მოუკითხავნი
სიკვდილი თავად უფალსა
გაუჩენია მტრისადა!..
ხალხური
სოხუმიდან სვანეთისკენ მიმავალი დაკვირვებული მგზავრი სოფელ მერხეულთან აუცილებლად შენიშნავს ერთმანეთის შორიახლო განლაგებულ სამ პატარა ხიდს. ამ მიდამოში თითქმის ყველაფერი ისევეა, როგორც ფასანაურის კარიბჭესთან, სადაც მთიულეთის თეთრი და გუდამაყრის შავი არაგვი ერთდებიან. აქაც დიდი და პატარა მაჭარა ერწყმიან ერთმანეთს. მერე მათ ზღვისპირის ხიდამდე, „მაჭარკის პოსტამდე“, ათეულამდე უსახელო ღელე, თუ ნაკადული უერთდება და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, სულ უფრო მეტი ძალისხმევით მიაგორებენ ზღვისკენ მძიმე, ქაფმორეულ ტალღებს.
აქ, წებელდამდე ნახევარი საათის სავალზე, სოფლის განაპირას გადავწყვიტეთ ჩასაფრება.
...ეთერში ერთმანეთს რუსულად ვესაუბრებით. ამასთან, ვცდილობთ, ნებისმიერი ინფორმაცია ცნობილი რუსული მელოდიების ჰანგზე წავიმღეროთ. ესეც ერთ-ერთი ხერხია მტრის დასაბნევად. მიდი და გაიგე, აფხაზები ვართ, სომხები, ჩეჩნები თუ ადიღეელები... „დაბოლილები“ ვეკაიფებით ერთმანეთს თუ... თანაც რუსულად საუბრისას, მით უმეტეს, სიმღერისას, „კავკასიური აქცენტი“ კალუგელი თუ რიაზანელი რუსებისთვის ხომ ყველას ერთნაირი გვაქვს. რასაკვირველია, ჩვენი ყველა სიტყვა წინასწარ დაშიფრულია. ხანაც მორზეს ანბანს ვხმარობთ, სადაც წერტილ-ტირეთა ერთობლიობაც კოდირებული გვაქვს. ჩვენთვის ისინი არა ასოებს, არამედ ცალკეულ სიტყვებს აღნიშნავს და ზოგჯერ მოკლე ფრაზებსაც კი. რადიოტალღის სიხშირესაც დღეებისა და საათების მიხედვით ვცვლით. ჩვენი მწირი საშუალებებით ვცდილობთ, მაქსიმალურად დავიცვათ თავი ინფორმაციის გაჟონვისაგან, რუსი „პროფებისაგან“.
რაცია ისევ ახრიალდა. ალოგიკური, კოდირებული ფრაზები ვერ ფარავს ემოციურ მუხტს.
- ვითარება შეიცვალა! - გვამცნობს გიორგი შეშფოთებული ხმით.
- აღარ ამოვლენ? გაჩერდნენ? დაბრუნდნენ? -ვაწყვეტინებ.
- არა, მოდიან, - მპასუხობს. - ოღონდ, არა ვისაც ველოდით, რუსები მოდიან, მედესანტეები. მანქანებზე რუსულ დროშასთან ერთად ოთხივ კუთხით პარაშუტები ახატიათ!
ორმოს გადავევლე, მარა
აღარ დავიძახებ “ოპლას”,
მინდა, სნეულებამ არა,
ტყვიამ აფხაზეთში მომკლას.
სადღაც დანდობილი “ამრა”
რკინის ათიოდე ორკაპს,
როკავს, ტალღებისგან არა,
ჩვენი მოლოდინით როკავს.
ოთარ ჭელიძე
…. გიორგის ინფორმაციამ თავიდან შემაკრთო. როგორც ქართლში ამბობენ, ვერიდებოდი ღოლოსაო, დამიხვდა ღობის ბოლოსაო!.. სპეცრაზმსა და რუსებს აგუძერაში გამოვერიდეთ და აქ თავად არ ამოგვაკითხეს? თანაც არა „სამშვიდობო“, არამედ რუსების ჯარის საუკეთესო ნაწილმა, ელიტამ!..
აფეთქებათა ეს დღევანდელი სერია იმ დიდი ოპერაციის შემადგენელი ნაწილია, რომლის განსახორციელებლადაც მე და ჩემი თორმეტი თანამებრძოლი აგერ უკვე მეორე კვირაა, ტყე-ღრე მოვიჩქარით, ხან მოვღოღავთ, ხანაც მოვტოპავთ წვიმაში, ტალახში, ღელე-ღელე, გზისპირა ჭალებითა თუ კლდის ქარაფებით...
ცოდვა გამხელილი სჯობს და ქვეშეცნეულად ყოველთვის ვერიდებოდით რუს სამხედროებთან პირისპირ დაჯახებას. და არა მარტო იმიტომ, რომ ისინი აფხაზეთში მდგარ ჩვენი მტრებიდან, ყველა სხვა შენაერთზე უკეთ არიან მომზადებულნი. ორასი წელია, რაც რუსეთმა საქართველო დაიპყრო, ჩვენი თაობა უკვე მერამდენეა, რომელიც იმპერიული რუსეთის პროპაგანდითაა მოწამლული, თითქოს რუსეთი ყველაზე ძლიერია, თითქოს რუსი ჯარისკაცი უძლეველია. თუმცა, დღეს ომის დაწყების პირველი დღეები აღარაა, როდესაც ქართველებს ეშინოდათ რუს სამხედროებთან დაპირისპირება. ის ხანაც უკანმოუბრუნებლად გაქრა, როდესაც ორმა რუსულმა ტანკმა გაგრა აიღო...
კაცმა მონური სული ჯერ საკუთარ თავში უნდა ჩაკლას და თავის მპყრობელს ისე უნდა შეებრძოლოს. ხეპრეობით, უმადურობით სავსე თანამედროვე რუსებმა უნიათო ქართველები თავისდა უნებურად კვლავ მეომარ ერად გვაქციეს. გრაფ ვორონცოვის ბრძნულ პოლიტიკას უღალატეს, როდესაც მოფერებით, ჯილდოებით, ტაშის კვრითა და თანამდებობების დარიგებით რუსეთმა ქართველთა თავისუფლებისაკენ სწრაფვის საბრძოლო შემართება თითქმის მიაძინა. ამ ომით ისევ გავყოჩაღდით და, საბედნიეროდ, ძალზე მცირე სისხლის ფასად.
რუსეთის ინტერესების დასაცავად საქართველომ მილიონზე მეტი ჯარისკაცი თუ ოფიცერი დაკარგა, თავად რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებში კი შედარებით წარმოუდგენლად ნაკლები, - სულ რამდენიმე ათასი კაცი!!. ეს ზღვაში წვეთია იმ უზარმაზარ სისხლიან ხარკთან, რასაც რუსეთის ქვეშევრდომად ყოფნისას ვიხდიდით. არც ჯალალედინის, არც თემურ ლენგის, არც შაჰ-აბასის წინააღმდეგ ბრძოლებში იმის მეასედი ქართველი არ დაღუპულა, რაც უმადური რუსეთის დაცვისას...
პარადოქსია ვითომ, მაგრამ ასეა, - საქართველოსთვის რუსეთის ქვეშევრდომობა, რუსეთის ინტერესების დაცვა გაცილებით დამღუპველია, ვიდრე მის წინააღმდეგ დგომა, საკუთარი ქვეყნის გაერთიანებისათვის ბრძოლა. ამას ადრე მიხვდნენ ფინელები, ავღანელები და მერე ყველა არა მარტო ევროპული ქვეყანა. ჯერი ჩვენზეა, მაგრამ ეს რეალობა ჯერ ყველა ქართველს არ გაუთავისებია, შეჩვეული ჭირი ურჩევნია და ზოგი ისევ რუსეთის ორთავიანი არწივის კლანჭებში ყოფნის სიამტკბილობას მისტირის... დღეს ჩვენ აღარავის იმედი აღარა გვაქვს, აღარც პარლამენტის, არც მთავრობის, არც ოპოზიციის, არც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობისა, თბილისში, „იმელის“ შენობაში რომ გამაგრებულა და არც სხვადასხვა მეომართა კავშირებისა, რომლებიც უფრო იმით არიან დაკავებულნი, რაც შეიძლება მეტი მებრძოლი გააწევრიანონ თავიანთ რიგებში და