ძეგლი ყველასათვის მაიმუნის წელიწადია, მაიმუნის!.. ჭირი და უბედურება ახლა ნახეთ თქვენიო, წაიწიკვინებდა, იმ ცალ თვალსაც მზაკვრულად წკურავდა ქეცბაიების ღრეობას მიყურადებული თუ საკუთარი ჯადოქრობით დამტკბარ-აღვიზინებული ფეხუცა-გრძნეული და: ტფუი, კუდიანია ეს ჯოჯო, კოჭიც უკუღმა ექნებაო, იროდი ბიძიამ ვეღარ მოითმინა, იფეთქა; მისი მუგუზალივით ანთებული სახე და კარის გაჯახუნებაც დამამახსოვრდა.
ისე, ახლაც არ ვიცი, რას ნიშნავს და როგორია მაიმუნის წელიწადი! არც ის კოჭუკუღმა დედაბერი შემხვედრია სადმე, მაგრამ, დღევანდელი გადასახედიდან რომ ვუყურებ, მართალი უთქვამს; მგონი, სულ ის თარსი წელიწადი გვიდგას. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, მას მერე სიმშვიდე არ ყოფილა ჩვენსას, შინაურობაში, სამეზობლოში, ქალაქში და, თუ გნებავთ, ქვეყანაში; სულ შუღლი, მტრობა, კაცკვლა და დავიდარაბაა!
შეიძლება, ეს ასე არ არის!
მახსოვრობაზე ვამბობ.
მახსოვრობა, ვგონებ, სხვა რამეა... ვფიქრობ, ის უფრო ადრინდელია და სხვა გარემოში ჩაკირული, ანუ იმ შორეულ და მშობლიურ სოფელში, რომელიც, მინდა თუ არ მინდა, თავს მახსენებს, ბეჭზე გამკრავს ჭვალივით, დამსუსხავს, მორიელის დანახედივით ამიფორაჯდება ზურგი და ვარ მარტო, უღონო, ბნელში კედელსშეხლილივით დარეტიანებული. ჯერ კიდევ როდიდან მდევნის ეს განცდა! მდევნის, თუმცა ჯერ...
ჯერ...
გერო დაბრუნდაო და, ქეცბაიების სახლის აივნიდან თოფმა რომ იჭექა, იმ დღეს ცხრა წელი შემისრულდა.
ესეც შენი დაბადების დღე!
არა, ამას ვერ გავიფიქრებდი, ამის თავი სად მქონდა. მთავარი იყო, ჯერაც ლეღვზე ვიყავი, ტოჩის ხომ თვალიც ვერ ვკიდე, ისე ჩალეწ-ჩაიტანა იქაურობა, მე კი ხისა თუ სივრცის შეშფოთებულ ტორტმანს ფრჩხილებით ჩავფრენოდი, ტოტებიანა ვცახცახებდი, ვწიოდი.
შეიძლება, არც ეს არის ის, რისი თქმაც მინდა, რა მაწუხებს.
ეს შიში უფრო იყო, ალბათ, მისი მწარე და სამახსოვრო ბრჭყალი, რამაც ჩემ ცხოვრებას სამუდამო დაღი დაამჩნია, მეტიც, თავისებურად შეცვალა იგი.
მაინც რა იყო ეს, უბედური შემთხვევა, ღვთის ნება, ბედისწერა თუ ჩემი და ტოჩის ერთი უგერგილო გამოცდა სატანისგან, რისი გარკვევის სურვილი მკლავს ახლა. მიუხედავად ამისა, რადგან თხრობა იმ "სამახსოვრო" გასროლიდან დავიწყე, ჩანს, ეს დღე უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, რაც მანამდე იყო – მახსოვრობის დაწყებითი, გნებავთ, არანაკლები და უარესად ჩამსხვრეული ცხოვრების პირველივე საფეხური!
შეიძლება, მახსოვრობას შიშთან მეტი საერთო აქვს ან სულაც ერთია, ერთიანი, რაღაც უწყვეტი და მრთელი – შიში და მახსოვრობა! თავად ადამის შვილია ის, ათასწლეულის და უფრო მეტისაა მახსოვრობა: შიშისგან შეკოწიწებული, იმისი თხლე, ნალექი, ამდაგვარი ჯანდაბა... არ ვიცი, ვიცი თუ არა ეს და, ჩანს, ვერც ვერასოდეს ჩავწვდები ბოლომდე! მე მხოლოდ ის ვიცი, რაც ვნახე. მე დავინახე, რომ ადამიანი, ვითომ სამყაროს ჭიპი, ვითომ ბუნების მეფე, მბრძანებელი, თავის უფალი... არაფერია! ერთი ახვეტილი ძუძგია და ნაგავი, ჩემო ბატონო! რომ ყურძნის პოწკოზე შერჩენილ ჩიტის გაკენკილ კუმპალზე მეტი აღარ არის! უარესიც: ვირის ჩლიქში მოქცეული წიპწაა! და სანამ გავისრისები წიპწასავით, სანამ დიდყურას ქაჩაჩში არ გავმქრალვარ, ერთი სული მაქვს, მკლავს პირდაპირ – წერის ჟინი, იმისი ხოში თუ ახირება და მეც ვწერ, უფალო, ყველას უჩუმრად და მალულად ჩემ უნუგეშო და ნაღვლიან თავგადასავალს!
ვიცი, არავინ დაიჯერებს ჩემ მწერლობას!
არავინ, თავზემოთ მოჭიქული ცის ჩათვლით... ამის უტყუარი საბუთი არა ერთი და ორი აქვთ.
მერე რა?!
ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ!
არაფრის დამტკიცებას ვაპირებ.
არც არაფერი მინდა!
პა-რი-დონ, სიტყვა რომ გამექცა...
აი, ერთი რამ ნაღდად მაქვს სათქმელი, ჩემო ორგულო ძმებო, ურჩხულებო!
მე არც ისე სულელი ვარ, როგორც თქვენ ფიქრობთ და გგონიათ, და არც იმდენად ჭკვიანი – შემოგედავოთ რაიმეში და მწერლად წარმოგიდგინოთ თავი!
უფრო მეტს ვიტყვი. საერთოდ არ ვთვლი მწერლობას დინჯ, სერიოზულ საქმედ და, ზოგიერთი კალმოსნის გადამკიდე, გნებავთ, საჭიროდაც! თუ რატომ, ახლავე მოგახსენებთ. ერთ პოეტს მაინც ხომ ვიცნობ, ცოცხალს, რო იტყვიან, ქურდივით კანონიერს, გაუყიდავს, მაგარ-მაგარს; ვეება აბურდული წვერით, გამარადისებული შუბლით, გაფანტული მზერით, პიჯაკით, ჟილეტზე ვერცხლის ძველებური ძეწკვიანი საათით, მაგრამ მთვრალიც და ფხიზელიც ისეთი უმწეოა და გაუბედურებული – მისი საცოდაობით ვიწვი დღესაც! მესმის, ის მწერალი ბრძანდება და, როგორც ამბობენ, ნიჭიერი, განათლებული, ხალხში ლექსად განვრცობილი, ცნობილი, დაფასებული, ვიღაცისგან დაუფასებელი (ალბათ ძველი მთავრობისაგან!), განწირული. კი ბატონო, მჯერა, ან ჩემგან რა მიდის საერთოდ... მის შემოქმედებას კარგად ვიცნობ-მეთქი, ტყუილი გამომივა... ამასა და ამის გამო თუ ათასი ოხრობის, ის მაღიზიანებს და ვერ მომინელებია, ერთად ქეიფისას, ვთქვათ, პურის ნამცეცი რომ აღმოუჩინო გაბურძგნილ წვერში – გენიოსის უღლისქვეშ ტანჯული კი არა, ერთი გაბოროტებული ღრენია სიაფანდი ქაჯი შეგრჩება! კი ბატონო, ვაღიარებ, მე მისი