შექსპირის დაკარგული დღიური და შეხვედრა „მწერალთა კავშირის“ შენობაში
ბობ დილანი რომ გენიალური მუსიკოსი და შესანიშნავი პოეტია, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ „ქრონიკებმა“ კრიტიკოსები გულწრფელად გააკვირვა – ვიცოდით, დილანს წერა რომ შეეძლო, უბრალოდ ვერ წარმოგვედგინა, თუ ასე კარგად შეეძლო წერა. და მართლაც, საოცრად მრავალფეროვან თემებს ეხება – პირადულს, მუსიკალურს, ისტორიულს... ამ მდიდარი, ხანდახან აბსურდული და ხშირად ალერსიანი ენით დაწერილი წიგნით, დილანი ბევრად მეტს გვაწვდის, ვიდრე რომელიმე ჩვენგანი გაბედავდა ეოცნებაო.
პოპულარული ჟურნალი „როლინგ სთოუნზი“ წერდა: „ბობ დილანი თვალწინ გვიშლის იმ პერიოდს, რომელსაც აღწერს, და შემდეგ ადამიანის სულის შესაძლებლობებს ამხელს. ადამიანის სულში ჩაწვდომა კი მარტივი არ არის. ჩვენში რომ ვთქვათ, ეს ხომ მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრებისეული ამბავია, ოღონდ ჯერ ასე არავის მოუყოლია“.
„თუ წიგნის დასასრულს მადლიერი არ აქვითინდები, ჩათვალე, რომ ეპოქამ გვერდით ჩაგიარა“, – წერს „სანდი თაიმსი“.
„ქრონიკებში“ სიცოცხლე ფეთქავს... დილანი თავს ავლენს იდეებით, ფილოსოფიით, მგზნებარებით, სხვებისადმი გულწრფელი პატივისცემითა და ცხოვრების აბსოლუტური აბსურდულობის შეგრძნებით... ყოველ გვერდზე და ყველა აბზაცში არის რაღაც მნიშვნელოვანი, რასაც უყურადღებოდ ვერ დატოვებ. ზუსტია მისი ისტორიის შეგრძნება, ადგილისა კი – შესანიშნავი... ლამაზად წერს მუსიკაზე, შთაგონებით, პოეტურად, ჩანს, რომ ნამდვილი მუსიკოსის ალღო აქვს“, – „დეილი ტელეგრაფი“ უფრო შორს მიდის, „როკ-ენ-როლის ენით რომ ვთქვათ, ეს წიგნი, შექსპირის დაკარგული დღიურის აღმოჩენას უტოლდება“.
აღფრთოვანებულ და მრავალფეროვან რეცენზიებს ერთი რამ კი საერთო აქვთ, თითქმის ყველა აღნიშნავს, რა უცნაურად გულახდილია დილანი ამ წიგნში. როგორც ჩანს, მეტისმეტად გულჩათხრობილი და ცოტა უხასიათო დილანისგან არავინ ელოდა, გულს თუ ოდესმე გადაგვიშლიდა.
მეც ერთხელ კიდევ გამაოცა დილანის „ქრონიკებმა“. მანამდე ყველაზე მეტად ის მიკვირდა, როგორ შეეძლო ბობ დილანს პატარა, ტუჩის ჰარმონიკით ისეთი ემოცია გამოეწვია, რასაც მთელი ორკესტრი თუ აღგიძრავს. ეს მგონი თვითონ ყველაზე კარგად იცის, თავმდაბლურად კი ფერენც ლისტზე წერს: „მომწონდა ფერენც ლისტი – მომწონდა, როგორ შეეძლო ერთ ფორტეპიანოს მთელი ორკესტრის ეფექტის მოხდენა“.
ამ წიგნში ზოგიერთი ეპიზოდი ჭეშმარიტი მწერლის დაწერილია, მაგალითად, მისი ურთიერთობა არჩიბალდ მაკლიშთან, ან ის ამბავი, ბავშვობაში თრუმენის სიტყვის მოსასმენად რომ მიჰყავთ მშობლებს. დიდი ბოდიში ჯეკ კერუაკთან, მაგრამ ჩემი აზრით, ნიუ ორლეანი „ქრონიკებში“ უფრო შთამბეჭდავად ჩანს, ვიდრე ბიტნიკების ერთ-ერთი წინამძღოლის გახმაურებულ რომანში „გზაზე“. რაც მთავარია, ბობ დილანი შესანიშნავად ხატავს იმ მუსიკოსებისა და პროდიუსერების (ვენ რონკი, ვუდი გატრი, დენიელ ლანუა, ჯეკ ელიოტი) პორტრეტებს, ვინც პოპულარობას არ ეძებდა და ამიტომ არც ისე კარგად იცნობს ჩვენი თაობა.
ამ რამდენიმე თვის წინ, ზვიად კვარაცხელიამ ოთარ ჭილაძის საღამო მოაწყო მწერალთა სახლში. სადა და მეგობრული საღამო, როგორიც ალბათ ოთარ ჭილაძეს ესიამოვნებოდა. მაშინ ვუთხარი ზვიადს, ამ შენობაში ერთხელ ვარ ნამყოფი და ისიც ბობ დილანის სანახავად-მეთქი. ალბათ, მაშინ თუ გაუჩნდა იდეა, ამ შესანიშნავი წიგნის თარგმანი ჩემთვის მოენდო.
„ბობ დილანის ნახვას“ რაც შეეხება – როცა დილანი ამერიკელი მწერლების დელეგაციასთან ერთად, 1985 წელს თბილისში ჩამოვიდა, მუზეუმში ვმუშაობდი, გიდად. დიდად არ მომწონდა, როცა ვინმე გამოჩენილი ადამიანი მოდიოდა მუზეუმში და უამრავი „თანმხლები“ მოჰყვებოდა, ვცდილობდი, სხვებისთვის გადამელოცა მათთან გასაუბრების შანსი. ერთ მშვენიერ დღეს, გიდების ოთახში ვიღაცამ თავი შემოყო და გვითხრა – 12 საათზე ბობ დილანს მოიყვანენო. ოთახში ინგლისურის მცოდნე გიდებიდან ზურა კაკაბაძე და მე ვიყავით. ვისაც თბილისში ბობ დილანი უყვარს, ზურა კაკაბაძე აუცილებლად ეცოდინება. ის არათუ შესანიშნავად უკრავს და მღერის, დისკების ბრწყინვალე კოლექციაც აქვს და არასოდეს დაეზარება სრულიად უცნობსაც კი რამე გადააწერინოს, ან საინტერესო ინფორმაცია გაუზიაროს. მიუხედავად იმისა, რომ მე და ზურა მეგობრები ვიყავით, წამიერი გაოგნების შემდეგ, ალმაცერად გადავხედეთ ერთმანეთს. სიტყვა არ დაგვიძრავს, მაგრამ ორივემ კარგად ვიცოდით – დილანთან გასაუბრების შესაძლებლობას ცოცხალი თავით არავის დავუთმობდით. იყო რაღაც ვესტერნული ამ სცენაში.
საბოლოოდ, დილანი მუზეუმში აღარ მოიყვანეს. სამაგიეროდ, მეორე დღეს მამაჩემმა შემაპარა „მწერალთა კავშირის“ შენობაში, სადაც დილანი ვიხილე. იმ შეხვედრაზე დილანი იჯდა, ხმა არ ამოუღია, ყურადღებით კი უსმენდა სხვების საუბარს. ოთახში ქართველი და ამერიკელი მწერლების გარდა არავინ იყო. ასე რომ, არ გაუჭირდებოდა მიმხვდარიყო, მე რატომ ვიყავი მისული, თუ მით უმეტეს, ალბათ იდიოტივით შევცქეროდი. შავი სათვალე მოიხსნა და როცა წმენდდა, გამომხედა, ჯანდაბას შენი თავი, ნახე რა ლამაზი და უცნაური ფერის თვალები მაქვსო.
ეს იყო და ეს. შეხვედრა დიდხანს არ გაგრძელებულა, ბოლოს კი მისი ყველა თაყვანისმცემელი შემოუშვეს შენობაში,