თავი I - საჰარა თავზარდამცემად ლამაზი, იდუმალი და ვერაგი ოქროს საჰარა!
იმ ღამეს უდაბნოში ვათენებდით...
ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს მეორე დილით დიუნებზე მოტოციკლებით, კვადროციკლებით, სერფბორდებითა და დელტაპლანით ქროლა ელოდათ. იცინოდნენ და ემზადებოდნენ, გამომშრალები, დაღლილები, ბედნიერი სახეებით ისხდნენ ცეცხლის გარშემო და მომდევნო დილას გეგმავდნენ.
მე მხოლოდ კვადროციკლზე თუ გავბედავდი დაჯდომას...
უბრალოდ, საჰარა მინდოდა... ძალიან მინდოდა.
ეს უდაბნო ოკეანეს ჰგავს – ოქროსტალღებიან, შეჩერებულ ოკეანეს, რომლის ზედაპირზეც სიარული შეიძლება. ოღონდ ერთი რამ უნდა ინატრო – არ აღელდეს. ამ უკიდეგანო და უსასრულო სამყაროში ათი ადამიანი ისე ვეყარეთ, როგორც საჰარაში ქვიშის მარცვლები.
საჰარა ვერც კი გვამჩნევდა... ჩვენ მისთვის არც კი ვარსებობდით.
ეს ჩემი პირველი დამოუკიდებელი მოგზაურობა იყო.
თბილისიდან პირდაპირი რეისი არ იყო და ეგვიპტეში სტამბოლის გავლით უნდა ჩავსულიყავი. ფრენა ღამით მომიწია. მთელი გზა ბოინგის ილუმინატორს ვიყავი მიკრული, მაგრამ მარტო მთვარეს და ვარსკვლავებს ვხედავდი. ღრუბელი ფუმფულა საბანივით ეფარებოდა დედამიწას და არაფერი ჩანდა.
კაიროში იქაური დროით ღამის ათ საათზე ჩავფრინდი. ისე ცხელოდა, ვერც კი დავიჯერე, რომ თბილისში თებერვლის თოვლ-ჭყაპი, ქარი და ძვალ-რბილში გამჯდარი სიცივე დავტოვე.
ფეშენებელური აეროპორტის მოსაცდელი გაუჩერებლად მოფუსფუსე, ენაჭრელი ადამიანებით უცნაურად ჰგავდა ბაბილონის გოდოლს. ამდენი სხვადასხვა ჯურის ხალხი ერთად არასოდეს მენახა და, თავბრუდასხმული, ვახოს გამოჩენამდე უილაჯოდ ვყურყუტებდი. გასასვლელში მისი მაღლა აწეული ხელი რომ დავინახე, დაღლილობა სულ გადამავიწყდა და ჩემი ბარგი-ბარხანიანად სიხარულით გავქანდი მისკენ. ვახო, ოცდაათი წლის მხიარულთვალებიანი მცხეთელი კაცი, თბილისში უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა, მერე კაიროს უნივერსიტეტში გადავიდა, იქ გახდა არაბული ფილოლოგიის დოქტორი და პროფესორი, ამავდროულად, საქართველოს საელჩოში ბიძაჩემის რეფერენტი და მარჯვენა ხელი იყო.
გახარებული ბიძაჩემი რამდენიმე დღეს არ მომცილებია, ათას წვრილმანს მეკითხებოდა, თავადაც უამრავ რამეს მიამბობდა და კაიროს მათვალიერებინებდა. მონუსხული შევყურებდი ქვაში დარჩენილ ისტორიას, გაცოცხლებულ პირამიდებს, ისტორიის სახელმძღვანელოებში რომ მენახა, დიდ სფინქსს და ნილოსს, ლუქსორის ციხე-დარბაზების ნაშალ-ნანგრევებს, იქ, სადაც ბიბლიურ მოსეს ფარაონის სასახლეში უფლისწულად ზრდიდნენ. თითქოს ათობით საუკუნე უკან გავიარე და კაცობრიობის ცივილიზაციის საწყისებთან დავბრუნდი.
მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ბიძაჩემი სტამბოლში დაგეგმილ საერთაშორისო შეხვედრაზე გაემგზავრა და ჩემი თავი ვახოს ჩააბარა, მან კი ერთ დღესაც, სადილობისას, გამომიცხადა, მავრიტანიაში საქმეზე მივდივარ და ჩემს დაბრუნებამდე სახლიდან ფეხი არსად გაადგაო. კარგა ხანს ვეხვეწებოდი, თან წამიყვანე-მეთქი, მაგრამ სასტიკ უარზე იდგა, მიმტკიცებდა, გზაში გაწვალდები, პატარა თვითმფრინავში ჰაერის ტალღის ყოველი დარტყმა საშინლად იგრძნობა და, ფრენას მიუჩვეველს, გაგიჭირდება მოკლე დროში ორი მიმართულებით მგზავრობის ატანა, აზრზე მოსასვლელად მთელი კვირა მაინც დაგჭირდება და დღეებს დაკარგავ, თანაც მავრიტანიაში სანახავიც არაფერიაო. უკვე იმედიც აღარ მქონდა, მაგრამ სრულიად მოულოდნელად გამომიცხადა:
– გაემზადე, პატარა ჩანთა ჩაალაგე, თავსაფარი და პასპორტი არ დაგრჩეს, მსუბუქად ჩაიცვი და შარვალი არ დამანახო, მე ბილეთს შევუკვეთავ. შენთვის ისეთი სიურპრიზი მაქვს, იქნებ ღირდა კიდეც შენს აჩემებად, უკან დღესვე უნდა დავბრუნდეთ, ქალაქის დათვალიერებას ვერ მოვასწრებთ, მაგრამ გულდასაწყვეტიც არაფერია, მთავარი სანახაობა სწორედ გზაშია, მანქანაში დაგელოდები, – თვალი ჩამიკრა და კარისკენ გაემართა.
სიხარულისგან ჩემს პატარა ოთახს ცეკვა-ცეკვით შემოვუარე, ჩანთა საწოლზე დავაგდე და ყოველ ახალ წრეზე შიგ ტანსაცმელს ვყრიდი. თეთრი ზედატანი, ნაქსოვი ჟაკეტი, აბრეშუმის დიდი თეთრი თავშალი, კეპი, მზის სათვალე, ყოველი შემთხვევისთვის – კოსმეტიკის პატარა ჩანთა, პასპორტი და დედის ნაჩუქარი, ჩემი განუყრელი "ტიმბერლენდის" ფეხსაცმელები ჩანთისკენ ერთმანეთის მიყოლებით მიფრინავდნენ და შიგნით უჩინარდებოდნენ.
მივფრინავდით პატარა ბოინგით და ილუმინატორიდან ვუცქერდი, როგორ მიცურავდა ჩემ ქვეშ დედამიწა. თვითმფრინავი ჩრდილოეთი აფრიკის თავზე, ხმელთაშუა ზღვის ნაპირს მიუყვებოდა. ლიბია, ალჟირი, ტუნისი, მაროკო... – ქალაქები მსხვილი მძივებივით ასხმულიყვნენ, სოფლები კი წვრილი ბისერივით მიმობნეულიყვნენ დედამიწაზე.
კარგა ხნის ფრენის შემდეგ თვითმფრინავი გადაიხარა – მარცხნივ უხვევდა. დედამიწამ ჰორიზონტის ხაზზე ელიფსის ფორმა მიიღო და ახლა უკვე ჩემი თვალით დავინახე, რომ ის ნამდვილად მრგვალი და სულისშემძვრელად ლამაზია. მძაფრად ვიგრძენი, რა დიდი უსამართლობაა საზღვრები, კანონები, წესები, რომლებსაც ადამიანები იგონებენ თავიანთი ცხოვრების ჩარჩოებში მოსაქცევად. ციდან სრულიად ზედმეტი მეჩვენა ადამიანების გამოგონილი ათასგვარი უცნაურობა, რომლებიც მხოლოდ მიწაზე არსებობს, ცა კი – დიდი, უსასრულო და ცისფერი სივრცე, სადაც მხოლოდ მზე და მთვარე ბატონობენ, თავისუფალია ყოველგვარი საზღვრებისა და კანონებისგან. ცა ყველასია.
– ჩვენ ახლა მავრიტანიის თავზე მივფრინავთ, – გამოაცხადა რადიოთი კაპიტანმა, – ათ წუთში მარცხენა მხარეს გამოჩნდება ბუნების იშვიათ საოცრებათაგან ერთ-ერთი – "საჰარის თვალი". ის კარგად ჩანს თვითმფრინავის ორივე მხარეს, ამიტომ მგზავრებს ვთხოვ,