შესავალი ამბობენ, თავიდან აფრიკიდან შემოიჭრა საბრალო მონების მოთქმა-ვაებასთან ერთადო; ტაინოს*1 ტომების მომაკვდინებელი წყევლა იყო, რომლითაც ახალი სამყარო შეაჩვენეს თავიანთი ძველი სამყაროს დაქცევის გამოო; ის სატანა ბრძანდებოდა, „დაბადებაში“ რომ შესისინდა ანტილის კუნძულებთან მაჯლაჯუნებისაგან დამცავი ზღუდის შელეწვისასო. მოკლედ, ეგ Fukú americanus ანდა, შინაურულად, უბრალოდ fukú*2, ზოგადად, ნებისმიერი სახის წყევლასა და კრულვას ნიშნავს, უფრო ზუსტად კი – ახალი სამყაროს წყევლა-კრულვას. ხანაც „ადმირალის fukú-თიც“ იხსენიებენ ხოლმე, რადგანაც ადმირალი*3] მისი ბებიაქალიც გახლდათ და მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპელი მსხვერპლიც: მიუხედავად იმისა, რომ ახალი სამყარო „აღმოაჩინა“, უბედურს, გაჭირვებაში აღმოხდა სული; თანაც, ათაშანგით დასნებოვნებულს (სავარაუდოდ), ანგელოზების გალობაც ჩაესმოდა დაწყლულებულ ყურებში. სანტო-დომინგოში, ანუ იმ მიწა-წყალზე, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა (და რომელსაც ოსკარმა ბოლოს ახალი სამყაროს „დასაბამი“ უწოდა), მისი სახელი ყველა სახის fukú-ს – მცირედისა თუ მასშტაბურის – სინონიმად იქცა. ეგ სახელი თუ ახსენე ან თუნდაც გაიგონე, დიდ უბედურებას მოსწევ საკუთარ თავსა და შენიანებს.
ისე, რა მნიშვნელობა აქვს, რას დაარქმევ ანდა თავად სიტყვა საიდან მოდის; მთავარი ისაა, რომ, ყველას აზრით, ევროპელების შემოჭრამ ესპანიოლაში მაგ ოხერ fukú-ს საბელი ახსნა და მას მერე ყელამდე ქაქში ვსხედვართ. სანტო-დომინგო, შეიძლება ითქვას, fukú-ს ნულოვანი მერიდიანია, მისი პორტალია, ჰოდა, ჩვენ ყველა, ვხვდებით თუ ვერ ვხვდებით, მისი მონაგარი ვართ.
მაგრამ fukú ძველი ზღაპარი ანდა ის მონაჩმახი არ გეგონოთ, რომელიც საშიში აღარ არის. ჩემი მშობლების თაობისთვის ისეთივე რეალური და თვალშესახები იყო, როგორიც მათი საკუთარი განავალი. ყველა იცნობდა თითო ისეთ ადამიანს, რომელიც fukú-მ მოინელა; სხვათა შორის, ზუსტად ისევე, როგორც თითო ისეთს მაინც, Palacio-ში რომ მუშაობდა. fukú-ს არსებობა ჰაერშიც კი ზუსტად ისევე იგრძნობოდა, როგორც კუნძულზე მომხდარი ნებისმიერი მნიშვნელოვანი მოვლენისა. თუმცა, ხალხი ამაზე ლაპარაკს ყოველთვის გაურბოდა. იმხანად fukú ბოლომდე გაიფურჩქნა, საკუთარი აგენტიც კი (რაღაც ქურუმისა თუ მღვდელმთავრის მსგავსი) გაიჩინა ჩვენი იმდროინდელი სწორუპოვარი დიქტატორის, რაფაელ ლეონიდას ტრუხილიო მოლინას სახით( იმათ საყურადღებოდ, ვისაც დომინიკელთა ისტორიის სასკოლო პროგრამის სავალდებულო ორი წამი გამორჩა, ვიტყვი, რომ ეგ ტრუხილიო (მეტსახელად „El Jefe“ (შეფი), „ცხენიპარია“ ან სულაც „ყბატრაკა“) – XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ავადსახსენებელი პირსისხლიანი დიქტატორი – დომინიკელთა რესპუბლიკას 1930-დან 1961 წლამდე აღვირახსნილი სისასტიკით მართავდა. ერთი გაზულუქებული, დონდროხა, ღორისთვალება მულატი ბრძანდებოდა, რომელიც ფერ-უმარილით ითხიპნებოდა (ვინძლო თეთრი გამოვჩნდეო), პლატფორმიან ფეხსაცმელს იცვამდა და ნაპოლეონის ეპოქის გალანტერეას ეთაყვანებოდა. ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ, სოციალურ თუ ეკონომიკურ ასპექტებს ძირისძირობამდე აკონტროლებდა ძალაუფლების ოსტატურად შეზავებული (და ძალიან ნაცნობი) კოქტეილით: ძალმომრეობით, დაშინებით, მკვლელობით, გაუპატიურებით, გადაბირება-გადმობირებითა და საყოველთაო ტერორით. მოკლედ, ქვეყანა საკუთარი პლანტაცია ეგონა და თავი – გაპარპაშებული პლანტატორი. ერთი შეხედვით, სტერეოტიპული ლათინურამერიკელი caudillo (ლიდერი) იყო, მაგრამ ისეთი უსაზღვრო ძალაუფლებით სარგებლობდა, არც ერთ ისტორიკოსს თუ მწერალს რომ არ აღუწერია; აღუწერია კი არა და წარმოდგენითაც ვერ წარმოიდგენდა, მე ასე ვიტყოდი! ჩვენი საურონი იყო, ჩვენი არაუნი, ჩვენი დარკსაიდი*4], ჩვენი უკუნითი უკუნისამდე დიქტატორი! ისეთი ურჩხული ბრძანდებოდა, იმდენად თახსირი და შესაზარი პერსონაჟი, მსგავსის აღწერის ტრაკი გამოცდილ sci-fi მწერალსაც რომ არ ექნება! საკუთარი სახელის უკვდავსაყოფად დომინიკელთა რესპუბლიკაში ყველა ტოპონიმი თუ ორიენტირის სახელი შეცვალა (პიკო დუარტე „პიკო ტრუხილიოდ“ აქცია, სანტო-დომინგო გუზმანი – ახალი სამყაროს პირველი და უძველესი ქალაქი – „სიუდად ტრუხილიოდ“, ანუ „ტრუხილიოს ქალაქად“ მონათლა); იმითაც გაითქვა სახელი, რომ ნაციონალური პატრიმონიუმის ყოველი გოჯის მონოპოლიზაცია მოახდინა (რამაც ძალიან მალე პლანეტის უმდიდრეს კაცად აქცია); მთელ ჰემისფეროში ყველაზე დიდი და ძლევამოსილი არმია შექმნა (ბომბდამშენთა ესკადრილიაც კი ჰყავდა, მაგ დედააფეთქებულს, მაგას!); მთელი საქალეთი გადახნა, საკუთარი ხელქვეითების ცოლების ჩათვლით (ერთი ლამაზი ქალი არ გაუშვია, ათასობით და ათიათასობით იხმარა); თავისი pueblo-საგან (ხალხისაგან) აბსოლუტურ გაღმერთებას მოელოდა, უფრო სწორად, მოითხოვდა (ძირითადი ნაციონალური დევიზი Dios y Trujillo, ანუ „ჩვენთან არს ღმერთი და ტრუხილიო“ იყო); ქვეყანას ისე მართავდა, როგორც საზღვაო ქვეითების საწვრთნელ ბანაკს; მტერსა და მოყვარეს ერთნაირად ყვლეფდა ან სრულიად უმიზეზოდ ითხოვდა სამსახურიდან. რაც მთავარია, ზებუნებრივი უნარებითაც გამოირჩეოდა.
მისი საგმირო საქმეებიდან ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებად ითვლება 1937 წელს მოწყობილი ადგილობრივ ჰაიტელთა და დომინიკელ ჰაიტელთა გენოციდი; აშშ-ის მხარდაჭერით, მთელ დასავლეთ ნახევარსფეროში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და კატასტროფული დიქტატურის დამყარება (და თუ ჩვენ, ლათინოსები, რაიმეში დავოსტატდით, აშშ-ის მხარდაჭერით დამყარებული დიქტატურის მორჩილება და დათმენა იყო, ასე რომ, თქვენთვის, ალბათ, უკვე ცხადია, რის ფასად მოვიპოვეთ თავისუფლება. ჩილელებმა და არგენტინელებმა