ფრანც კაფკა მოგზაური არ ამჟღავნებდა ინტერესს აპარატის მიმართ და ბრალდებულის უკან აშკარად გულგრილად დააბიჯებდა, მაშინ, როცა უკანასკნელი სამზადისით გართული ოფიცერი ხან აპარატის ქვეშ ძვრებოდა, ქვაბურში, ხან ტრაპზე ადიოდა მანქანის ზედა ნაწილების შესამოწმებლად. ეს სამუშაოები რომელიმე მექანიკოსისთვის შეიძლებოდა დაევალებინათ, მაგრამ ამას ოფიცერიც დიდი გულმოდგინებით ასრულებდა – იგი ან ამ აპარატის განსაკუთრებული ქომაგი იყო, ან რაიმე სხვა მიზეზით, ამ სამუშაოს მეტს ვერავის ანდობდნენ.
– აი, ესეც ასე! – შესძახა მან საბოლოოდ და ტრაპიდან ჩამოძვრა. მეტად გადაღლილი ჩანდა, პირი ფართოდ დაეღო და მძიმედ სუნთქავდა, მუნდირის საყელოდან კი ქალის ორი ცხვირსახოცი გამოსჩროდა.
– ეს მუნდირები, კაცმა რომ თქვას, ტროპიკებისთვის საკმაოდ ცხელია, – თქვა მოგზაურმა, იმის ნაცვლად, რომ, როგორც ოფიცერი მოელოდა, აპარატის შესახებ ეკითხა.
– რა თქმა უნდა, – მიუგო ოფიცერმა და გამზადებულ წყლიან ბადიაში საპოხი ზეთით გასვრილი ხელების დაბანას შეუდგა, – მაგრამ ეს სამშობლოს ნიშანია, სამშობლოს დაკარგვა არ გვსურს. მაგრამ ამ აპარატს შეხედეთ, – მაშინვე დაამატა მან, ხელები პირსახოცით გაიმშრალა და აპარტზე მიუთითა. – აქამდე ხელით უნდა გვემუშავა, ახლა კი აპარატი უკვე სრულიად დამოუკიდებლად იმოქმედებს.
მოგზაურმა თავი დაუქნია და იქით გაიხედა, საითაც ოფიცერი უთითებდა. მან ყოველგვარი შემთხვევითობისგან თავის დაზღვევის მიზნით განაგრძო:
– ზოგჯერ, ცხადია, უწესივრობებიც ხდება; იმედი მაქვს, რომ დღეს ყველაფერი მათ გარეშე ჩაივლის, მაგრამ მაინც ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. აპარატმა ხომ თორმეტი საათი შეუსვენებლად უნდა იმუშაოს. მაგრამ უწესივრობები რომც მოხდეს, ისინი საკმაოდ უმნიშვნელო იქნება და დაუყოვნებლივ გასწორდება... ხომ არ ჩამოჯდებით? – იკითხა საბოლოოდ და მოგზაურს დაწნული სავარძელი შესთავაზა: მასაც არ უთქვამს უარი.
ახლა, ქვაბურის კიდესთან ჯდომისას, წუთით იქაურობას თვალი მოავლო. ქვაბური არც ისე ღრმა იყო. მის ერთ მხარეს ამოთხრილი მიწა ეყარა, მეორე მხარეს აპარატი იდგა.
– არ ვიცი, – თქვა ოფიცერმა, – უკვე აგიხსნათ თუ არა კომენდანტმა ამ აპარატის მოწყობილობა?
მოგზაურმა გაურკვევლად გააქნია ხელი; ეს საკმარისი იყო, რათა ოფიცერს თვითონ დაეწყო ახსნა-განმარტება.
– ეს აპარატი, – თქვა მან და ბარბაცას დაადო ხელი, რომელსაც შემდეგ დაეყრდნო კიდეც, – ჩვენი წინანდელი კომენდანტის გამოგონებაა. მე მას ვეხმარებოდი, დაწყებული პირველივე ცდებიდან, და ყველა სამუშაოში თავიდან ბოლომდე ვმონაწილეობდი. მაგრამ ეს გამოგონება მხოლოდ მას ეკუთვნის. თქვენ გსმენიათ ჩვენი წინანდელი კომენდანტის შესახებ: არა, ჰო, ნამდვილად არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ მთელი ამ გამასწორებელი კოლონიის სტრუქტურა მისი დამსახურებაა. ჩვენ, მისმა მეგობრებმა, უკვე მისი სიკვდილის ჟამს ვიცოდით, რომ ამ კოლონიის სტრუქტურა იმდენად უნაკლოა, რომ მისი მემკვიდრე, თავში ათასი ახალი გეგმაც რომ ჰქონდეს, ვერაფრით შეძლებს ძველი წყობის შეცვლას, ყოველ შემთხვევაში, კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. და ჩვენი წინასწარჭვრეტა აღსრულდა, ახალ კომენდანტს მოუწია ამის აღიარებამ. საწყენია, რომ თქვენ არ იცნობდით ჩვენს წინანდელ კომენდანტს!.. თუმცა, – მოჭრა უეცრად ოფიცერმა, – სიტყვა გამიგრძელდა, ჩვენი აპარატი კი, აი, ისიც, ჩვენ წინაშეა. ის შედგება, როგორც ხედავთ, სამი ნაწილისგან. თანდათან თითოეულმა მათგანმა საკმაოდ უბრალო სახელწოდება მიიღო. ქვედა ნაწილს წოლანა უწოდეს, ზედას – მნიშვნელი, ხოლო აი, ამას, შუათანას, დაკიდებულს – ფარცხი.
– ფარცხი? – იკითხა მოგზაურმა.
ის დიდი ყურადღებით არ უსმენდა, ამ მოტიტვლებულ ხეობაში მზე ძალზე აცხუნებდა და აზრების მოკრებაც კი ჭირდა. მით უფრო ანცვიფრებდა მას ოფიცერი, რომელსაც, თუმცა ვიწრო, საზეიმო, ეპოლეტებით დამძიმებული და აქსელბანტებით მორთული მუნდირი ეცვა, მეტად გულმოდგინედ უხსნიდა და, გარდა ამისა, ხან აქ და ხან იქ უჭერდა ქანჩით ჭანჭიკებს. როგორც ჩანდა, ჯარისკაციც მოგზაურივით იტანჯებოდა. მსჯავრდადებულის ჯაჭვი ორივე ხელის მაჯებზე დაეხვია, ერთ-ერთით შაშხანას ეყრდნობოდა და თავჩაქინდრული ძალზე გულგრილი სახით იდგა. მოგზაურს ეს არ გაჰკვირვებია, რადგან ოფიცერი ფრანგულად ლაპარაკობდა, ფრანგული კი, ცხადია, არც ჯარისკაცს ესმოდა და არც ბრალდებულს. მაგრამ მით უფრო საოცარი იყო, რომ ბრალდებული მაინც ცდილობდა თვალყური ედევნებინა ოფიცრის განმარტებებისთვის. რაღაც ზანტი შეუპოვრობით გამუდმებით იქით იხედებოდა, საითაც იმწუთას ოფიცერი უთითებდა, ახლა კი, როცა მოგზაურმა თავისი შეკითხვით ოფიცერს სიტყვა გააწყვეტინა, ბრალდებული, ისევე როგორც ოფიცერი, მოგზაურს მიაშტერდა.
– დიახ, ფარცხი, – თქვა ოფიცერმა. – ეს სახელი ძალიან უხდება. კბილები ფარცხივითაა განლაგებული და მთელი ეს მანქანაც ფარცხივით მუშაობს, მხოლოდ ერთ ადგილზე და გაცილებით მახვილგონივრულად. თუმცა ამას ახლავე გაიგებთ. აი, აქ, წოლანაზე აწვენენ მსჯავრდადებულს... მე ჯერ აპარატს აგიწერთ, შემდეგ კი თვითონ პროცედურას შევუდგები. თქვენ