიში და ძრწოლა...
დედამიწა – ახლა, როცა უკაცრიელ მარსზეა, ხვდება ამ საოცარი, ქართული სიტყვის ძალას. მშობელი პლანეტა და მისი მუდმივი თანამგზავრი მთვარე, მთოვარე ვერცხლისფრად რომ ღებავს მიწის ფერად ზედაპირს, პოეტების, რომანტიკოსების, შეყვარებულებისა და შეშლილების მესაიდუმლე – „მთვარით ნაფენს, არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს“... ფობოსი და დეიმიოსი, შიში, ძრწოლა და მარტოობა...
გიორგიმ რობოტი დისტანციური მოწყობილობით ჩართო. რობოტი მთვარისფერია, ადამიანის ანატომია აქვს, კარბონის ჩოხა აცვია, მთიულური ფაფახი ახურავს და სრულიად მარტო, მრავალხმიან სიმღერებს შემოსძახებს ხოლმე. ჩაკრულოს ფონზე რობოტი მტკიცე, ლითონისებური ხმით მონოლოგს იწყებს:
მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ მთვრალი: მარიხუანით, ღვინით, ყაყაჩოებით, სიყვარულით, სიმღერით, როკვით, სიძულვილით, თავგანწირვით, ამბიციებით, ილუზიებით, სიხარბით, ოცნებებით, მონატრებით... მე არ შემიძლია ვიყო ფხიზელი გენეტიკურად, აღზრდით, გამოცდილებით, ბიოგრაფიით და მე არ შემიძლია მარტოობა... სამოთხე მარტოობაში იყო ჯოჯოხეთი და ამიტომ აირია ყველაფერი ღვთაებრივი წესრიგითა და დრამატურგიით...
* * *
გავა დრო, მომდევნო ქართული ექსპედიცია ჩამოვა მარიხზე, იპოვნიან რობოტს და ჩართავენ. „ვახტანგი“ გიორგის ჩანაწერებით ამეტყველდება და მოჰყვება კოსმოსური მარტოობის არნახულ ამბავს, რადგან რობინზონ კრუზოს ცხოვრება, ამასთან შედარებით ერთი დიდი „ფართია“, თუ ძველმოდურები ვიქნებით და „წვეულებას“ არ ვიტყვით. გიორგი კი ძველი ყაიდის კაცია, იცის რომ „ფართი“ სასაცილოდ ჟღერს და ახალ თაობას ღიმილს ჰგვრის, მაგრამ ვერ გადაეჩვია. თვითონაც ზუსტად ასე ეღიმებოდა, როცა გიორგი ბაბუა „ტოს“ ამბობდა, „ვეჟოს“ ნაცვლად.
მეორე წელი იწურება, იწურება ღვინის, თრიაქისა და ბორჯომის მარაგიც. თუმცა, ბორჯომი რად უნდა, როდესაც ნაბახუსევზე აღარ იქნება. უკანასკნელი 100-ლიტრიანი ბოცა ნახევრამდე ჩამოიცალა. „ეს ქვიშის საათია, დარჩენილი სიცოცხლის ამთვლელი, უფრო სწორად ჩამომთვლელი“. – ეუბნებოდა გიორგი რობოტს. ლითონის „ვახტანგი“ უსმენდა და იწერდა ბოდვაში გადასულ სიტყვებს. „შევსვამ უკანასკნელ წვეთებს და ჩემი უცნაური ცხოვრებაც დასრულდება, ზუსტად ვიცი, ასე მოხდება. შაგრენის ტყავივითაა, მაგრამ შაგრენი ათასჯერ იღბლიანი იყო. ჩემი საათი სურვილებს ვერ მისრულებს, პირიქით, აუტანლად მიმძაფრებს და არ დაგავიწყდეს, ბალზაკის გმირი დედამიწაზე მოკვდა, მშობელი მიწის წიაღში“. – განაგრძობდა გიორგი.
* * *
ყოველ დილას ნაბახუსევზე იღვიძებდა, ტუტანჰამონივით გამომშრალი. „სარკოფაგიდან დგება მუმია, რა სიჩუმეა“ – ეს ლექსი გალაკტიონმა თითქოს გიორგიზე დაწერა, გალაქტიკური ხილვებისას. ხელის ცეცებით ბორჯომის ბოთლს მოძებნიდა, ბოლომდე აშრობდა და უკიდეგანო სიჩუმეს უსმენდა. მერე ჩიბუხს მარიხუანით გატენიდა და რეალობის შეგრძნების დაკარგვამდე ეწეოდა.
გიორგი სარკის წინ დგებოდა, თუ ადგომა შეეძლო. პრიმიტიული და ჯადოსნური საგანი კოსმონავტს მარტივ, ნამდვილ გამოსახულებას აჩვენებდა. ასე ნაცნობი, 40 წლის ასაკში გაჭაღარავებული, სახედაღარული, დაღლილი