1 ძელურ იატაკზე ცხენების ბაკუნი გაისმა. საჯინიბოდან ჯერ გრაფი ნულინი გამოიყვანეს, მერე თეთრი ველიკანი, შემდეგ მისი და – მაიკა, სამივე ერთმანეთზე უკეთესი და ძვირად ღირებული. მოხუცი შელესტოვი თან ველიკანს კაზმავს, თან თავის ქალიშვილს – მაშას ეუბნება:
– აბა, მარია გოდფრუა, მოდი, დაჯექი! ჰოპლაა!..
მაშა შელესტოვა ოჯახში ყველაზე უმცროსია, უკვე თვრამეტი წლისაა, მაგრამ იმის გამო, რომ ვერ გადაეჩვივნენ და ისევ პატარა გოგონად თვლიან, ოჯახში ყველა მანიას ან მანიუსიას ეძახის. თუმცა მას შემდეგ, რაც ქალაქში ცირკი ჩამოვიდა და მანიუსია მის ყველა წარმოდგენას დიდი გულმოდგინებით ესწრებოდა, ყველა მარია გოდფრუად მოიხსენიებს.
– ჰოპლაა! – იყვირა მანიუსიამაც და ველიკანს ზურგზე სხარტად მოახტა.
ვარია, მარია გოდფრუას და, მაიკაზე დაჯდა, ნიკიტინი – გრაფ ნულინზე, ოფიცრები თავ-თავიანთ ცხენებზე შესხდნენ და თეთრი კიტელებითა და შავი ამაზონურებით აჭრელებული გრძელი, ლამაზი კავალკადა ეზოდან გავიდა.
ცხენებზე როცა სხდებოდნენ, ნიკიტინმა შეამჩნია, რომ მანიუსია მხოლოდ მას უყურებს, მხოლოდ მას აქცევს ყურადღებას. ბოლოს გოგონამ ისიც და გრაფი ნულინიც ყურადღებით აათვალიერ-ჩაათვალიერა და ეუბნება:
– სერგეი ვასილიჩ, ცხენი ლაგამით მაგრად დაიჭირეთ, საშუალება არ მისცეთ, დაფრთხეს, იცოდეთ, თავს იკატუნებს.
არ ვიცი, იმის გამო, რომ ველიკანს დიდი მეგობრობა ჰქონდა გრაფ ნულინთან თუ შემთხვევით ხდებოდა ასე, მესამე დღეა, მანიუსიას თავისი ცხენი გრაფი ნულინის გვერდით დაჰყავს. ნიკიტინი უყურებს თეთრ, გულზვიად პირუტყვზე ამხედრებულ ქალიშვილს, მის ჩამოქნილ სხეულს, მის ფაქიზ, დახვეწილ პროფილს, მის ცილინდრს, რომელიც არ უხდება, ვინაიდან იმაზე უფროსს აჩენს, ვიდრე სინამდვილეშია; უყურებს აღტაცებული, უსმენს გულაჩუყებული, თუმცა რას ამბობს, ნახევარი არ ესმის და გუნებაში ფიქრობს: "ჩემს თავს პატიოსან სიტყვას ვაძლევ, ვფიცავ ღმერთს, არ შემეშინდება და დღესვე... დღესვე ავუხსნი სიყვარულს..."
საღამოს მეშვიდე საათია, დრო, როცა თეთრი აკაცია და იასამანი ისეთ სურნელს აფრქვევს, ასე გგონია, თავად ხეებიც თავისივე სუნით არიან გაბრუებულნი. ქალაქის ბაღში უკვე მუსიკა უკრავს. ცხენები ქვაფენილზე ბაკუნით მიდიან. ყოველი მხრიდან სიცილი, ლაპარაკი, კარის ჯახუნი ისმის. შემხვედრი ჯარისკაცები მხედრულად ესალმებიან, გიმნაზიელები თავს უკრავენ ნიკიტინს. მოსეირნეებს, რომლებიც მუსიკის მოსასმენად ბაღისკენ მიიჩქარიან, ეტყობა, ძალიან მოსწონთ კავალკადის ყურება. ცაზე თეთრი, ფუმფულა ღრუბლები დაცურავენ. ქუჩის მეორე მხარეს, სახლების აივნებსა და ზედა სართულებს სწვდება არყისა და აკაციის სიმშვიდის მომგვრელი, შორს გაწოლილი ჩრდილები.
აი, გავიდნენ ქალაქიდან, დიდ გზაზე ცხენები ჩორთით გააჭენეს. აქ უკვე აღარც ჰაერია აკაციისა და იასამნის სურნელით გაჯერებული, აღარც მუსიკა ისმის, სამაგიეროდ, მინდვრის სუნია, მწვანედ ხასხასებს ახალამობიბინებული ჭვავისა და პურის ყანები, ისმის ყვავების ყრანტალი, თრიების წრიპინი, საითაც გაიხედავ, ყველგან სიმწვანეა, მხოლოდ ბაღჩები ჩამუქებულა შავად აქა-იქ... შორს, მარცხნივ, სასაფლაოს თეთრ ზოლად მიუყვება ახალდაყვავილებული ვაშლის ხეივანი.
ჩაუარეს სასაფლაოს, მერე ლუდის ქარხანას, ჩამოიტოვეს მუსიკოს ჯარისკაცთა ჯგუფი, რომლებიც ქალაქგარეთა ბაღისკენ მიიჩქაროდნენ.
– პოლიანსკის კარგი ცხენი ჰყავს, არ გეკამათებით, – ეუბნება მანია ნიკიტინს და თვალით ვარიას გვერდით მიმავალ ოფიცერზე ანიშნებს, – მაგრამ ნაკლი აქვს – აი, ის თეთრი ლაქა მარცხენა წვივზე სრულიად უადგილოა. თან, აბა, შეხედეთ, თავს როგორ აქიცინებს! სანამ არ მოკვდება, ამას ვერავინ გადააჩვევს.
მანიუსიასაც ისევე ძლიერ უყვარს ცხენები, როგორც მამამისს. თუ დაინახა, რომ ვინმეს კარგი ცხენი ჰყავს, ბოღმა კლავს, მაგრამ ნაკლი თუ შეამჩნია, უხარია. ნიკიტინს კი ცხენების არაფერი გაეგება, მისთვის სულ ერთია, ცხენს ლაგმით დაიჭერს თუ სადავით, ოთხით წაიყვანს თუ ჩორთით. ის მხოლოდ იმას განიცდის, რომ ცხენზე უშნოდ და უგერგილოდ ზის, ყოველთვის დაძაბული და მოუხერხებელია, რის გამოც მანიუსიას ალბათ ის ოფიცრები უფრო მოსწონს, ვისთვისაც ცხენი და უნაგირი დედის კალთასავითაა, და იმ ოფიცრებზე ეჭვიანობს.
ქალაქგარეთა ბაღს რომ ჩაუარეს, რომელიღაცამ ითხოვა, შესულიყვნენ და ზელტერის წყალი დაელიათ. მართლაც შევიდნენ. ბაღში მხოლოდ მუხები იდგა და იმის გამო, რომ ფოთოლი სულ ახალი გამოსული იყო, ხელისგულივით ჩანდა ბაღი თავისი ესტრადით, მაგიდებითა და საქანელებით. ჩანდა ყვავების დიდი, შლაპისებური ბუდეებიც...
ყველანი ერთ მაგიდას შემოუსხდნენ და ზელტერის წყალი მოითხოვეს. მათ მალე ბაღში მოსეირნე ნაცნობებიც შეუერთდნენ: მაღალყელიან ჩექმებში ჩაცმული სამხედრო ექიმი და კაპელმაისტერი, რომელიც, ეტყობა, თავისი მუსიკოსების მოსვლას უცდიდა. ექიმს ნიკიტინი, როგორც ჩანს, სტუდენტი ეგონა და ჰკითხა:
– თქვენ ალბათ არდადეგებზე ინებეთ ჩამოსვლა?
– არა, აქაური ვარ, გიმნაზიის მასწავლებელი.
– ასეთი ახალგაზრდა და უკვე მასწავლებელი ხართ?
– ახალგაზრდა?! ახალგაზრდა კი არა, მადლობა ღმერთს, ოცდაექვსი წლის ვარ...
– წვერი და ულვაში