წინათქმა ქალური ოინია ასეთი – როცა ჭურჭელს რეცხავ, ფიქრებით იმ ქაფს უნდა გაჰყვე, რომელსაც ჭურჭლის სარეცხი საშუალება ხელისგულებზე გიტოვებს – წვრილ-წვრილი, ლამაზი ფერადი ბუშტები თავისით ჩნდებიან და სკდებიან. ქაფის ცისარტყელა წამით აჩერებს საათის ისრებს სამზარეულოს კედელზე. რა სჯობს მაშინ იქ შეძრომას და ხეტიალს. ამ ჯადოქრობას ზუსტად იმდენჯერ ახერხებ, რამდენი თეფშიც გაქვს გასარეცხი. ბევრი სხვა ოინიც გვაქვს ქალებს. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სახლს აქვს საიდუმლო კუნჭული, სადაც დიასახლისი თავისთვის მნიშვნელოვან ძველ ნივთებს ინახავს. ალბათ, დიასახლისსაც გააჩნია – ზოგისთვის მთელი ამბავია ძველი ნივთებისგან სახლის გაცლა, გასუფთავება, ზოგი კი ლამის მთელ ცხოვრებას სკივრებსა და ყუთებში ინახავს. მე სადღაც შუაში ვარ – გადაყრაც მიყვარს და შენახვაც, ძველი ნივთების მტვრისგან „განწმენდის“, გამზეურების მთელი რიტუალი მაქვს და ისიც ზუსტად ვიცი, სად რა გადავმალო. რას აღარ იპოვით ჩემს სკივრში: საყვარელი სუნამოს დაცლილ ფლაკონებს, მძივებს უთვალავი რაოდენობით, ჩემი შვილების ოქროსფერ კულულებს, ნიჟარებს, ძველ, გაყვითლებულ ფოტოებს, რომლებზეც არც კი ვიცი, ვინაა გამოსახული, კომკავშირის ბილეთს, ბებიაჩემის ნაქონ ოქროსკიდეებიან ჩაშკას, მუსიკალური სკოლის ატესტატს, ბატიფეხურით დაწერილ „დედის დღის“ მისალოც ბარათებს შვილებისგან, პირველი შეყვარებულის წერილს და ათას წვრილმანს. სკივრს რომ მიაგნო, ჯერ დიდსარკიან ოთახში უნდა შეხვიდე. აქ აუცილებლად ფეხზე იხდი და ფუმფულა ნოხზე ფეხაკრეფით მიიპარები, არ უნდა შეშინდე, თუ ფეხისგულზე ჩხვლეტას იგრძნობ – ეს ხიჭვია, რომელიც ძველ ცოცხს დაგვისას გასძვრა. ალბათ, დიდი, ოვალური სარკისკენაც გაგეპარება მზერა, თმას შეისწორებ ან სხეულს შეატრიალებ და საკუთარ უკანალს შეათვალიერებ. სჯობს, გზა გააგრძელო და ოსტატურად გაძვრე უფარდო სახლის ფანჯრებიდან შემოჭრილ მზის ათინათთან მოთამაშე მტვრის ნაკადში. მაგდალენ სტარიცკაიასგან შემორჩენილ უზარმაზარ მრგვალ მაგიდას მიუახლოვდე, იქ დაყრილი პურის ნამცეცები ხელის გულებზე დაიგროვო და ხალათის ჯიბეში ჩაიყარო, ხის დახვეულ კიბეს აუყვე, ძველი რკინის გასაღები მოარგო კლიტეს და ჯერ მარჯვნივ და მერე მარცხნივ გადაატრიალო. გული არ გაგისკდეს, თუ უცებ ამ სიბნელეში, სანამ ხელის ცეცებით ჩამრთველს იპოვი, დიდი თეთრი კატა მოგახტება, ეს ლუნაა, წარმოდგენა არ მაქვს, მაინც საიდან ძვრება სხვენში. ამ ოთახს იმ სუნამოს სურნელი აქვს, ბავშვობაში მე რომ გამოვიგონე და Le moineau დავარქვი. აქაა სკივრიც.
„მემორაბილია“ – სავარჯიშოა ასეთი ფსიქოთერაპიაში, შეეხები შენს სკივრში შენახულ ნივთს და დაიწყება მოგონებების ქარიშხალი, იმ დროის სურნელსა და გემოს გრძნობ, ხედავ საკუთარ თავს, ადამიანებს, ფერებს, გესმის ხმები გაცოცხლებული წარსულიდან. მიყვარს ეს სავარჯიშო, გეგონება საკუთარ კინოს უყურებდე.
რაღაცას რომ საგულდაგულოდ ინახავ, კარგავ და მერე პოულობ, რა კარგი განცდაა, არა?! რამდენჯერ მიპოვია ასე ფული გასამზეურებლად გატანილი პალტოს ჯიბეში ან წიგნში ჩაკეცილი შვილის წერილი – სიყვარულს რომ გეფიცება და გეუბნება, რომ შენზე უკეთესი დედა არაა სამყაროში! ფულს ხომ აუცილებლად უპოვი გზას, ხოლო წერილი იმ წუთებში შეგიძლია გადაიკითხო, როცა გეჩვენება, რომ აღარ უყვარხარ უკვე წამოზრდილ და აჯანყებულ შვილს.
როცა სკივრიდან ნივთებს ვალაგებ, ოთახის კარს საგულდაგულოდ ვკეტავ, მხოლოდ ლუნას შეუძლია საიდანღაც გამომეცხადოს, თეთრი ძაფის გორგალივით დახვეული მოკალათდეს ჩემს ფეხებთან. მხოლოდ მას ესმის ჩემი შეკივლება, როცა ამ ყუთში ცისფერ ვინილს ვპოულობ – ჯგუფი Eagles, 1982 წელი.
გიტარის სიმის ყოველი შერხევა ზედ კეფასთან.
ოკეანის სანაპიროდან აფრენილი ბეღურების გუნდი.
მიტოვებული, ძველი და დანგრეული შენობა სანაპიროსთან,
დამსხვრეული ფანჯრებით, წვიმისგან დამპალი დარაბებით,
აქა-იქ შემორჩენილი ჭუჭყიანი ფარდებით, ქარში რომ ფრიალებს.
აქ ბავშვები არიან, რომლებსაც ახლა იატაკზე გაშხლართულებს სძინავთ და სიზმარში ხედავენ საკუთარი მშობლების შეშინებულ სახეებს.
– ტომ! სად ხარ, ტომ?!
– პასუხი არ არის!
ტომს ახლა სძინავს და დედის ხმას ქარი იტაცებს და სადღაც ფანტავს.
მერე ის ტირის და მოთქვამს:
– მაპატიე, ტომ, მაპატიე, რომ შენთვის ნაყიდ კანფეტებს, შენზე გაბრაზებული, ანიკას ვაძლევდი!
– მაპატიე, ტომ, რომ გაძალებდი დილამდე გეზუთხა ის უნიჭო ლექსები!
– მაპატიე, ტომ, რომ მამას გავუმხილე შენი საიდუმლო და მერე მამამ სახეში გაგარტყა.
– მაპატიე, ტომ, რომ საპირფარეშოში შეკეტილს საათობით გიბრახუნებდი კარზე.
– მაპატიე, ტომ, რომ კოკისპირულ წვიმაში გაიძულებდი ჩვენი სახლის კარიდან დეიდა ლორას სახლის კარამდე ორმოცდაათჯერ გაგერბინა!
ტომი კი, ამ დროს, ღრმად ჩაძინებული,
საკუთარ თავს უღიმის სიზმარში და გვერდს იცვლის.
...ეს სახლიდან გამოქცეული და გაბრაზებული ბავშვების თავშესაფარია,
რომლის კედლებზეც ბავშვებმა ასჯერ მაინც მიაჯღაბნეს
Hotel California. Hotel California. Hotel California. Hotel California. Hotel California. Hotel California.