1 – ეს არაფრით წააგავს სკოლის ვიქტორინის საღამოს, – უთხრა მისის პატი პოუნდერმა მარი ანტუანეტს, – ეს რა ხდება!
კატას არაფერი უპასუხებია – დივანზე თვლემდა და სკოლის ვიქტორინის საღამოები ფეხებზე ეკიდა.
– არ გაინტერესებს, ხომ?! "თავში ქვაც უხლიათ, დაე, ფუნთუშები ჭამონ"(მარი ანტუანეტი – საფრანგეთის დედოფალი (1755-1793). გადმოცემის თანახმად, როდესაც მას უთხრეს, რომ გლეხებს პური გაუთავდათ, დედოფალმა ბრძანა, ფუნთუშები ჭამონო.) – ასე ფიქრობ, ხომ?! ისე, მართლა ბევრი ფუნთუშა იჭმევა ხოლმე ამ დროს, არა?! ლანგრობით ნთქავენ. მიუხედავად ამისა, მგონია, რომ დედები ერთ ნამცეცსაც არ სინჯავენ. ღმერთო! ისეთი ჩამოსხმულები და გაჩხინკულები არიან, მთლად შენსავით!
კატამ ქათინაურს იქედნური ღიმილი შეაგება. იცოდა, რომ "ფუნთუშები ჭამონ!" ძველმოდური გამოთქმა იყო; ამას წინათ კი მისის პოუნდერის რომელიღაც შვილიშვილის ნათქვამისთვისაც მოეკრა ყური, ფუნთუშებში ბრიოშები იგულისხმება და რაც მთავარია, მარი ანტუანეტს მსგავსი რამ არასოდეს უთქვამსო.
მისის პოუნდერი პულტს დასწვდა და "ცეკვავენ ვარსკვლავების" ხმას ჩაუწია. წვიმის შხაპუნის გადასაფარად აღრიალებდა, მაგრამ თქეშმა უკვე იკლო.
ყვირილი ესმოდა. მშვიდ, გრილ ღამეს გაცხარებული შეკივლებები აპობდა. ამის მოსმენა მისის პოუნდერს ტკივილს აყენებდა – თითქოს მთელი ეს უკონტროლო მრისხანება როგორღაც მისკენ იყო მიმართული – ბრაზიანმა დედამ გაზარდა.
– ღმერთო! როგორ ფიქრობ, გვატემალის დედაქალაქზე კამათობენ? იცი, რომელია გვატემალის დედაქალაქი? არა, ხომ? არც მე. უნდა დავგუგლოთ. ნიშნის მოგებით ნუ მიყურებ.
მარი ანტუანეტმა წამოიკნავლა.
– წამო, გავხედოთ ერთი, რა ხდება, – გაბედულად თქვა მისის პოუნდერმა. ძალიან ღელავდა და ამიტომ ავლენდა კატის თანდასწრებით გაბედულებას, სწორედ ისე, როგორც ოდესღაც – ბავშვებთან, როცა ქმარი შინ არ ჰყავდა და ღამით სახლში უცნაური, საშიში ხმები ისმოდა.
მისის პოუნდერმა სხეული ჩოჩიალას დახმარებით აზიდა, მარი ანტუანეტი კი ზედ მოკალათდა და თავს მოხერხებულად იმაგრებდა, სანამ ქალი ჩოჩიალას სახლის უკანა შემოსასვლელისკენ მისაღწევად უბიძგებდა.
მისი საკერავი ოთახის ფანჯარა პირდაპირ პირივის საჯარო სკოლის ეზოს გადაჰყურებდა.
– დედა, გადაირიე? დაწყებით სკოლასთან(დაწყებითი სკოლა (primaryschool) განკუთვნილია 5-11 წლის ბავშვებისთვის. ზოგიერთ ქვეყანაში დაწყებით სკოლაში იღებენ ხუთი წლის ბავშვებს და ერთი წლის განმავლობაში მათ სკოლისთვის ამზადებენ. დაწყებითი სკოლის პირველ წელს უწოდებენ kindergarten-ს, ანუ ბაღს. ამდენად, 5 წლის ბავშვები, რომლებიც იღებენ სკოლამდელ განათლებას, და 6-11 წლის მოსწავლეები სწავლობენ საერთო შენობაში, დაწყებით სკოლაში.) ასე ახლოს ცხოვრება ძალიან გაგიჭირდება! – უთხრა ქალიშვილმა, როცა მისის პოუნდერმა ამ სახლის ყიდვა მოინდომა.
მაგრამ მისის პოუნდერს ძალიან უყვარდა ბავშვების ჟივჟივსა და ლაყბობაზე მიყურადება, თანაც მანქანას აღარ მართავდა და სრულიად არ აწუხებდა, გზას რომ ყოველდღე ხერგავდნენ ვეებერთელა პიკაპები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ დედებში. ქალები, უზარმაზარი მზის სათვალეებით, დაძაბულები ჩაფრენოდნენ საჭეს და ერთი ბავშვის ბალეტის გაკვეთილიდან მეორე ბავშვის მეტყველების თერაპიაზე მიიჩქაროდნენ.
თანამედროვე დედები დედობას მეტისმეტად სერიოზულად ეკიდებოდნენ. მათი თხელი, მოქცეული სახეები; პატარა, ვიწრო სპორტულ შარვლებში გამოკვართული უკანალების საქმიანი, ამპარტავნული რხევა სკოლის დერეფნებში; ცხენის კუდად შეკრული თმის ქნევა; ტელეფონებზე მიჯაჭვული მზერა; მობილურები, ხელისგულებზე კომპასებივით რომ ეწყოთ – ეს ყველაფერი ძალიან ახალისებდა მისის პოუნდერს. მშვენივრად ერთობოდა. მისი სამი ქალიშვილიც სწორედ ამათნაირი იყო. ყველანი ისეთი საყვარლები იყვნენ.
– დილა მშვიდობისა, აბა, როგორ ხართ? – ვერანდაზე ჩაის დასალევად ან წინა ეზოში ყვავილების მოსარწყავად გამოსული გადასძახებდა ხოლმე რომელიმე გამვლელ დედას.
– ძალიან დაკავებული ვარ, მისის პოუნდერ! პირდაპირ ცეცხლი მიკიდია! – ყოველთვის ასე პასუხობდნენ, საქმიანად მიკუნტრუშობდნენ, შვილების მკლავებჩაბღუჯულები. ძალიან სასიამოვნოები და მეგობრულები იყვნენ, საკუთარი უპირატესობის სულ მცირე შეგრძნებით, რომელსაც ვერ მალავდნენ: ის – ასეთი მოხუცებული, თავად კი როგორი დაკავებულები!
მამები... თანამედროვე მამები სულ უფრო მეტად ერთვებოდნენ სკოლის ცხოვრებაში – დედებისგან სრულიად განსხვავებულად იქცეოდნენ. იშვიათად ჩქარობდნენ, არხეინად, მოზომილი გულგრილობით მიუყვებოდნენ სკოლისკენ მიმავალ ბილიკს. "ყველაფერი კარგადაა. ყველაფერს ვაკონტროლებ" – ეწერათ სახეებზე. მისის პოუნდერს ძალიან ართობდა მათზე დაკვირვება.
მაგრამ ახლა აშკარა იყო, რომ პირიველი მშობლები ცუდად იქცეოდნენ. მისის პოუნდერი ფანჯარასთან მივიდა და მაქმანის ფარდა გადასწია. ფანჯარას დამცავი ჰქონდა აკრული – საჭირო თანხა სკოლამ გადაიხადა მას შემდეგ, რაც კრიკეტის ბურთმა მინა ჩაუმტვრია და კინაღამ მოხვდა მარი ანტუანეტს. ამ უსიამოვნო ამბის გამომწვევმა სამმა ბიჭუნამ მობოდიშების ბარათი გამოუგზავნა, რომელსაც ქალი მაცივარზე მიკრულს ინახავდა.
სათამაშო მოედნის გადაღმა ორსართულიანი აგურის შენობა იდგა, უზარმაზარი დარბაზითა და დიდი აივნით, რომელიც ოკეანეს გადაჰყურებდა. მისის პოუნდერი რამდენჯერმე ნამყოფი იყო ამ დარბაზში: ერთხელ ადგილობრივი