1. – დამჩეხე.
შავთმიანმა ბიჭმა წითელთმიანს ახალთახალი ბარი მიუგდო ფეხებთან და მუდარით შეხედა.
– გეხვეწები, დამჩეხე.
– რას ბოდავ?
– გეხვეწები, მერე ინანებ, რომ არ ქენი. დამჩეხე. თავს გავიყუჩებ და ვერაფერს ვიგრძნობ.
იარაღს ოთხთითიანი ხელი მოუჭირეს და ისევ გაუშვეს.
– არა.
შავთმიანმა თვალები დახუჭა, ჟრუანტელმა დაუარა.
ბნელდებოდა. ბარი ვერცხლისფრად ბზინავდა. ცივმა სიომ დაუბერა. ისინი ბაბუაწვერების მინდორზე იდგნენ. რამდენიმე კილომეტრის რადიუსზე კაციშვილი არ ჭაჭანებდა.
წითელთმიანი სევდიანად უყურებდა მის წინ აღმართულ გამხდარ სილუეტს, რომელსაც სულ რამდენიმე თვის წინ ფეხები ტირილით დაუკოცნა.
ახლა შავთმიანს პირიდან მომწვანე სითხე ჩამოსდიოდა. ხელით მოიწმინდა, გააჟრჟოლა.
– ფაქტობრივად, სატანა ვარ, შეჩემა, ვერ ხედავ?
– არადა, გიხდება, – უთხრა წითელთმიანმა ნერვიული ღიმილით.
შარფი მჭიდროდ მოიხვია, ჩაიმუხლა, მეგობარს პირდაპირ თვალებში ჩახედა და წითელთმიანი მიხვდა, რომ მის წინ მყოფი არსება ადამიანი აღარ იყო.
შავთმიანმა, რაც შეეძლო, ფართოდ დააღო პირი და უხმოდ დაუღრიალა.
5 წლის შემდეგ
მაგიდას ვუსხედით მე, ბებიაჩემი და დედაჩემი.
მათთან დროის გატარება მსიამოვნებდა, მაგრამ რაღაც მაინც მაწუხებდა. ხან მარჯვენა ყურში ჩამჩურჩულებდნენ, წადიო, ხან მარცხენაში. და მე ისევ ვიჯექი. ნიკაპი ხელზე მქონდა ჩამოყრდნობილი და ფანჯრიდან ვიყურებოდი.
ბებიაჩემთან არასოდეს არაფერი ხდებოდა. შემეძლო საათობით ვმჯდარიყავი თბილ ლოჯიაში და უშნო მაგიდის გადასაფარებელზე გამოსახულ ორნამენტებში ჩავკარგულიყავი. ყოველ ამოსუნთქვაზე უფრო და უფრო ღრმად ვიძირებოდი, ცოტაც და გადასაფარებლის ნაწილი გავხდებოდი, ერთ-ერთი ნაცრისფერი ხვეული.
ყოველი წამი უფრო მაქვავებდა.
რას ელოდები? – მკითხა ხმამ. მივხვდი, რომ არაფერს. ტეხავს, როცა არაფერს ელოდები. მინის ანარეკლში ჩემს მოწყენილ თვალებს ავხედე. ხელი ავწიე და ანარეკლმაც ასწია, ცივ ცხვირს შევეხე და ანარეკლიც შეეხო.
თეფშზე წითელი, გულის ფორმის მარმელადი იდო. ზუსტად ცენტრისკენ გავაჩოჩე, პირი ახლოს მივუტანე და ზემოდან დავაორთქლე. მთლიანად შაქარი იყო, წითელი შაქარი.
ბებიაჩემი რაღაც წიგნს კითხულობდა, გარეკანზე თავმოგლეჯილი, წელსზემოთ შიშველი კაცი ეხატა და წითელი ასოებით ეწერა – „მაქცია ჯეკი“.
თვალები დავხუჭე, მეგონა, ჩემი სახე წვეთავდა და მარმელადიანი თეფში ივსებოდა. ნელ-ნელა, შეუმჩნევლად ვკარგავდი სახეს. შუბლზე ვიღაცის თბილი ხელის შეხება ვიგრძენი.
– სიცხე გაქვს?
ბებიაჩემს სწრაფად მოვუჭირე ხელი და არ ვუშვებდი.
– დეა, მტკივა! რა დაგემართა?
დედაჩემი ფიქრებიდან გამოერკვა და სიგარეტის ღერი ლამბაქზე ჩააქრო.
– მგონი, დროა, წავიდეთ. შენც ხომ გასასვლელი ხარ სადღაც, დეა? – მკითხა.
ბებიას ხელი გავუშვი და ოთახში გავიარ-გამოვიარე.
– არ ვიცი ზუსტად, გავარკვევ.
აბაზანის კარი მოვხურე, ხელი წყალს შევუშვირე და სახეზე დიაგონალურად ჩამოვისვი. ადრე ვიღაცამ მითხრა, თავის ტკივილის აჩერებსო. ვინ იყო, არ მახსოვს. მგონი, სიზმარი იყო. უკან დავიხიე და აბაზანის კიდეზე ჩამოვჯექი.
ისევ ვდნებოდი, ოღონდ, ამჯერად, მთელი ტანით. ცოტა დამღლელი იყო ყოველდღე დნობა. თავიდან საინტერესო მეჩვენებოდა, მაგრამ მალევე მომბეზრდა.
ჩემი წვეთები იატაკს მიუყვებოდა და კედლებზე ადიოდა. ნელა, ვითომც აქ არაფერი. მერე რა, თუ დეა დადნება. ისედაც უაზრო ტიპია. ერთი მაგისიც.
ჭაღს ავხედე, კარგად დავფიქრდი და ღრმად ჩავისუნთქე.
– წავიდე?
ლოჯიაში დავბრუნდი, ბებიაჩემს ჩავეხუტე და მის მხარს ზემოდან დავინახე, რომ მარმელადი ისევ თეფშზე იდო. მივუახლოვდი, თითი აღვმართე, რბილში ჩავარტყი და ნაწილებად დავჩეხე.
თავისუფლების მოედანს წრე დავარტყით. ლამაზი, ყვითელი პულოვერი მეცვა, შავი ფიფქები ეხატა, სამშაბათს მას ოთხი ძაღლი დაგლეჯდა.
მანქანის დაორთქლილ მინაზე მზეს ვხატავდი, როცა მოწყვეტით გავჩერდით. პატრულმა გაგვაჩერა. ვიღაც იდიოტი ბიჭი გადმოვიდა, ქუდი დაიხურა და უაზრო ღიმილით შემოიჭყიტა. დედაჩემის ადგილზე ერთი გემრიელად ავარტყამდი სიფათში.
ერთ-ერთი ფარი გადაგვწვოდა. დედაჩემს საბუთები გამოართვა და ჯარიმის გამოწერა დაიწყო. პოლიციელისთვის თვალი არ მომიშორებია. მინდოდა, შემოეხედა და დაენახა, როგორი სიძულვილით ვუყურებდი, მაგრამ ერთხელაც არ შემოუხედავს.
– რამდენია ჯარიმა? – ვკითხე დადაჩემს განრისხებულმა.
– ათი ლარი. ცოტაა, არა?
– ცოტაა?! რა ტოცა?! ფულიხვეტიები არიან და შენ კიდევ უღიმი და... უღიმი!
დედაჩემმა გამიღიმა, მანქანა დაძრა და წავედით.
რადიო ჩავრთე და ყველაზე წყნარი მელოდია მოვძებნე.
– მალე გათოვდება, შეიძლება, ამ საღამოსაც, – დედამ ცას ახედა და თვალები მოჭუტა.
– დედა, გზას უყურე რა, გეხვეწები.
ქუჩებს ჯერ კიდევ შემორჩენოდათ საახალწლო მოსართავები. ისე საშინლად გამოიყურებოდა, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ყველა განათებულ ბურთზე ცალ-ცალკე ჩამოვიხრჩობდი თავს.
ამ დროს, ჩემს თავზე შავი ღრუბელი შევნიშნე. დანარჩენი ღრუბლები ქარს მიჰყვებოდნენ, მაგრამ ეს არა. თავისი რიტმი ჰქონდა – ჩემი რიტმი.
მანქანის მინა ბოლომდე ჩამოვწიე და თავი გადავყავი. კისერი მოვღრიცე და თვალები ავატრიალე.