ჩიტები ცაში თავისუფლად კრავენ ირაოს.
როგორ შეიცნეს მათ თავისუფლება?
ისინი ვარდებიან, და ვარდნისას ისხამენ ფრთებს.
ჯალალ ედ-დინ რუმი
ავტორის წინასიტყვაობა
ამასწინათ მეგობარმა გოგომ გერმანიიდან მომწერა: მიშელ, რამ გაგაჩუმა, რატომ არ წერო? დანამდვილებით, არც მან იცოდა...
ფსიქიატრიულში ვაგდივარ. ვიღაცამ ჩამიშვა, ინფიცირებულიაო და
გისოსებს-მიღმა აღმოვჩნდი. ასეც რომ არ იყოს, რა დროს წერაა? მართალია, მარადიულ თემებზე საუბრის დრო არასოდეს გადის, მაგრამ გარშემო შიზოფრენიის აქამდე უცნობი, ვირუსული სახეობის ეპიდემია მძვინვარებს, ასიათასობით ადამიანს Dementia praecox – ნაადრევი ჭკუასუსტობა ტანჯავს. ვითომ მეც ავად ვარ? ,,UR1SS1“ ვირუსის ლაბორატორიული დადასტურება ჯერ არ მოსულა... თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, მხოლოდ მე ხომ არ ვარ ასე, პარანოიდული ბოდვები მთელ ქვეყანას მოედო. ჰოდა, ვის აინტერესებს ან ჩიტების ჟღურტული, ან სიყვარული, ან ლურჯი ზღვა და კაშკაშა მზე? თანამემამულეებს დემენცია ბალახივით ცელავს!.. ან ნუთუ საჭიროა იმაზე წერა, რომ ფსიქიატრიულში ცუდი ამბები ხდება, ძალიან ცუდი?
მაგრამ ხომ იცით, სწორედ საყვარელ გოგოსთან გინდა ისაუბრო, გაუზიარო აზრები და რაღაც მაინც მოუთხრო...
ფუკოს პირველი წერილი
ჩემო საყვარელო მეგობარო, N, ვპასუხობ შენს თხოვნას და გწერ წერილს ჩვენს ამბებზე. შენი სახე, ციმციმა თვალებითა და კეთილი ღიმილით, მუდამ თვალწინ მიდგას, შენი ბაგეების გემო და სხეულის გამაბრუებელი სურნელი კი სასიამოვნოდ მათრობს...
გკოცნი, პატარავ, ბევრს გკოცნი, გეფერები, გულში გიკრავ და ძლიერ მიყვარხარ! მიხარია, რომ შენ მაინც გააღწიე ამ ჭაობიდან, ხოლო მე ტკბილი მოგონებები დამიტოვე... გარშემო უღიმღამო საშუალოთა ზეობაა და გადიდკაცებულ მდაბიოთა ბოგინი. რა ვაკეთო? მეც შენზე ვფიქრობ, გიხსენებ, გესაუბრები – ამ სამყაროში მხოლოდ შენი არსებობა მაცოცხლებს და ჩემს უხალისო არსებობას ოდნავ აფერადებს. გკოცნი, გკოცნი, გკოცნი, ჩემო საყვარელო და კეთილო N...
მაშ ასე, რა ამბებია ჩვენთან?