ვარიაციები თემაზე:
უცნაური საქმიანობანი
* * *
თავიდან ორი სიტყვა თვითონ ამ ჩანაწერებზე.
ოდესღაც სტატია დავწერე მოკლე მონაკვეთებად, „თემა და ვარიაციები“ დავარქვი. მართლაც, ერთსა და იმავე თემას ვუტრიალებდი სხვადასხვა კუთხითა თუ რაკურსით.
ჩანაწერებად მოიხსენიეს.
მეორედაც იგივე განმეორდა.
შემდეგ ჯერზე თემის ერთიანობისთვის კი არა, დალაგებისათვისაც აღარ მიზრუნია, შევატყვე, თავს სულ ტყუილად გავიწვალებდი. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გავხდი ჩანაწერების ავტორი.
აქ კი მაინც ვცადე მათი თემატურად დალაგება.
* * *
ისე, კაცმა რომ თქვას, არავითარი ჩანაწერები ეგ არ არის.
ჩანაწერი იმას ჰქვია – შენთვის რამეს ჩაინიშნავ, რომ მერე სადღაც უკეთესი ადგილი მოუძებნო. ეგენი უფრო მინი ესეებია, „წვრილ-წვრილი საკითხავი“.
იმასაც ვიტყვი, რა მგონია, დღევანდელ საქართველოში ასე რატომ იბარტყა?
ხუმრობად ჩამომერთვას, ანდა ხუმრობადაც ნუ ჩამომერთმევა – სიზარმაცის ჟანრია. რაღაც ფიქრები მოგდის, რაღაც ამბებს იხსენებ, მაგრამ თავის ადგილს არ თუ ვერ უძებნი, ზედმეტი გარჯა გეზარება. ლიტერატურული შრომა მაინც იაფფასიან თამაშად ქცეულა.
იმას ვამბობდი, ვცადე-მეთქი, თემატურად დამელაგებინა. ეჭვი მაქვს – არცთუ დიდი წარმატებით.
არადა, ისეთი წიგნია, შეიძლებოდა სულ არ დალაგებულიყო.
* * *
ამ თავში უპირველესად პოეტურ ხელოვნებაზე იქნება ლაპარაკი. თუ გავცდები, მხოლოდ იქამდე გავცდები, ძველმოდურ ენაზე სიტყვაკაზმული მწერლობა რომ ერქვა.
ამიტომ, ვისაც ჩემთან მაინც სურს პირისპირ დარჩენა, ოღონდ სულ სხვა თემებზე სასაუბროდ, მეტი რა გზა მაქვს, უნდა ვურჩიო, ეს თავი გამოტოვოს.
თუმცა გარანტიას ვერ მივცემ, რომ ისევ და ისევ არ მოუწევს ლიტერატურასთან მიბრუნება.
* * *
პოეზია ყოვლად უცნაური საქმიანობაა. არქაული გადმონაშთი.
პროზაიკოსები ხშირად შფოთავენ: – არა, ცხოვრებაში ასე ვინ ლაპარაკობს!
ლევ ტოლსტოი, პოეზიის გარდა, ოპერასა და ბალეტსაც არ სწყალობდა: – არა, ასე ვინ ლაპარაკობს! ან ასე ვინ დადის!
თითქოს არარსებული ადამიანებისა და არმომხდარი ამბების გამოგონება და ათასობით ფურცლის გავსება ასეთივე უცნაური საქმიანობა არ იყოს.
მხატვრული პროზაც ალბათ არქაული გადმონაშთია, – მითოსი, ზღაპარი.
ოღონდ ერთმანეთზე რატომღაც ხშირ-ხშირად წყრებიან.
* * *
ამ დავაში, არც მეტი, არც ნაკლები, თვით დიდი რუსთაველიც ჩაბმულა:
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.
რა დიდი გამოცნობა უნდა, პროზაულ სიტყვას ერჩის, ეს მშვენიერი სტრიქონი პროზად მეტყველი მწერლებისკენ ნასროლი – არა, კენჭი არა – კაი გვარიანი ლოდია.
ოღონდ თან ისიც მოსწონს, მოკლე სიტყვა რომ ძალიან გრძლად მიიწელება ანუ თანამედროვე გაგებით სასიყვარულო რომანი. ოღონდ ლექსად, ცხადია, მხოლოდ ლექსად ნათქვამი.
ნაბეჭდმა სიტყვამ კი პირველი, რაც მოაშთო, ლექსად დაწერილი რომანი იყო. საცა ვერ მოაშთო, შორეულ პერიფერიაში გაამგზავრა.
* * *
შემდგომდროინდელი პოეტები რომანს სწორედ მაგას ედავებიან და მაგის გამო აქილიკებენ, ძალიან გრძლად რომ მიიწელება, – ნამდვილი დასასრული არა აქვსო, მთავარი გმირების სიკვდილიც კი არ ყოფილა ნამდვილი დასასრული. შიგ ურთიერთობათა ისეთი ხლართებია, მათ გახსნაში თურმე თავისუფლად შეიძლება მომდევნო თაობაც ჩაებას, მერე მომდევნოს მომდევნო და ასე უდასასრულოდ.
არა, პროზაიკოსებიც ვალში არ რჩებიან. ლექსად მეტყველება თურმე რა ყოფილა: უნდა მარცვალ-მარცვალ ხტუნვა-ხტუნვით იარო, ხოლო ყოველი რვა თუ ათი მარცვლის შემდეგ, რაც შეიძლება ღრმად ჩაიმუხლო.
ჩამუხვლაში, ცხადია, რითმა იგულისხმება, მაგრამ დღესდღეობით ეგ უკვე კარგა ხნის დაძლეული ამბავია.
* * *
სერვანტესი „დონ კიხოტის“ შესავალში, ბოლოკვეცილ ლექსში, არცთუ უსაფუძვლოდ გვარიგებს:
შუშაბანდში ვინცა ცხოვ-
სხვის შუშაბანდს ქვებს ნუ უშ-
გაუფრთხილდეს თავის შუშ-
* * *
არაერთხელ აღნიშნულა, რომ პროზისა და პოეზიის ზემოქმედების არე ბუნებრივად იყოფა.
რომ პროზას ენის ბარიერი ნაკლებად ზღუდავს, წარმატებული პროზაული წიგნი რამდენიმე წელიწადში მსოფლიოს მოედება.
და რომ, სამაგიეროდ, ნაციონალური ენის შიგნით პოეტების სახელს პროზაიკოსებისა ვერასოდეს უთანაბრდება, რადგან პოეზიის მომხიბვლელობა გაცილებით ღრმა ენობრივი შრეებიდან მოდის.
ასეა ნათქვამი.
ოღონდ ეს წინათ იყო, მეოცე საუკუნის შუა წლებამდე. ახლა პოეზიამ ნაციონალური ენების შიგნითაც დათმო პოზიციები.
* * *
ლექსი, მართლაც, გაცილებით უფრო მისკვნილია ენასთან, გაცილებით უფრო ენობრივი ფენომენია, ვიდრე პროზა.
სიტყვას აქვს უზარმაზარი ემოციური ენერგია, რომელსაც ლექსი, არ ვიცი, როგორ ვთქვა, კრავს თუ კალაპოტს აძლევს.
გასაგებად ალბათ ვერც ვერასოდეს ვიტყვი, მაგალითი თუ არ მოვიშველიე. ქვემოთ მოხმობილ სტრიქონებში არ არის არავითარი პოეტური ტროპი, არც რაიმე განსაკუთრებული სათქმელი, მხოლოდ სიტყვის ემოციური ენერგია.
არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მპყრობელმან:
თინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე, მისმან მშობელმან.
ვერავითარი პწკარედი