ავტორისგან ჟილდა ლოპეს ენკარნასანი ზალცბურგის უნივერსიტეტში პორტუგალური ენის მასწავლებელი რომ არ ყოფილიყო, ჯერ სტუდენტებთან სასაუბროდ, მერე კი რესტორან „სპილოში“ სავახშმოდ რომ არ მივეწვიე, მაშინ ეს წიგნი სულაც არ დაიწერებოდა. მოცარტის ქალაქში აუარებელი რამ უნდა დამთხვეოდა ერთმანეთს, რათა ბოლოს მეკითხა: „ეს პაწია ფიგურები რაღაა?“ ხის ციცქნა სტატუეტები მწყობრად ჩარიგებულიყვნენ, თანაც პირველი მათგანი (თუ მარჯვნიდან მარცხნივ ავითვლიდით) ჩვენი ლისაბონის მშვენება – ბელენის კოშკი( ბელენის კოშკი (პორტ. Torre de Belem) – მდინარე ტეჟუს ერთ-ერთ კუნძულზე მდებარე ფორტი. ააგეს 1515-1521 წლებში ვასკო და გამას მიერ ინდოეთის საზღვაო გზის აღმოჩენის აღსანიშნავად და ასრულებდა ჯერ ციხესიმაგრის, შემდგომ დენთის საწყობის, მერე – ციხისა და ბოლოს – საბაჟო პუნქტის ფუნქციებს.) აღმოჩნდა. მას რამდენიმე ევროპული შენობის გამოხატულება მოსდევდა და ყველა ერთად აშკარად გარკვეულ მარშრუტს აღნიშნავდა. ჰოდა, ამიხსნეს, აქ იმ სპილოს მოგზაურობის ეტაპებია ასახული, რომელიც XVI საუკუნეში, კერძოდ, 1551 წელს, ჟუან მესამის მეფობისას ლისაბონიდან ვენაში გაგზავნესო. ვიგრძენი, რომ ამ ამბისგან საინტერესო რასმე გამოვადნობდი და ეს გრძნობა ჟილდა ლოპეს ენკარნასანს გავუმხილე. მხარი ამიბა და დამპირდა, შემიძლია სათანადო ისტორიული მასალით მოგამარაგოო. და აი, თქვენ წინაშეა წიგნი, რომელიც არსებობას მეტწილად ახლა ჩემ გვერდით მჯდომ ადამიანს უნდა უმადლოდეს. ამიტომ საჭიროდ მივიჩნევ, მის მიმართ ღრმა პატივისცემა და უდიდესი მადლიერება ასე საჯაროდ გამოვხატო.
ჟოზე სარამაგუ