თავი I -
გამომშვიდობება ნოემბრის ერთ წვიმიან დილას, კვირის დასაწყისში, ორმა ტყავისპალტოიანმა მამაკაცმა ეზო გადაჭრა და სახლში შევიდა. იქ მათ მხოლოდ ქალები დახვდნენ – მილი და მისი დედამთილი, სერაფიმა პეტროვნა. წინა საღამოს დიმიტრი ქალაქიდან არ დაბრუნებულა – სავარაუდოდ, გადაუდებელი საქმეების გამო ღამის გათევა მოუხდა ხარკოვის სადგურზე, თავის სალონ-ვაგონში, რომელიც დროდადრო სახლის მაგივრობას უწევდა. იმ ვაგონში მილიც არაერთხელ დარჩენილა, უმეტესად, მაშინ, როცა თეატრში სპექტაკლი გვიან მთავრდებოდა, ანდა მეგობრებთან სტუმრობა გაუგრძელდებოდა. მილის სულ უკვირდა, რევოლუციის მერე როგორ რჩებოდა ის ვაგონი ამ აოხრებულ ქალაქში ხელუხლებელი – თავისი სუფთა ხალიჩებით, კრიალა სარკეებითა და ტყავგადაკრული ავეჯით.
ახლა კი, როცა დიმიტრი სახლში არ იყო, თავზე წამომდგარი კაცების თავხედურ საქციელში სანუგეშოს ვერაფერს შენიშნავდით. ისინი დაუკითხავად შევიდნენ სასტუმრო ოთახში და სანამ მაგიდასთან დასხდებოდნენ, იქაურობას თვალი უსიტყვოდ მოავლეს. დიასახლისის კითხვებს კაცები არ პასუხობდნენ.
ერთ-ერთმა მათგანმა თავისი დიდი პორტფელიდან რაღაც ქაღალდი ამოიღო და მილის გაუწოდა, მაგრამ ქალმა უკრაინული ტექსტის შინაარსი ვერ გაიგო. კაცებმა, სანამ საქმეს შეუდგებოდნენ, საშინლად მხრჩოლავი პაპიროსები გააბოლეს და უხმოდ მოსწიეს. საკუჭნაოდან დაიწყეს. იქიდან საშაქრე გამოიღეს და მაგიდაზე გადმოაპირქვავეს, მერე მაგიდისა და სკამების ფეხებზე აკაკუნებდნენ, თითქოს შიგნით დამალულ რაღაცას ეძებდნენ. ამ ყველაფერს თანმიმდევრულად, უსიტყვოდ აკეთებდნენ. გაოგნებული დიასახლისების პროტესტის მიუხედავად, კაცებმა კედლებიდან ნახატები და ფოტოსურათები ჩამოხსნეს და ჩარჩოებიდან ამოიღეს. სერაფიმა პეტროვნას ოთახში ყველაფერი თავდაყირა დააყენეს; ლეიბები და ბალიშები იატაკზე დაყარეს და საგულდაგულოდ შეამოწმეს. მოხუცი ქალბატონი მოთქვამდა, სხვის სახლში ქექვის ნება ვინ მოგცათო?!
კაცებს ამგვარი კითხვები აშკარად აღიზიანებდათ, მაგრამ თავიანთ საქმეს მაინც აგრძელებდნენ. ძველ ჩინურ ზარდახშაში ჩაიხედეს, ფოტოსურათები ცალკე დააწყვეს და ქალებს გვერდზე გადალაგებული ნივთებთან მიკარება აუკრძალეს. მერე სერაფიმას საყვარელი ნოტები გადმოიღეს, ასევე – სხვადასხვა გაზეთებიდან ამონაჭრები, რომლებსაც მოხუცი ქალი, უკვე რამდენიმე ათეული წელია, ინახავდა, რათა ოდესმე ამ ტექსტებსა და სურათებს წარსულ კულტურაზე მისთვის ხელახლა მოეთხრო.
საბედნიეროდ, ჩინურ ზარდახშაში ერთი პატარა განყოფილება, რომელშიც სამკაულები ინახებოდა, მათაც კი გამოეპარათ. მილიმ გულში ჩხვლეტა იგრძნო, როდესაც კაცებმა ტუალეტის მაგიდის უჯრაში ფოტოსურათებისა და წერილების იმ დასტას მიაგნეს, რომელიც მას ფინელ ნათესავებთან მიმოწერის შედეგად შემორჩენოდა.
სერაფიმა პეტროვნა ამ არამზადებს წამდაუწუმ ეკითხებოდა, სად იყო მისი ვაჟი, მაგრამ ქალს გაუგებარი „ზმუილით“ პასუხობდნენ. რძალს კი ქაღალდის ნაგლეჯი შეაჩეჩეს ხელში – იგი ხარკოვში, რომელიღაც ქუჩაზე, ამა და ამ საათზე დაკითხვაზე უნდა გამოცხადებულიყო. კაცებმა ნადავლის ნაწილით თავიანთი პორტფელები გაავსეს; ფინურ, გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე გამოცემული წიგნები თოკებით შეკრეს, გადასკვნეს და ისინიც თან წაიღეს – ალბათ როგორც მნიშვნელოვანი მტკიცებულება.
დედამთილი და რძალი არეული ბინის შუაგულში უსიტყვოდ ისხდნენ. მილის მოეჩვენა, რომ რაღაც იდუმალმა ძალამ დაანგრია მთელი მისი ცხოვრება, რომელიც დიდი ძალისხმევით, აგურ-აგურ ააშენა. მეხსიერებაში კვლავ ამოუტივტივდა სიტყვები, რომლებიც ფინელმა დეიდაშვილმა მილის ზურგს უკნიდან მიაძახა: „წყეულიმც იყავ მთელი შენი ცხოვრება!“ ეს ერთგვარი განაჩენი იყო, რომელიც ნათესაობამ თვრამეტი წლის მილის მაშინ გამოუტანა, როცა ახალგაზრდა გოგონა რუს კაცზე გათხოვდა. ახლობლებმა მას ზურგი აქციეს, მიუხედავად იმისა, რომ მილის საქმრო ფინეთში ჯერ კიდევ რევოლუციამდე მუშაობდა, რუსულ-ფინურ სარკინიგზო კომპანიაში მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა, ლამაზი, წარმოსადეგი, განათლებული კაცი იყო; მას მილის მშობლიურ, ჩრდილოეთ ფინეთის ქალაქ ოულუში გრაფს ეძახდნენ. ცხოვრება რომ აირია, ახალდაქორწინებული დიმიტრი საფრანგეთში გაემგზავრა, რათა ოჯახისთვის ვიზა მოეთხოვა. თუმცა, ვინაიდან ვიზა მხოლოდ მას მისცეს, დიმიტრი შვედეთისა და ნორვეგიის გავლით ჩავიდა სამშობლოში, მურმანსკში, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ ანტანტის კავშირს ექვემდებარებოდა; სურდა, იქაურ საკონსულოში სავიზო პროცედურები განეახლებინა. სერაფიმა პეტროვნა შვილს ეხვეწებოდა, რომ ფინეთს აღარ გასცდენოდა და საქმე იქვე მოეგვარებინა, მაგრამ დიმიტრიმ თავისი არ დაიშალა, სამშობლოში დედისა და მეუღლის ერთად წაყვანა მოინდომა, რუსეთში დაბრუნდა და ბოლშევიკების ხელში აღმოჩნდა. მილის თვალწინ წარმოუდგა ის ეპიზოდი, როცა ბაქანზე დარჩენილ, გასაცილებლად მოსულ ნათესავებს მატარებლიდან ხელს უქნევდა; მიემგზავრებოდა, რათა ქმართან და დედამთილთან ერთად რუსეთში დაედო ბინა.
სულ რამდენიმე თვე იცხოვრეს ბოლშევიკებისგან თავისუფალ მურმანსკში – მანამდე, სანამ ქალაქი საბჭოთა კავშირის ტერიტორიად გამოცხადდებოდა. დიმიტრის მცდელობა, თავისი ოჯახი (რომელსაც ამასობაში ქალიშვილი შეემატა) ნორვეგიული გემით მურმანსკიდან გაეპარებინა, მარცხით დამთავრდა. იგი დააპატიმრეს, მილი კი დედამთილთან და ჩვილ ბავშვ თან ერთად უპატრონოდ დარჩა, ყოველგვარი მატერიალური სახსრის, ნაცნობ-მეგობრისა და ენის ცოდნის გარეშე.
დიმიტრი ერთ წელიწადში გაათავისუფლეს. ამ ხნის