თავი I
გაზეთში ბევრი არაფერი ეწერა. და მკითხველები, როცა ამ სენსაციურ სათაურს დახედავდნენ და მერე ცნობასაც გადაავლებდნენ თვალს, ერთგვარ იმედგაცრუებას იგრძნობდნენ, რომელიც ძალიან ემგვანებოდა კმაყოფილებას, თითქოს მოლოდინი გაუმართლდათო, თითქოს ის მოხდა, რაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო. სწორედ ამგვარი ემოციები იპყრობთ ხოლმე თეთრებს, როცა გაიგებენ, ადგილობრივმა მოიპარა, მოკლა ან გააუპატიურაო.
და მერე სხვა გვერდზე გადაშლიდნენ გაზეთს.
მხოლოდ ისინი, ვინც იცნობდნენ ტერნერებს, ან ერთხელ მაინც მოეკრათ მათთვის თვალი, ან წლების განმავლობაში ეჭორავათ მათზე, არ გადაფურცლავდნენ გაზეთს ასე სწრაფად. ბევრი ალბათ ამოჭრიდა კიდეც ცნობას და ძველ წერილებში შეინახავდა, ან რომელიმე წიგნში ჩადებდა ფურცლებს შორის. შეინახავდა როგორც ავის მომასწავებელ ნიშანს, როგორც გაფრთხილებას და მერე მკაცრი, იდუმალი მზერით დახედავდა შეყვითლებულ ნაგლეჯს. თუმცა სიტყვას არასდროს ჩამოაგდებდნენ მკვლელობაზე და მთელ ამ ამბავში სწორედ ეს იყო ყველაზე უცნაური. თითქოს რომელიღაც მეექვსე გრძნობით იცოდნენ ყველაფერი, რისი ცოდნაც საჭირო იყო, თუმცა იმ სამ ადამიანს, რომლებსაც მომხდარის ახსნა შეეძლოთ, კრინტი არ დაუძრავს. მკვლელობაზე, უბრალოდ, არ ლაპარაკობდნენ. „ცუდი ამბავია“, - აღნიშნავდა ვინმე და ირგვლივ ყველას თავშეკავებული, მოდარაჯე გამომეტყველება დაედებოდა სახეზე. „ჰო, ძალიან ცუდი“, - გაისმოდა პასუხი და ყველაფერი ამით დამთავრდებოდა. თითქოს უსიტყვოდ შეთანხმებულიყვნენ, ტერნერების ამბავს ქვეყნის სალაპარაკოდ არ გავხდითო. არადა, ეს ფერმების მხარე იყო, სადაც თეთრების ოჯახები შემთხვევიდან შემთხვევამდე ძნელად თუ გადაეყრებოდნენ ერთმანეთს. თავისნაირის ნახვას, ლაპარაკს, კამათს, ვინმეს გაკილვას დანატრებულები, შეხვდებოდნენ ერთმანეთს, რამდენიმე საათს ორ ხმაში ილაპარაკებდნენ და მერე დაბრუნდებოდნენ უკან, თავიანთ ფერმებში, სადაც კიდევ მრავალი კვირის განმავლობაში მხოლოდ საკუთარი და თავისი შავკანიანი მსახურების სახეებისთვის უნდა ეცქირათ. წესით, ეს მკვლელობა თვეობით უნდა ჰყოფნოდათ საკამათოდ, ხალხი ერთგვარად მადლობელიც კი უნდა ყოფილიყო, რომ სალაპარაკო თემა გამოუჩნდა.
გარეშე თვალს ეგებ ჰგონებოდა, ენერგიულმა ჩარლი სლეტერმა პირადად ჩამოუარა მხარის ფერმებს და გააფრთხილა ხალხი, ენას კბილი დააჭირეთო, მაგრამ ასეთი რამე მას აზრადაც არ მოსვლია. მისი ყოველი ნაბიჯი (სხვათა შორის, ერთი შეცდომაც არ მოსვლია) აშკარად ინსტინქტური და წინასწარ დაუგეგმავი იყო. მთელ ამ ამბავში ყველაზე საინტერესო სწორედ ეს დუმილი გახლდათ, გაუცნობიერებელი თანხმობა. ყველანი ჩიტების გუნდს ჰგავდნენ, ჩიტებისას, რომლებიც - ყოველ შემთხვევაში, გარეშე თვალს ასე ეგონება - რაღაცნაირად ტელეპათიურად უკავშირდებიან ერთმანეთს.
აი, ჯერ კიდევ მკვლელობამდე კარგა ხნით ადრე ხალხი ბევრს ჭორაობდა ტერნერებზე. მკაცრად, მოურიდებლად საუბრობდნენ, ზუსტად ისე, როგორც უიღბლოებზე, დამნაშავეებსა და იმ ადამიანებზე ლაპარაკობენ ხოლმე, რომლებიც თავიანთი ნებით განუდგნენ საზოგადოებას. ტერნერები არ უყვარდათ, ამიტომაც მხოლოდ რამდენიმე მეზობელი თუ შეხვედროდა მათ, სხვებს მხოლოდ შორიდან მოეკრათ ცოლ-ქმრისთვის თვალი. კი მაგრამ, რატომ არ უყვარდათ? „ყველასაგან განცალკევებით ეჭირათ თავი“ და იმიტომ. მეტი არაფერი. არასდროს არავის უნახავს ისინი არც ამ მხარეში გამართულ ცეკვებზე, არც დღესასწაულებზე, არც სპორტულ შეჯიბრებებზე. ალბათ რცხვენიათ რაღაცისო, ფიქრობდა ყველა. ერთგვარი უწესობა იყო ასე განცალკევება, სილის გარტყმას ჰგავდა სათითაოდ ყველასთვის. კი მაგრამ, რატომ დიდგულობდნენ? მართლა რა ადიდგულებთ! როგორ ცხოვრობენ! სახლი კი არა, ერთი ბეწო ყუთი უდგათ, დროებით საცხოვრებლად - კიდევ ჰო, მაგრამ სულ ამაში როგორ უნდა გაძლო კაცმა?! ზოგიერთ აბორიგენსაც (არცთუ ბევრს, მადლობა ღმერთს) აქვს ასეთივე სახლი. რა შთაბეჭდილება უნდა დარჩეთ, როცა დაინახავენ, რომ თეთრკანიანიც მათსავით ცხოვრობს?!
ვიღაცამ თქვა მერე, „ღარიბი თეთრებიო“. შეშფოთდა ხალხი. სიმდიდრით მაშინ ჯერ კიდევ დიდად არ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან იქაურები (ეს მანამდე იყო, სანამ თამბაქოს ბარონების ეპოქა დაიწყებოდა), თუმცა ეროვნული ნიშნით დაყოფას კი ნამდვილად დიდ ყურადღებას აქცევდნენ. აფრიკელების პატარა საზოგადოება თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა, ბრიტანელები არც იმჩნევდნენ მათ. „ღარიბი თეთრები“ ყოველთვის აფრიკელები იყვნენ, ბრიტანელები - არასდროს. მაგრამ ვიღაცამ ითავხედა და თქვა, ტერნერები ღარიბი თეთრკანიანები არიანო. მაშინ რითღა განსხვავდებოდნენ ბრიტანელები აფრიკელებისგან? რას ნიშნავდა ეს „ღარიბი თეთრი“? ცხოვრების წესს გულისხმობდნენ, ცხოვრებისეულ ნორმებს. ტერნერებს ბავშვების ჯგრო აკლდათ და ნამდვილ ღარიბ თეთრკანიანებად იქცეოდნენ.
საბუთების სისწორე ეჭვს არ იწვევდა, მაგრამ ხალხი მაინც არ მიიჩნევდა ტერნერებს ღარიბ თეთრებად, ღალატს ნიშნავდა ასეთი ფიქრი. ბოლოს და ბოლოს, ტერნერებიც ხომ ბრიტანელები იყვნენ.
მოკლედ, აქაურები ტერნერებს ერთგვარი კასტური სულისკვეთებით ექცეოდნენ, რაც გახლავთ კიდეც სამხრეთაფრიკული საზოგადოების მთავარი მახასიათებელი და რასაც არაფრად აგდებდნენ ტერნერები. ისინი აშკარად ვერ ხედავდნენ ამ კასტური სულისკვეთების საჭიროებას. სინამდვილეში სწორედ ამიტომაც სძულდათ ისინი.
რაც უფრო მეტი ადამიანი ფიქრობდა მომხდარზე, მით უფრო უცნაურდებოდა ყველაფერი. მარტო მკვლელობაშიც არ იყო საქმე,