თავი პირველი
ძვირფას სასკიას:
მუდამ ამაყად ატარე შენი ზოლიანი კოლგოტი
ულვაშით მივხვდი, რომ ინგლისში აღარ ვიყავი: მოზრდილი, ნაცრისფერი ყურბელა ( ყურბელა – მრავალფეხა მოშავო-მოყავისფრო ჭია.) მამაკაცის ზედა ტუჩს მაგრად ჩაჰფრენოდა; ასეთი ულვაში სოფლის ხალხსა და კოვბოებსაც აქვთ, მინიატურული ცოცხი, რომელიც გეუბნება, ჩემი პატრონი საქმიანია, ასეთ ულვაშს ყველგან ვერ ნახავო. თვალი ძლივს მოვაშორე.
– მემ?
ერთადერთი ულვაშა, ვინც ჩემს ქალაქში მყავდა ნანახი, მათემატიკის მასწავლებელი, მისტერ ნეილორი იყო და ისიც მონელების ხელშემწყობი ორცხობილის ნამცეცებს აგროვებდა იმ ულვაშებში – მერე კი ალგებრის გაკვეთილზე ბავშვები ვითვლიდით.
– მემ?
– ოჰ. ბოდიშს ვიხდი.
უნიფორმიანმა კაცმა კოტიტა თითით წინ გამიხმო. მონიტორიდან თავი არც აუწევია. ჯიხურთან ვიცდიდი, კარგა ხნის მოდენილი ოფლი კი ტანსაცმლის შიგნიდან ნაზად მაშრებოდა. ხელი ასწია და ოთხი მსუქანა თითი აქეთ-იქით გადააქნია. მივხვდი, პასპორტს მთხოვდა.
– სახელი.
– წერია, – ვუპასუხე.
– თქვენი სახელი, მემ.
– ლუისა ელიზაბეტ კლარკი, – გადავიჭყიტე დახლს მიღმა, – თუმცა, ელიზაბეტს არავინ მეძახის. ეს სახელი რომ დამარქვეს, დედაჩემი მიხვდა, რომ ლუ ლიზი გავხდებოდი. ნახეთ, სწრაფად თუ იტყვით, „ლუნესი“( Lunacy – (ინგ.) ფსიქოზი, შეშლილობა, სიგიჟე.) გამოდის. მამამ თქვა, შესაბამისობის საკითხიაო. განა იმას ვამბობ, რომ ფსიქოზი მჭირს. უბრალოდ, ასეთი ხალხი არ დაგჭირდებათ თქვენს ქვეყანაში. ჰაჰ! – ჩემი ხმა ნერვულად სხლტებოდა „პერსპექსის“( ორგანული მინა.) ტიხარზე.
როგორც იქნა, შემომხედა. ფართო მხრები ჰქონდა, მზერა კი „ტეიზერივით“ (ელექტროშოკური პისტოლეტი, რომელიც სამიზნის პარალიზებას იწვევს.) მახვილი. არ გაუღიმია. პირიქით, ჩემი ღიმილის ჩაკვდომას დაელოდა.
– უკაცრავად, – ვუთხარი მე, – უნიფორმიან ხალხს რომ ვხედავ, ნერვიულობას ვიწყებ.
უკან მივიხედე. საიმიგრაციო დარბაზში რიგი გველივით მოიკლაკნებოდა და იმხელა გამხდარიყო, რომ ხალხის უსასრულო ზღვაში გაღწევა შეუძლებლად მომეჩვენა.
– თავს ცოტა ზედმეტად ვგრძნობ. გულწრფელად გეუბნებით, ამხელა რიგში პირველად ვდგავარ. ისიც კი ვიფიქრე, საშობაო სია ტყუილად ხომ არ ჩამოვწერე-მეთქი.
– სკანერს დაადეთ ხელი.
– ყოველთვის ამხელაა?
– სკანერი? – შეიჭმუხნა კაცი.
– რიგზე გეკითხებით.
აღარ მისმენდა. რაღაცას გულმოდგინედ აკვირდებოდა მონიტორზე. სკანერს თითებით შევეხე და ჩემმა ტელეფონმაც გაიწკრიალა.
დედა მწერდა: „დაჯდა თვითმფრინავი?“
თავისუფალი ხელით პასუხის წერა დავიწყე, მაგრამ კაცი მაშინვე შემომიბრუნდა:
– მემ, აქ მობილური ტელეფონის გამოყენება არ შეიძლება.
– მაგრამ ეს ხომ დედაჩემია. აინტერესებს, როგორ ჩამოვედი, – მალულად შევეცადე, ცერა, ზევით აწეული თითის გამოსახულება დამეწერა და ტელეფონი თვალს მოვაფარე.
– თქვენი მოგზაურობის მიზანი რა არის?
ამასობაში, დედაჩემის პასუხმაც არ დააყოვნა: „ეს რას ნიშნავს?“ წერა თვალის დახამხამებაში ისწავლა და მგონი, იმაზე სწრაფად წერდა, ვიდრე ლაპარაკობდა. რაღაც არანორმალური ტემპი ჰქონდა. „ხომ იცი, ჩემი ტელეფონი ასეთ პატარა სურათებს არ ხსნის. შოშ ნიშანი გამოგზავნე? ლუისა, მითხარი, რომ კარგად ხარ“.
– რა მიზნით ჩამოხვედით, მემ? – ულვაში უკმაყოფილოდ შეირხა. შემდეგ, რბილად დაუმატა, – აქ, შეერთებულ შტატებში, რას საქმიანობთ?
– ახალი სამსახური მაქვს.
– რა სამსახურია?
– ოჯახში უნდა ვიმუშაო ნიუ-იორკში. ცენტრალ პარკში.
კაცმა სულ ოდნავ, მილიმეტრებით ასწია წარბები. მერე ფორმაში მისამართი შეამოწმა და დაადასტურა.
– რა სამუშაოა?
– ცოტა რთული ასახსნელია. დაახლოებით, ანაზღაურებადი თანმხლები გახლავართ.
– ანაზღაურებადი თანმხლები.
– ასეა. ერთ კაცთან ვმუშაობდი. მისი თანხმლები ვიყავი, თუმცა, წამლებსაც ვასმევდი, გარეთ დამყავდა და საჭმელსაც მე ვაჭმევდი. არც ისე უცნაურია, როგორც ჟღერს, სხვათა შორის, ხელებს ვერ ამოძრავებდა. სექსუალურის მსგავსიც არაფერი იყო. ეს ყველაფერი, ფაქტობრივად, უჩვეულოდ დასრულდა, რადგან ძნელია, არ დაუახლოვდე იმას, ვისზეც ზრუნავ, ხოლო უილი, ანუ, ის კაცი გასაოცარი ადამიანი იყო და მერე... ერთმანეთი შეგვიყვარდა, – მეტისმეტად გვიან მივხვდი, რომ ცრემლები ღვარად მომდიოდა. მკვირცხლად მოვიწმინდე თვალები, – მოკლედ, მგონია, რომ ესეც მსგავსი რამ იქნება. თუმცა, სიყვარულის გამოკლებით. და კიდევ – კვების.
იმიგრაციის ოფიცერი გაშტერებული მიყურებდა. გაღიმება ვცადე.
– საერთოდ, სამსახურებზე საუბრისას არ ვტირი. სახელის მიუხედავად, არც ფსიქოზიანი ვარ. ჰაჰ! მაგრამ მიყვარდა და ვუყვარდი. მერე კი... მოკლედ, თავად გადაწყვიტა, სიცოცხლე დაესრულებინა. ასე რომ, ახლა ყველაფრის თავიდან დაწყებას ვცდილობ, – ცრემლები უწყვეტად, ურცხვად მოჟონავდა თვალებიდან. ვერ ვაჩერებდი. არც არაფრის შეჩერება მსურდა, – უკაცრავად, ალბათ, ორგანიზმის ბიოლოგიური რიტმი დამერღვა. წესით, ახლა შუაღამის ორი საათი უნდა იყოს, არა? გარდა ამისა, მასზე აღარ ვლაპარაკობ ხოლმე. იმის თქმა მინდა, რომ ახალი შეყვარებული მყავს. მაგარი ვინმეა! სასწრაფო დახმარების ექიმია! ძალიან