ჩემოდანი (დრამატული სცენა)
მოქმედი პირები:
ქალი.
სტუმარი ქალი.
ჩემოდანი (მამაკაცი).
ნათელი ოთახი, თუმცა ვერაფრით უნდა ხვდებოდეთ, რომ ეს ოთახია. მაგალითად, სასურველია, რომ სცენის უკან შავი მართკუთხა ჩარჩოები დაიხატოს ან შავი ფარდის მეშვეობით მცირე დამატებითი სივრცე შეიქმნას. შუაზე - მაგიდა. მაგიდასთან - ორი სკამი.
ფარდის აწევასთან ერთად კედლის საათი (ბუნებრივია, უხილავი) ხუთჯერ ჩამოჰკრავს. მარჯვნივ, სკამზე - ქალია, მარცხნივ - სტუმარი ქალი. ორივე ფართოდ იღიმება. ქალი ახალგაზრდაა, ახალი გათხოვილი. სტუმარი ქალი, მისი მეგობარი, გაუთხოვარია.
მონა ლიზა!
შენ იღიმები, -
შენ უკვადვი შეიქენ
ფარული ღიმილით შენიღბული.
როდესაც ჯავშნით აღჭურვილი
ჯარისკაცებიც კი
არ არიან უკვდავნი.
ტანკები და
ჯავშანმანქანებიც კი
არ არიან უკვდავნი.
ფოლადი იჟანგება
იქცევა მეწამულ ქვიშად -
ჯართის გროვად
უცნობ ჯარისკაცთა საფლავად.
მხოლოდ მონა ლიზა არ ჟანგდება.
ღიმილი არ იჟანგება,
ღიმილის ნიღაბი
ჯავშანზე მტკიცეა.
გილოცავთ შენ
ფრანჩესკო დელ ჯოკონდოს მეუღლევ.
შენ ოთხასოთხმოცდაათი წლის ხარ.
გილოცავთ,
გილოცავთ
ოთხასოთხმოცდაათი წლის
ბებრუხანა მონა ლიზას.
ქალი. რაღაც აგეკრო სახელოზე.
სტუმარი ქალი სიგარეტს, რომელიც მარჯვენა ხელით ეკავა, საფერფლეში დებს და იდაყვს ისე გადმოაბრუნებს, რომ მას შუქი დაეცეს.
სტუმარი ქალი. სად?
ქალი. აი... კატის ბეწვი ხომ არ არის?
სტუმარი ქალი. კატის? არა მგონია...
ქალი. არ გიყვარს კატები?
სტუმარი ქალი (ენერგიულად). ვერ ვიტან.
სტუმარი ქალი იბუზება და უფრო ღრმად ჯდება სკამზე. ქალი პოზას ინარჩუნებს - ოდნავ წინ გადახრილი ზის. ერთმანეთს უყურებენ, და სანამ მორიგი ლექსების კითხვა მიმდინარეობს, სახეზე ღიმილი არ შორდებათ. თანდათან ბინდდება.
მუდამ იღიმე,
ღიმილის ნიღაბქვეშ
დამალე სული შენი.
ნაცვლად ტყვიის ფურცლისა, რადიაციისგან რომ იცავს,
ნაცვლად ბოჭკოვანი შუშის ფურცლისა, ცეცხლისგან რომ იცავს,
კოსმოსური სკაფანდრის ნაცვლად, უჰაერო სივრცეში რომ იცავს სხეულს,
ღიმილი,
ღიმილის ნიღაბი,
ომის გაზების სურნელი,
ბირჟის გოგირდოვანი სურნელი,
ისტორიის გამონაბოლქვი აირები,
აქ კი ყოვალდ უვნებელი
ნიღაბი, რომელსაც ღიმილი ჰქვია.
ამიტომ სწორედ, მონა ლიზა
არ ჩამოიშორო ნიღაბი
არ გაამხილო ღიმილის საიდუმლო.
თუ ადამიანი იხილავს შენს სახეს,
ის გრძნობას დაკარგავს.
არ დადის ამქვეყნად ადამიანი,
მის ხილვას რომელიც გაბედავდა.
ქალი. რა ხალხი ვართ...
სტუმარი ქალი. ჰო...
ქალი. ყველაფერში ვგავართ ერთმანეთს, და მაინც...
სტუმარი ქალი. ჰო. რას იზამ... (საათს უყურებს)
ქალი (შეცვლილი ინტონაციით), მისმინე, წინააღმდეგი ხომ არ იქნები? (იღიმის მობოდიშებით) მინდოდა, რაღაც გენახა.
სტუმარი ქალი. შენ ხომ ვახშმის მომზადებას აპირებდი?
ქალი (შეუპოვრად აწყვეტინებს სტუმარ ქალს). დღეს გვიან მოვა. ერთი თასი ბრინჯი ეყოფა. მოდი ერთად ვჭამოთ, რას იტყვი?
სტუმარი ქალი. კარგი, მაგრამ...
ქალი (მოზეიმედ). ჰოდა მშვენიერია.
სტუმარი ქალი (იკავებს ღიმილს). სრულებით არ შეცვლილხარ...
ქალი. მაგრამ გთხოვ, მასთან სიტყვა არ წამოგცდეს. მპირდები?
სტუმარი ქალი. რას ჰგავს ეს, ბოლოს და ბოლოს?
ქალი (დაჟინებით). მოიცა!
ქალი მყისვე დგება სკამიდან და შეუვალი გამომეტყველებით მიდის მარჯვნივ. სტუმარი ქალი ეჭვის თვალით უყურებს. ახალ სიგარეტს უკიდებს. ქალი ბრუნდება ჩემოდნით ხელში. ამასთან, ჩემოდანი - მამაკაცია. ბუნებრივია, რომ ქალს არ შეუძლია მისი ტარება. ამიტომ მამაკაცი თავად უნდა მიდიოდეს და მხოლოდ შთაბეჭდილებას ქმნიდეს, თითქოს ქალს მიჰყავს. შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს, რომ მამაკაცი ფინიასავით ოთხზე მირბოდეს. ტანსაცემლი შელახული აქვს, გაუაპარსავია, საცოდავად გამოიყურება. შესაძლოა მხოლოდ ტრუსი ეცვას.
ქალი ფრთხილად დგამს ჩემოდანს მაგიდაზე. რასაკვირველია, მამაკაცი თავად უნდა აძვრეს მაგიდაზე და მხოლოდ შთაბეჭდილება შექმნას, რომ მას დგამენ.
სტუმარი ქალი. ეს რა არის?
ქალი. ჩემოდანი.
სტუმარი ქალი. ვხედავ...
ქალი. ხელი არ ახლო ჯერ... (კედლისკენ მიდის და შუქს ანთებს)
სტუმარი ქალი (ყურადღებით ათვალიერებს ჩემოდანს). რა შელახულია.
ქალი (თავის ადგილს უბრუნდება). სამაგიეროდ ნამდვილი ტყავია.
სტუმარი ქალი. შესაძლებელია, მაგრამ...
ქალი. სიმართლეს გეუბნები, ახლოს მოდი და უყნოსე. რისი სუნი ასდის?
სტუმარი ქალი. შიგნით რა დევს?
ქალი. დაკეტილია და ვერ ვაღებ.
სტუმარი ქალი. კლიტეებიც გამწვანებულა.
ქალი. სამაგიეროდ ნამდვილი ლატუნია.
სტუმარი ქალი (კითხვის გამომხატველი გამომეტყველებით). და რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
ქალი (დაუძლურებული). დავიტანჯე...
სტუმარი ქალი ფერფლს ყრის სიგარეტიდან.
მაგრამ შენთვის ყველაფრის გულწფელად თქმა ვერ გავბედე. რას ფიქრობ, როგორ უნდა მოვიქცე?
სტუმარი ქალი. რას ნიშნავს როგორ?
ქალი. მაინტერესებს, შიგნით რა არის.
სტუმარი ქალი. იქნებ მისი ნივთებია?
ქალი (თავს აქნევს). შესაძლოა. მაგრამ დაკეტილი რომაა...
სტუმარი ქალი. მაშინ...
ქალი. იქნებ ჯობდეს, რომ არ ვიცოდე?