"შემინდევ და შემივედრე,მკვდარსა რაღა გარდმეხდევის". გათენდა... ბოლოს-ბოლოს ინათა. არადა, მეგონა, დრო გაჩერდა და აღარ გათენდებოდა. გავიგონე თუ არა ურმის ხმა, პატარა სარკმელს გავხედე. სარკმლის წინ, ბზის დათოვლილ ბუჩქთან ურემი გაჩერდა, კოფოდან გურამა გადმოხტა და ისა და იოსება კუბოს ჩამოღებას შეუდგნენ. სწორედ ისეთი იყო, როგორსაც ბებია მაბარებდა:
– მუხისა არა, არაფრის გულისთვის რომ გვაჩუქონ კიდეც, არ გვინდა, როდის მუხა დალპება! ასე უთხარი იოსებას, რაც შეიძლება რბილი და თხელი ფიცარი! ცხედარს ერთადერთი ვალი აქვს: მიწას შეერიოს და მიწად იქცეს! გაიგეთ? სახურავზე კი აუცილებლად გამოსახოს ჯვარი... არ მეშინია, არა, უღმერთოების კავშირის წევრებისა!
მე საგანგებოდ შევიჭმუხნე შუბლი და ბებიას თავი დავუქნიე.
– ნუ იღიმები, – საყვედურით მითხრა, – დიახაც რომ ცხედარსაც აქვს ვალი, – მერე დაიხარა, რამდენიმე კალთა მიყოლებით აიწია და სულ შიდა, ნაცრისფერი დაბლა კაბის დიდი, ჭრელი ჯიბიდან ხავერდის დაქარგული ქისა ამოიღო: – იოსებას კი უთხარი, არავითარი პუპრუჭანები, არავითარი ანაოჭ-ჩანაოჭებული აბრეშუმები, ტილო-თქო, ტილო უბრალოდ გამოაკარი-თქო!
ასეც მოქცეულიყო იოსება, ამ მოყავისფრო, ტილოგამოკრული ყუთის ერთადერთი მოსართავი სახურავზე უხვად მოფრქვეული თოვლის მსხვილი ფანტელები იყო და იმის მოსაშორებლადაც იოსებამ ურმიდან ცოცხი ჩამოიღო და გურამას მისცა, თვითონ კი სიგარეტს მოუკიდა. გურამამ ძირს დადგმულ კუბოს გადაუსვა, სახურავი გადაცოცხა, მერე გვერდებზედაც გაჰკრა-გამოჰკრა და ამ "სასახლის", როგორც ბებია იტყოდა, დაღვრემილი სისადავე გამოაჩინა. თუმცა, მეცა და ბებიაც გალახული და გასავათებული ვიყავით მიცვალებულთან ღამის თევით, შეფერხებული დროის წიაღში სიფხიზლითა და ერთმანეთთან ურთიერთობით, კუბოს დანახვაზე გამოვცოცხლდით.
– ესეც ასე, კუბოც მოიტანეს! – თქვა ბებიამ მხნე და გამომწვევი კილოთი, – ვითომ ღირდა კი, აქ დარჩენაზე უარს რომ მეუბნებოდიო, – და პატარა სამფეხაზე დაყუნცული და მუშტივით შეკრული მყისვე შეირხა, ჯოხს დაებჯინა, მეორე ხელი მე გამომიწოდა, სახსრებადქცეული, დაჯირჯვებული და დალაქული მტევანი მაჯაში ჩამჭიდა და წამოიწია, ნელ-ნელა გაიშალა, ჩაჟანგული ძვლები ტკაცუნით გამართა და ტახტისკენ გამიძღვა...
მე მართლაც წარმოუდგენლად მიმაჩნდა მთელი ღამე აქ ყოფნა, გამჭვარტლული ლამფისა და მიცვალებულისთვის დანთებული სანთლების შუქზე... დაგრძელებული ჩრდილებით აფორაჯებულ, ჩამოფხავებულ კედლებში... შმორის, ფსუტის, ზინზლისა და კიდევ, ვინ იცის, რა უსიამოვნო სუნით გაჯერებულ ნესტიან სარდაფში, სადაც კედლიდან კედლამდე გამართულ ძველებურ ტახტზე ნაკუწების ჭრელი საბნის ქვეშ მიცვალებული ესვენა. მაგრამ რას გავაწყობდი ბებიასთან? ერთსა და იგივეს გადაბრჯნილი მიმეორებდა: სანამ კუბოში ჩავასვენებდეთ, ნუ დავტოვებთო, ბუხრიდან ან კატა არ ჩამოვიდეს, ან ვირთხები არ იყოს და მიცვალებულს არ მიეტანონო; ადამის შვილს კაცად მოვალეობა ხდის, სხვა კი არაფერიო, ჩვენ კი აქ ყოფნა გვმართებსო, მოვალენი ვართო...
ბებიამ პატარა სარკმელს ჯოხის წვერი მიუკაკუნა და იოსებას, რომელიც თუთუნს აბოლებდა და შეცბუნებული შემოჰყურებდა თითქოს სრულიად უკაცრიელსა და დადუმებულ სახლს, ანიშნა, კუბო აქ შემოიტანეთო.
– კედლისკენ უნდა ჩავადგმევინოთ, უფრო ადვილად ჩავასვენებთ, – მითხრა ბებიამ და მიცვალებულის თავით დადგმული სურა და ხორბლიანი ჯამი მომაწოდა ტაბლაზე გადასადგმელად.
მე ვფიქრობდი, რომ ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნებოდა, კუბო დაბლა დაგვედგმევინებინა და დაბლა ჩაგვესვენებინა, ტახტის გასწვრივ, მაგრამ გუშინდელი შეხლა-შემოხლის შემდეგ გადავწყვიტე, ბებიას აღარ შევკამათებოდი, მაინც ისე გამაკეთებინებდა, როგორც თვითონ მიაჩნდა საჭიროდ, მე კი, მივუახლოვდი თუ არა ტახტს და შევიყნოსე ჭუჭყიანი ქვეშაგებისა და მიცვალებულის სუნი, ვიგრძენი, რომ დაღლილობისა და უძილობისაგან გული მერეოდა... ამიტომაც მაშინვე ავუკეცე საბანს ნაპირი და ლეიბის კიდეს დავეჭიდე.
– ეეჰ, – თავი გადააქნია ბებიამ, – ეგრე ხომ ულაზათოდ გამოდის, ფარდაგიც მოჰყვება და... ადი და სასთუმლიდან დავიწყოთ!
მინდოდა, მეთქვა: აქ სხვა ულაზათოს ვერაფერს ვერ ხედავ-მეთქი, მაგრამ საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი, ტახტზე ავედი, თავთან ჩავიმუხლე, ფარდაგს დავებჯინე, ხელები შევყავი და მიცვალებულს მხრებში წავავლე... ბებია მეორე მხრიდან დაეჭიდა ლეიბს და "სასთუმალი" ჩამოვაცურეთ...
სარდაფის კარი გაიღო, იოსებასა და ცამეტი-თოთხმეტი წლის გურამას, იოსებას შვილიშვილს, კუბო მოჰქონდათ.
– როგორ, კაცო! – დაიძახა იოსებამ, სარდაფს თვალი რომ მოავლო და ჩვენს მეტი ვერავინ დაინახა, – თქვენ დაგრჩათ ბურთი და მოედანი?!
– აქეთ მოიტათ, იოსებ, – გასძახა ბებიამ, – აი, აქ ჩადგით!
ბებიამ თავმოხდილ კუბოს თვალი გამოაყოლა და თავი დაიქნია:
– კარგია, ხალვათი დაგიჭერია.
მე ტახტზე წამოვიწიე და ვეცადე, იოსებას არ მივშტერებოდი. ეს, რა თქმა უნდა, ბავშვობაში ჩარჩენილი შთაბეჭდილების გამოც იყო, როცა იოსება ლამის მისტიკურ არსებად მესახებოდა და ალბათ, არა მხოლოდ მისი მწუხარე და მიუწვდომელი (როგორც ბავშვობაში მეგონა) ხელობის გამო, არამედ რაღაც უცნაურად უშნო,