Pan-Pan, შერიფ!
„Clothes mean nothing until
someone lives in them.“
Marc Jacobs
„ჩემს სახელს სამკუთხედის ფორმა აქვს და მე მის თანაბარ ფერდებს შორის ვარ გამომწყვდეული. დედას ვთხოვე, ბრეიგელის ნახატებიანი კალენდარი ჩამოეხსნა და ჩემი ოთახიდან გაეტანა. „ბრმებმა“ ამიხილეს თვალები. ნეტა, ვის მოაფიქრდა თვეების ასე ფურცელ-ფურცელ მიწყობა! ჩემს წარმოსახვაში ერთ ბრტყელ, უსაზღვრო სივრცეზეა კალენდარი განთავსებული: იანვრიდან მაისამდე თვეები ერთ ხაზად, ლურჯი ცის ფონზე მიჰყვებიან დროის დინებას, ზაფხული მწკრივად ეშვება ქვემოთ, მერე ხაზი წყდება და ერთმანეთზე მიწყობილი წლის ბოლო ოთხეული კოცნის მიწას. დედა ამბობს, რომ არ შეიძლება სამიანი ყვითელი იყოს და „თავისუფლებას“ ზამბახის სურნელი ჰქონდეს; წარმოუდგენელია, წიგნის კითხვისას ჟოლოს გემოს გრძნობდე, აბსტრაქტულ სიტყვებს ხედავდე და მათი დანახვისას სივრცეს უღიმოდე.
ერთ ლამაზ ბლოკნოტში სიტყვები ჩავხატე: „მადლობა“ კანფეტია, წითელი ლამაზი ფოჩებით; „სევდა“ ჭაღარა მინერალია, ნაცრისფერ-თეთრი გრძივი ღარებით; „ნიჭი“ ხეა მარადმწვანე შიშველ მდელოზე ამოსული; „სასოწარკვეთა“ საქანელაა ტყეში მარტო მოქანავე; „იმედი“ შემოდგომის მზეა გადამხმარ მინდორზე მიფენილი; „ვნება“ სხეულით მოლაპარაკე უნაკვთო ადამიანია; „სიზარმაცე“ ჭიაყელაა ცისფერი ლაქებით; „სული“ წყლის ჭურჭელია თეთრად მომინანქრებული; „სიმყუდროვე“ დედაჩემის გამომცხვარი ალუბლის ნამცხვარია. ჩემმა დამ დედას უთხრა, რომ ღამით არ ვაძინებ და ათას სისულელეს ვლაპარაკობ, რომ თითქოს შიშს დიდი თვალები აქვს. ვერ დავაჯერე, რომ მუსიკას ვუყურებ, ნახატის შეხებას ვგრძნობ და წიგნის სურნელი და გემო ვიცი. დედა თავისას არ იშლის და ექიმთან წაყვანას მიპირებს. მე არ ვარ ავად, მე 10 წლის ვარ.“
* * *
ყოველ ყვითელ სამშაბათს რადარზე სულმოუთქმელად ველოდი ერთ მოციმციმე წერტილს, რომლის ხმასაც მოტკბო სურნელი ჰქონდა. არა ისეთი, როგორიც ფლამანდრიული ვაფლია ვანილის სოუსით, არამედ რაღაც განსხვავებული, უფრო მსუყე, დარიჩინის არომატით. იმ დღისთვის განსაკუთრებულად ვირთვებოდი, საღამოს სკამზე გადავკიდებდი კაბას, შევუფერებდი სამკაულს და მეორე დღის მოლოდინში ძილბურანში ვატარებდი ღამეს.
ჩემი სამუშაო მაგიდა მთელ სამყაროს იტევდა: რადარები, მონიტორები, სხვადასხვა ზომის წერტილებად მოფენილი ქალაქები, ფრენის სქემები და რადიოგრამები, უამრავი ღილაკი, ერთდროულად შემომავალი რამდენიმე სიგნალი, თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები, შტორმი და ღრუბელი – მსგავსი ჰარმონია, ხმათა დიაპაზონი და ფერთა პალიტრა სხვაგან არასოდეს მენახა. და ამ ერთ კვირაში შექმნილ სამყაროში ხუთწუთიანი პაემანი ყურის ნიჟარაში ჩარჩენილ ხმასთან, რომელიც ერთსა და იმავე დროს გადაუფრენდა ხოლმე ბრიუსელის ცას.
– ბრიუსელის სადისპეჩერო, დილა მშვიდობისა! რეისი 0347, როგორ გესმით ჩემი? – ჩამესმოდა უდაბნოს ქვიშისფერი ხმა.
– მკაფიოდ მესმის თქვენი. როგორია თქვენი ფრენის დეტალები? – ამის ნაცვლად მსურდა, მეთქვა – როგორ გელოდი.
– კაიროდან გამოვფრინდი 05:00-ზე. მივფრინავ ამსტერდამში. ამჯერად ვიმყოფები 50°51’, 4°21’ე, 30 000 ფუტის სიმაღლეზე. მოღრუბლულობა ცვალებადია... – მისი ტემბრი დარიჩინის გემოს მიტოვებდა.
– რამდენი მგზავრი გყავთ?
– 50 მგზავრი და 2 ტონა ტვირთი. Over!
– Roger, ბრიუსელის სადისპეჩერო ნებას
გრთავთ, ზონაში შემოხვიდეთ და საზღვარი გადმოკვეთოთ 272-ე ეშელონზე.
– ვიკავებ 280-ე ეშელონს – მსუბუქი ტურბულენტობა, ხილვადობა მცირედ დაქვეითებული.
– 15 გრადუსით მარჯვნივ ხართ გადახრილი ტრასიდან, Over!
– გთხოვთ, მომაწოდოთ ამსტერდამის ამინდის პროგნოზი.
– Stand by,… გაწვდით ამინდის პროგნოზს 10.00 საათისთვის – უმეტესად ღრუბლიანი, ტემპერატურის მგრძნობელობა: 16°, ქარის სიჩქარე: 9 კმ/სთ, ქარის მიმართულება: SW, ტენიანობა: 71%, ხილვადობა: 16 კმ. Over!
– გადადით კავშირზე ამსტერდამის თაუერთან და დაელოდეთ შემდგომ მითითებებს. ნნახვამდის, Out!
კავშირის დასრულებისთანავე ვიწყებდი მომდევნო სამშაბათის ლოდინს და მთელი კვირა არაბი მფრინავის პორტრეტს ვხატავდი ჩემს ბლოკნოტში, ყოველ ჯერზე სხვადასხვაგვარი განწყობითა და ნაკვთებით და დაწმუნებული ვიყავი, დროთა განმავლობაში უნახავად ვუახლოვდებოდი მის რეალურ სახეს.
– ბრიუსელის სადისპეჩერო, დილა მშვიდობისა, ხაზზეა რეისი 0347!
– მიჰყევით 290-ე ეშელონს და დაელოდეთ შემდგომ მითითებებს.
– Pan-Pan, Pan-Pan, Pan-Pan! მარჯვენა ძრავა მწყობრიდან გამოდის, სიმაღლეს ვკარგავ, ნებართვას ვითხოვ, დავეშვა მეორასე ეშელონამდე.
სულ ორჯერ მივიღე მსგავსი სიგნალი დისპეჩერად თვრამეტწლიანი მუშაობისას და ერთი სწორედ კაირო-ამსტერდამის რეისისგან.
– Stand by,… ნებას გრთავთ, მიჰყვეთ ნებისმიერ ეშელონს! – წამებში მომიწია ყველაფრის გადამოწმება და გადაწყვეტილების მიღება.
– Roger, ამჟამად ვიმყოფები 270-ე ეშელონზე. ვცდილობ, აღვადგინო ძრავის მუშაობა. გთხოვთ, უზრუნველყოთ დაუგეგმავი დაფრენა სარეზერვო აეროდრომზე, – ღელვა არ დატყობია მფრინავს.
– ნებას გრთავთ, პირდაპირ მანევრის გარეშე დასვათ თვითმფრინავი. შეგვატყობინეთ ძრავის მდგომარეობა. – ჩემს სამუშაო მაგიდასთან, მგონი, ყველა სამსახურის ხელმძღვანელს მოეყარა თავი.