პურკომბინატში საღამოს ცვლა დაიწყო. ახალგაზრდა პურის მცხობელმა სამუშაო ფორმა ჩაიცვა და საცხობისაკენ გაემართა. შესვლისთანავე, ღუმელთან მდგარმა ბრიგადირმა შეამჩნია:
- ირაკლი, დირექტორმა მითხრა, როგორც მოვა, ჩემთან ამოვიდესო!
- რა მინდაო, გურამ, ხომ არ იცი? - შუბლი შეეჭმუხნა მცხობელს.
- შვილებს გეფიცები, არაფერი ვიცი. - მხრების აწევით და ალალი სახით უთხრა ბრიგადირმა.
ირაკლის რატომღაც უსიამოვნო განწყობილება შეექმნა და აბუზული წავიდა დირექტორის კაბინეტისაკენ. კარებს რომ მიუახლოვდა, ფრთხილად დააკაკუნა.
- მოდი, მოდი! - მოისმა ოთახიდან რიხიანი ხმა.
მეპურემ სახელური დასწია და კარი ოდნავ შეაღო.
- შეიძლება, ბატონო ოთარ?
დირექტორის გაღიმებულ სახეს, მწუხარე იერის მისაღებად წამიც არ დასჭირვებია. ომახიანი ტონიც უცბადვე შეეცვალა და მშვიდად მიმართა:
- მოდი, შვილო, დაჯექი! - და სკამზე მიუთითა.
მეპურემ აუჩქარებლად გამოსწია მაგიდის ქვევიდან სკამი და ისე ჩამოჯდა, რომ დირექტორისთვის თვალი არ მოუცილებია, რომელმაც თავის მხრივ თავი ჩაღუნა და იდაყვებზე დაყრდნობილმა, უხერხულობისგან ხელების ფშვნეტა დაიწყო.
- მოხდა რამე, ბატონო ოთარ? - ჰკითხა პურის მცხობელმა, როცა დუმილი რამდენიმე წამს გაგრძელდა.
დირექტორმა თავი ასწია და ხელების გაშლასთან ერთად ტუჩების აპრანჭვაც წაუმძღვარა ლაპარაკის დაწყებას:
- ირაკლი, შვილო, შეიძლება ითქვას, რომ ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში არასოდეს ვყოფილვარ. ეს წუთები და ეს დღე, ჩემს ცხოვრებაში მოურჩენელ იარად იქცევა. დადგება დრო, როცა ამისათვის პასუხს მოვთხოვ საკუთარ თავს, მაგრამ ახლა სხვაგვარი გადაწყვეტილების საშუალება ნამდვილად არ მაქვს.