პროლოგი მთის თხემზე შეფენილ მესამე ქვეითი ბრიგადის პოზიციას რომ მივუახლოვდი, შევჩერდი და უკან ჩამოტოვებულ სამხედრო ბანაკს გადავხედე, რომელიც ადრიანი დილის გაცრეცილ ნისლს მიღმა, ხელისგულზე გადაშლილივით მოჩანდა. იქაურობას იმ დღეს ვტოვებდით. სამი თვის წინ, როცა აქ მწყობრი სვლით ამოვედით, არემარე თოვლით იყო დაფარული; ახლა გაზაფხულის პირველი ფოთლები იშლებოდა. მაშინ ვიფიქრე, რა სისასტიკეს უნდა გადავაწყდე მომავალში, რომ ამაზე ულმობელი მეჩვენოს-მეთქი. მივდივარ და თან ერთი კეთილი მოგონებაც კი არ მიმყვება.
ჩემი სიყვარული არმიის მიმართ აქ დაიმარხა.
ტრამვაის ხაზები ამ ადგილას წყდებოდა. გლაზგოდან მომავალი სასმელით გაბრუებული ჯარისკაცები ტრამვაიში თავიანთ ადგილებს იკავებდნენ და სანამ ბოლო გაჩერებაზე არ წამოყრიდნენ, გამოძინებასაც ასწრებდნენ. შემდეგ ტრამვაის გაჩერებიდან სამხედრო ბანაკის შესასვლელამდე ასე, დაახლოებით მეოთხედი მილის სიგრძის გზას გაუყვებოდნენ, პერანგის ღილებს იკრავდნენ, ქუდებს ისწორებდნენ და საგუშაგო ოთახში შედიოდნენ.
გზის პირას ბალახი ბეტონისგან თავის დაღწევას ლამობდა. ქალაქის საზღვარიც აქ გადიოდა; ერთნაირი საცხოვრებელი სახლებითა და კინოთეატრებით მჭიდროდ განაშენიანებული ტერიტორია მთავრდებოდა და განაპირა რაიონები იწყებოდა.
სულ ცოტა ხნის წინ, ბანაკის ადგილას საძოვრები და სახნავ-სათესი მიწები იყო. მთის კალთაზე ჯერ კიდევ იდგა სოფლის სახლი, რომელსაც ბატალიონის კანცელარიად ვიყენებდით. გალავნის ნაწილს, ერთ დროს ალბათ ხეხილის ბაღს რომ ერტყა გარს, სურო ეხვეოდა. ნახევარ აკრ მიწაზე, სამრეცხაოს უკან, დასახიჩრებული ხეები სულს ღაფავდნენ, მეტი არაფერი გადარჩენილიყო ხეხილის ბაღიდან. ეტყობოდა, რომ ეს ადგილი ჯარის დაბანაკებამდე კარგა ხნით ადრე მოინიშნა დასანგრევად. მშვიდობის კიდევ ერთი წელი და აღარც სახლი იქნებოდა, აღარც გალავანი და აღარც ვაშლის ხეები. მოშიშვლებულ თიხიან სანაპიროებსა და ღია თხრილებს შორის ნახევარი მილი ბეტონის გზა გადიოდა; როგორც ჩანს, მუნიციპალიტეტის კონტრაქტორები აქ გეგმავდნენ საკანალიზაციო სისტემის გაყვანას. ერთი მშვიდობიანი წელიწადიც და აქაურობა ქალაქის გარეუბნად გადაიქცეოდა. ჩვენ რომ გამოვიზამთრეთ, ალბათ იმ ქოხების დანგრევის ჯერიც მალე დადგება.
გზის იქით ქალაქის ფსიქიატრიული საავადმყოფოს შენობა იდგა. საავადმყოფოს ხეთა ჯარი ერტყა გარს და ზამთარ-ზაფხულ მათ ჩრდილში იყო ჩამალული. ვინ იცის, რამდენჯერ გამხდარა ეს ადგილი ჩვენი ქილიკის მიზეზი. შენობის თუჯის ზღუდისა და მდიდრული ჭიშკრის ფონზე ეკლიანი მავთულხლართი უბრალოდ სამარცხვინოდ გამოიყურებოდა. კარგ ამინდში შეშლილები გარეთ გამოეფინებოდნენ და საამოდ გამწვანებულ გაზონებს შორის მოკირწყლულ ბილიკებზე უდარდელად სეირნობდნენ; ხშირად ვუცქერდით ხოლმე ამ ბედნიერ კოლაბორაციონისტებს, რომლებმაც უთანასწორო ბრძოლა შეწყვიტეს, რომლებსაც საეჭვო საკითხები აღარ აწუხებდათ, რომლებმაც თავიანთი მოვალეობები შესრულებულად მიიჩნიეს; პროგრესის საუკუნის კანონიერი და უცილობელი მემკვიდრეები ახლა მემკვიდრეობით მიღებული ფუფუნებით ტკბებოდნენ. მწყობრი სვლით რომ ჩავუვლიდით საავადმყოფოს, ვიღაცები ღობის იქით გადასძახებდნენ ხოლმე – "ერთი საწოლი გამითბე, ძმაკაც, მეც მალე მოვალ". მაგრამ ჩვენი ახლად შემოერთებული ოცმეთაური, ჰუპერი, ამ ხალხს პრივილიგირებულ პირობებში ცხოვრებას ამადლიდა: "ჰიტლერი გაზის კამერაში შეყრიდა, – იტყოდა ხოლმე, – მისგანაც შეიძლებოდა რაღაცის სწავლა".
შუა ზამთარში აქ მარშით ამოვიყვანე იმედით ფრთაშესხმული, ძლიერი, სანდო კაცების ასეული. ხმა გავრცელდა, რომ ჩვენი ასეული ტყუილად არ გადმოისროლეს უდაბური, ხავსმოდებული ადგილიდან ნავსადგურთან ახლოს და, ბოლოს და ბოლოს, მალე გავემგზავრებოდით ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ დღე დღეს მისდევდა და დრო თოვლის გადაფერთხვასა და სამწყობრო მოედნის მოსუფთავებაში გადიოდა. იმედგაცრუებული ჯარისკაცები თანდათან ბედს დამორჩილდნენ. დუქნებიდან გამოსულ შემწვარი თევზის სუნს ხარბად ისუნთაქვდნენ, ყურებს ცქვეტდნენ, როდესაც მათს სმენას ქარხნების საყვირის მშვიდობის დროინდელი ხმა და საცეკვაო მუსიკის ნაცნობი ჰანგები სწვდებოდა. უქმე დღეებში ქუჩებში დაყიალობდნენ, ოფიცრების დანახვაზე კუთხეს ამოეფარებოდნენ და უცბად გაიძურწებოდნენ ხოლმე, რომ სამხედრო სალმის მიცემის დროს ახალ საყვარლებთან თავი დამცირებულად არ ეგრძნოთ. ასეულის კანცელარიის მაგიდებზე დახვავებული იყო ახსნა-განმარტებითი ბარათები, სადაც ჯარისკაცები ოჯახური მდგომარეობის გამო შვებულებას ითხოვდნენ. ყოველი დილა პირჩამომტირალი და თვალგაშტერებული სიმულანტების საწყალობელი კვნესა-წუწუნით თენდებოდა.
მე ჩემი თავისთვის ვერ მეშველა და ისინი როგორ გამემხნევებინა? თუმცა, წესითა და რიგით, მომეთხოვებოდა. პოლკოვნიკი, რომლის მეთაურობითაც ჩვენი პოლკი ჩამოყალიბდა, დააწინაურეს და აქედან გადაიყვანეს. მის ნაცვლად სხვა პოლკიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვიდა, რომელიც მაინცდამაინც დიდ სიყვარულს ვერ იმსახურებდა. ახლა ოფიცრების სასადილოში თითო-ოროლა მოხალისეს თუ შეხვდებოდით; იმ მოხალისეთა უმრავლესობა, წვრთნა ომის დასაწყისში ერთად რომ გაიარეს, აქეთ-იქით მიმოიფანტა – ზოგი დასახიჩრდა და ჩამოწერეს, ზოგი დააწინაურეს და სხვა ბატალიონში გადაიყვანეს, ზოგმა შტაბში დაიწყო სამსახური, ზოგი სპეციალური დანიშნულების ნაწილში გადავიდა, ერთი პოლიგონზე მოკლეს, მეორე სამხედრო ტრიბუნალს გადასცეს; მათი ადგილები ახალწვეულებმა შეავსეს. ახლა ბევრი რამ ისე აღარ იყო, როგორც უწინ – რადიო განუწყვეტლივ უკრავდა და სადილამდე ბლომად ლუდი