ნაწილი პირველი წამზომმა ისევ გააცოცხლა საათის ისრები. სასწრაფოდ წამოხტა ლოგინიდან, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ჯერ გაიღვიძა და თვალები შემდეგ გაახილა. უნდა ეჩქარა, ექიმთან აგვიანდებოდა... აკი არასდროს უყვარდა მარტო სიარული, ძალიანაც რომ მოენდომებინა, საკუთარ თავთან თითქოსდა ვერც ახერხებდა მარტო დარჩენას. ახლა კი მარტო მიიკვლევდა გზას უცნობ, თეთრკედლებიან შენობაში, სადაც ყველაფერი ერთმანეთს ჰგავდა, ერთიანად ბზინავდა სისუფთავისგან, მაგრამ მაინც ყველაფერს დაძველებული ჰალვის სუნი ასდიოდა. ჰალვა ძალიან უყვარდა ბავშვობაში და მას შემდეგ, რაც ერთხელ მოიწამლა, ყველაფერ ცუდს მასთან აიგივებდა ქვეცნობიერში. ახლაც ისეთივე შეგრძნება დაეუფლა, როგორც მაშინ, როცა შეშინებული ბებია ერთადერთ შვილიშვილს ხელში ატატებულს მიარბენინებდა სოფლის ახლოს მდებარე საავადმყოფოში, სადაც ასაკიანი ექიმი ერთნაირი წარმატებით მკურნალობდა ტვინის შერყევასაც და ფილტვების ანთებასაც. ეჰ, ნეტავ მაშინ, გაუელვა გონებაში... მაინც რა დრო იყო, როცა წამალი წამლობდა და ექიმი ექიმობდა. და უცებ სიცილი აუვარდა... მერე შერცხვა, შერცხვა იმისი არა, რომ უცნობები სიბრალულით შესცქეროდნენ, არა, ისინი საერთოდ არ შეუმჩნევია. შერცხვა, რომ ასაკიანი ქალის ფიქრებში გამოიჭირა საკუთარი თავი.
გვარით გამოიძახეს. როგორც მაშინ, პირველად რომ მიუჯდა სკოლის მერხს ბაფთადასკუპებული. მაშინ მისი ერთადერთი გულშემატკივარი ბებია იყო, მაგრამ ახლა? ეჰ, როგორ მოუნდა ბებოს გაზაფხულის მწვანილებით მოჩითულ კალთაში თავის ჩარგვა და ატირება, მაგრამ ახლა ხომ დიდია, და თან ისე პატარა. წელგამართული წამოდგა, თითქოს ფორტეპიანოზე დასაკრავად ემზადებოდა – ბებია ხომ მუდამ მოძღვრავდა, ჯერ ჯდომა უნდა ისწავლო ინსტრუმენტთან, ხალხმა რომ ყურადღებით მოგისმინოსო. შემართება სისხლის ასაღებ სავარძლამდე ეყო და უცებ მოწყვეტით ჩაეშვა გაფითრებული. მაინც რატომ აეკვიატა აზრი, რომ რაღაც სჭირდა? ნემსის ჩხვლეტამ გამოაფხიზლა, უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა მთელ სხეულში, ახლაღა შეამჩნია, რომ წითელთმიან ექიმს სამი სინჯარა სისხლით გაელიცლიცებინა. ნეტავი ამას, არ მობეზრდა წითელი ფერის ყურება, თმებიც რომ წითლად შეუღებავს?! – ჩვეული იუმორით გაიფიქრა და სკამიდან წამოხტა. საკუთარი ნანემსარი ბამბით ჰქონდა ჩაბღუჯული. ყურადღება არც კი მიუქცევია დადევნებული სიტყვებისათვის, წარმატებებს გისურვებთო. დერეფანში გამოსვლისას კვლავ იცინოდა, ეცინებოდა ექთნის სურვილებზე, აბა, რა წარმატებები უნდა ესურვებინათ ადამიანისათვის, რომელსაც რაღაც სჭირდა?! და ნეტავი რა იყო ეს რაღაც? ხალხის სახეზე სიბრალულის გამომეტყველება გამქრალიყო, გაყინული თევზის თვალებით შეჰყურებდნენ ახალგაზრდას, ახლა აღარ ენანებოდათ მისი სიცილი, ალბათ ანალიზის კარგი პასუხები რომ ჰქონდა, იმიტომ. ეს მათ ეგონათ კარგი, თორემ ნეტავი რა იქნებოდა სინამდვილეში. მაინც რატომ ბრაზდება ადამიანი სხვისი სიხარულისას, თუნდაც საერთოდ არ იყოს ეს სიხარული მის უსიხარულობასთან თანაკვეთაში? ისევ გაახსენდა ბავშვობისეული – „შური არის მწუხარება სხვისა კეთილსა ზედა, მე კი არ ვამბობ, ამას სულხან-საბა ამბობს. რომ გაიზრდები, საკუთარ თავზე ღმერთმა არ გამოგაცდევინოს ბებია, მაგრამ არც უმაგისობა იქნება“.
ტაატით მიუყვებოდა სანაპიროს. უხეში მოაჯირი ჯიუტად უშლიდა მდინარის სიცელქესთან მიახლოებას. ამჯერად არსად ეჩქარებოდა, მხოლოდ დრო ჰქონდა მოზომილი. დრო ექიმთან შეხვედრამდე. მზისფერი ამინდი კიდევ უფრო ათბობდა ლამაზი წყვილების ხელისგულებს, ბავშვების ჟრიამული რატომღაც ხელს უშლიდა ფიქრში. რამდენი ხანია ბავშვობა აღარ გახსენებია. დღეს კი თითქოს დიდ ბავშვად გადაქცეულიყო. უცებ სისუსტე იგრძნო, წამით მდინარისკენ გაიხედა, მის ზედაპირზე აბრჭყვიალებული ცისარტყელა რომ დაინახა, მიხვდა, თავბრუ ეხვეოდა და რომ არ ჩამუხლულიყო, ხის სკამზე ჩამოჯდა. შუბლით ცივ საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. არ უნდოდა, ცუდზე ეფიქრა.
მეეზოვის ცოცხი ზანტად და ხმაურით მოძრაობდა. ტერფზე უხეშმა შეხებამ მონუსხულივით წამოაგდო. „ამ ახალგაზრდა გოგოს არ გრცხვენია, დილაუთენია რომ დაგილევია და ქუჩაში გძინავს?“ ზორბა აღნაგობის ქალის ზიზღნარევი სახე თავზე დაჰყურებდა და ცოცხს მოუსვენრად ათამაშებდა ხელიდან ხელში. უცებ ვერ მიხვდა, სად იყო, რა უნდოდა დილაუთენია ქუჩაში, ან ეს უცნობი რატომ უყვიროდა. მეხსიერებაში უკუღმა დატრიალებულმა კადრებმა მიახვედრა, რომ მთელი საღამო და ღამე სკამზე მძინარეს გაეტარებინა. დროს მის დაუკითხავად გაერბინა. აქამდე გამოუცდელმა შეგრძნებამ დაუარა ტანში – ერთდროულად სციოდა, სწყუროდა, შიოდა, ეშინოდა... წარსულის ხმა მოძღვრის ქადაგებისას მოსმენილ სიტყვებს ჩასჩურჩულებდა ყურში – ყოველთა გულის დამბადებლის მიერ განკითხვის დღისადმი თქმულ სიტყვებს: მშიერი ვიყავი და არ მაჭამე, სნეული ვიყავი და არ მომიარე, მწყურვალი ვიყავი და წყალი არ მასვი.... ვერ დააკავშირა ნარინჯისფერი სილუეტი რელიგიურ კანონებთან და უსიტყვოდ გაშორდა იქაურობას. მიდიოდა ოდნავ მოხრილი, შეჭმუხნილი წარბებით, და ახალბედა მზე ვერ ათბობდა მის ხელისგულებს.
– თქვენ პირველად ბრძანდებით ექიმთან ვიზიტზე? – სათვალეებს ზემოდან ჩაეკითხა წარბებაწეული ჟღალთმიანი ქალბატონი და უხმოდ მიანიშნა კაბინეტისაკენ. წითელი თმის დანახვაზე სისხლის აღების