იტვირთება...

პიანინო

არდაშელ თაქთირიძე

2017 წელი | ანბანი
1,308 ნახვა
4.65
(0 რეცენზია /3 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
0
ყიდვა
ანოტაცია
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
არდაშელის მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს მოგვიანებით შევუერთდი, - როცა მას პირველი კრებული უკვე გამოცემული ჰქონდა. ყველაფერი ასე დაიწყო: ერთ მშვენიერ დღეს ფეისბუქზე ლამაზად მჟღერი გვარ-სახელი შემომეფეთა - არდაშელ თაქთირიძე და ამ იშვიათ, იდუმალ, ფეოდალური იერისა და თანამედროვეობისათვის, ცოტა არ იყოს, უცნაურ სახელს თავშეფარებული ადამიანი ნოველას მთავაზობდა. თვალის გადავლება დავაპირე, თუმცა, ნურას უკაცრავად, - თვალის გადავლებით წასაკითხი სრულიადაც არ აღმოჩნდა ფეისბუქის „ფურცელზე“ გამართული სალიტერატურო ქართულით „ჩაწიკწიკებული“ ნოველა, რომელიც, აშკარა იყო, ცხოვრების ქვაბში ნათუხთუხები, ცხოვრების ცოდნით გაჯერებული, ათასი ამბის მნახველი და გამგონი ნიჭიერი ადამიანის ხელს დაეწერა. დაეწერა არა ნაჩქარევ-ნაუცბადევად, არამარტო „სატრიპაჩოდ“ და საკეკლუცოდ, არამედ მკითხველის წინაშე სრული პასუხისმგებლობის გასიგრძეგანებითაც, აწონ-დაწონვითაც, მოთხრობილი ამბის თითოეული დეტალის გულში გამოტარებითაც... გამიკვირდა, - მივხვდი, ეს არ იყო პირზე რძეშეუშრობი ყმაწვილის ფანტაზიის ნაყოფი, ეს, მინიმუმ, შუახნის ასაკის კაცის მიერ დაწერილი ნოველა იყო, - გამართული, აუკანკალებელი, თავდაჯერებული ხელით დაწერილი ნოველა. გამიკვირდა ის, რომ მეგონა, თანამედროვე ქართველ პროზაიკოსთაგან ყველას შემოქმედებას თუ არ ვიცნობ, მსმენია მაინც. მათ დაიწყეს, გააგრძელეს, გაიზარდნენ ან იზრდებიან და ასე მოჰყვებიან სამწერლო ასპარეზს. ეს ცხოვრებანანახი ასაკის ავტორი კი უცბად გაჩნდა, ლიტერატურული წარსულის გარეშე პირდაპირ აწმყოში გამოგვეცხადა და ყოფიერებისა და წიგნიერების ცოდნით აღბეჭდილი სულის ამაფორიაქებელი და ფიქრში ჩამრჩენი ნოველა შემოგვთავაზა... სასწრაფოდ არდაშელის ფეისბუქგვერდს ვეწვიე. ეს, ფაქტიურად, მისი ნოველების კრებულია, რომელსაც იგი შინიდან გაუსვლელად, მაღაზიაში შეუსვლელად, წიგნის უყიდველად სთავაზობს კითხვამოწყურებულ ადამიანს. ესაა არდაშელის მრავალფეროვანი, მრავალთემოვანი, უაღრესად საინტერესო და საყურადღებო სამყარო, რომელიც უთვალავ ინტრიგას, უთვალავ კითხვას გიტოვებს; კიდევ გიტოვებს ამ კითხვებზე შენი საკუთარი პასუხის ძიებისა და პოვნის საშუალებას. მისი პერსონაჟები არ არიან ერთმნიშვნელოვნად ასეთები ან ისეთები, დადებითები ან უარყოფითები, ისინი ჩვეულებრივი, მიწიერი ვნებებით სავსე, ცხოვრების ცოდვამადლიან ზღვას თავმიცემული ადამიანები არიან, რომელთა არც ჩაქოლვა და ჯვარზე გაკვრაა სწორი და არც - დიდების კვარცხლბეკზე აყვანა. კიდევ ერთ ინტრიგას ტოვებს არდაშელი: მაინც, ვინაა ის, რა ხელობის კაცია, საიდან მოვიდა მწერლობაში?.. ეს ინტრიგა თავისთავად ჩნდება; ავტორი იმდენად ცხადად და ცოდნით აღწერს შინაარსით სრულიად განსხვავებულ პროცესებს, რომ ხან ექიმი გგონია, ხან - ფიზიკოსი, ხან - ისტორიკოსი, ხან, სულო, ცოდვილო, - ქურდი და - ვინ აღარ... თუმცა, ეს ყველაფერი დაწერილი და აღწერილია ფილოლოგისთვისაც შესაშური ქართულითა და, როგორც უკვე აღვნიშნე, მკითხველის წინაშე სრული პასუხისმგებლობის შეგნებით. ამიტომაც არდაშელის ნამდვილი პროფესიის ცოდნა სრულიად უსარგებლო ინფორმაციაა მკითხველისათვის: მან, კონკრეტული გვარისა და სახელის, კონკრეტული ხელობის კაცმა გაიარა „ჟამი შეგროვებისა“ და „გაბნევის ჟამს“ მწერალ არდაშელ თაქთირიძედ გამოგვეცხადა. ჩემთვის ეს სავსებით საკმარისია... მე ჩემი ვთქვი, სხვას თავისი სათქმელი ექნება, დრო-ჟამს კიდე - თავისი; მთავარი მაინც ეს, ბოლოა... ია სულაბერიძე
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
ISBN 978-9941-0-9789-8
სათაური:
პიანინო
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2017
გვერდები:
120
კატეგორია:
პროზა
ნახვები:
1308
რეიტინგი:
4,65
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(3) რეცენზია
4.65
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [2]
  • 4
    [1]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]