ადრიანეს მოგონებებ ძვირფასო მარკუს, დღეს დილით ჩემს ექიმთან, ჰერმოგენესთან ჩავედი, რომელიც აზიაში საკმაოდ ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ სულ ახლახან დაბრუნდა ვილაზე; უზმოზე უნდა გავესინჯე, ამიტომაც შევთანხმდით, რომ დილის საათებში მიმიღებდა. ლაბადა და ტუნიკა გავიძვრე და საწოლზე მივწექი. დაგინდობ დეტალებისგან - ისინი როგორც შენთვის, ჩემთვისაც უსიამოვნო იქნებოდა, ასევე აგარიდებ აღწერას სხეულისა, რომელსაც სიბერემ დარია ხელი და სულ ცოტა ხანში წყალმანკი მოუღებს ბოლოს. მხოლოდ ერთს გეტყვი: ჰერმოგენეს მითითებებს მორჩილად დავყევი: ვახველე და ვისუნთქე, დროდადრო სუნთქვასაც ვიკავებდი. სიმშვიდის შენარჩუნების მცდელობის მიუხედავად, ჩემს მკურნალს მაინც ვერ დაემალა შიში და მღელვარება ავადმყოფობის სწრაფი განვითარების გამო და მზად იყო, ყველაფერი ყრმა იოლას უნიათობისთვის მიეწერა, რომელიც მისი არყოფნისას ზრუნავდა ჩემზე. ძნელია, აღმოჩნდე ექიმთან და დარჩე იმპერატორად; კიდევ უფრო ძნელია, ამ დროს თავი ადამიანად იგრძნო და ადამიანური თვისებები შეინარჩუნო. ჰერმოგენე ჩემში მხოლოდ სითხეთა გროვას, ლიმფისა და სისხლის უბადრუკ და სევდის მომგვრელ ნარევს თუ ხედავდა. დილით პირველად გამიელვა თავში, რომ ჩემი სხეული, ეს ერთგული და უღალატო მეგობარი, რომელსაც საკუთარ სულზე ბევრად უკეთ ვიცნობ, სხვა არაფერია, თუ არა ერთი თვალთმაქცი და ჩუმჩუმელა ურჩხული, თვალის დაუხამხამებლად რომ გადასანსლავს ერთ დღესაც თავის პატრონს. მოდი, შევეშვათ ამას, კმარა! მე მიყვარს ჩემი სხეული; სამსახურიც ფასდაუდებელი გამიწია და, ცხადია, აუცილებელ მკურნალობაზე ექიმთან ვაჭრობას ნამდვილად არ ვაპირებ. თუმცა, ბარემ იმასაც გეტყვი, რომ, ჰერმოგენესგან განსხვავებით, არც მცენარეების სასწაულმოქმედი თვისებებისა მჯერა და არც მინერალური მარილების ზუსტი დოზირებისა, რომელთა ჩამოსატანად აღმოსავლეთს ეწვია და, ჩემდა გასაკვირად, ნუგეშისცემის ნიაღვრად იქცა ეს აგრერიგად დახვეწილი ადამიანი. მისი ფორმულები იმდენად ბანალური მეჩვენა, ვეჭვობ, საერთოდ ვინმე წამოგებულიყო გადმოგდებულ ანკესზე. არადა მშვენივრად მოეხსენება, რომ ვერ ვიტან თვალში ნაცრის შეყრას, პირფერობასა და უსაფუძვლო დაიმედებას. მაგრამ როგორც ჩანს, შეუძლებელია, უხინჯოდ და დაუსჯელად ჩაიაროს მედიცინის მსახურებამ ოცდაათი წლის განმავლობაში. ასე რომ, ვპატიობ ერთგულ მსახურს ჩემი აღსასრულის მიჩქმალვის ფუჭ მცდელობას. ჰერმოგენე განსაკუთრებული ადამიანია, ამასთან ბრძენიც; ის კარის ნებისმიერ მკურნალზე უფრო ალალ-მართალია. ცხადია, მას რომ მივნდობოდი, ამქვეყნად ყველაზე მოვლილი ავადმყოფიც ვიქნებოდი, მაგრამ არავის ძალუძს ბედ-იღბლით შემოფარგლულ ზღვრებს გადასცდეს: გასიებული ფეხები უკვე ვეღარ უმკლავდება ჩემს სხეულს ხანგრძლივი რომაული ცერემონიების დროს. ჰაერი არ მყოფნის, ვიხრჩობი და, ყველა სიკეთესთან ერთად, სამოცმაც მომიკაკუნა.
მცდარი დასკვნების გამოტანას მაინც ერიდე: ჯერ ისე არ დავჩაჩანაკებულვარ, შიშის ქიმერებს დავნებდე, იმედის ქიმერებივით აბსურდულს და მათზე მეტად მწამებელს. თუ ბედად მოტყუება მიწერია, მაშინ მერჩია, ზედმეტად მიმნდობი ვყოფილიყავი. ამ შემთხვევაში დასაკარგი არც არაფერი მექნებოდა და ტანჯვითაც ნაკლებ დავიტანჯებოდი. ჩემი დრო დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დღეები დათვლილი მაქვს და სიკვდილი დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად კარზე მომადგება. თუმცაღა, ყოველ საღამოს იმ იმედით ვწვები, რომ აისამდე გავატან სულს. იმ გადაულახავი ზღვრების შიგნით, რომლებზეც ეს-ეს არის გესაუბრე, მე შემიძლია თავგამოდებით დავიცვა საკუთარი პოზიციები; მეტიც, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, მომხდურს დათმობილი ტერიტორიის რამდენიმე გოჯსაც ხელიდან გავაგდებინებ. და მაინც: მე მივაღწიე ასაკს, როცა ადამიანისათვის ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა აღიარებული მარცხი. ამას ვერავინ გაექცევა. რომ განვაცხადო, ჩემი დღეები დათვლილია-მეთქი, ეს იმას ნიშნავს, არც არაფერი მეთქვას. ასე იყო ცხოვრების გარიჟრაჟიდანვე. ასეთია ჩვენი ხვედრი. სიკვდილის ადგილის, დროისა და მეთოდის გაურკვევლობა კი გვიბნელებს მიზანს, რომლისკენაც სულმოუთქმელად მივილტვით, მაგრამ ჩემი მომაკვდინებელი სენის განვითარებასთან ერთად ეს ბუნდოვანება მცირდება. ყველას შეუძლია მოულოდნელი სიკვდილი; ოდენ სნეულმა თუ იცის მტკიცედ, ათი წლის შემდეგ ცოცხლებში რომ აღარ იქნება. დღეს ჩემთვის გაურკვევლობის ბურუსში წლები კი არა, თვეებია გახვეული. შანსი, რომ გულში ხანჯლის დარტყმისაგან ან ცხენიდან ჩამოვარდნის გამო განვუტევო სული, მინიმალურია; შავი ჭირით დასნეულების ალბათობაც უმნიშვნელოა; კეთრი და კიბოც კი უკვე ვერაფერს დამაკლებს. არც ის მემუქრება, რომ კალედონიური ნაგაზისგან დაკბენილი ან პართიული ისრით განგმირული დავიცლები სისხლისგან სადმე იმპერიის საზღვარზე. ქარბუქებმაც ვერ ისარგებლეს ბედნიერი შემთხვევებით და, როგორც ჩანს, ცამდე მართალი იყო მისანი, რომელმაც მიწინასწარმეტყველა - არასდროს დაიხრჩობიო. მე მოვკვდები ან ტიბურში, ან რომში, ყველაზე შორს - ნეაპოლში, და ალბათ სულის შეხუთვა მომიღებს ბოლოს. მერამდენე კრიზი გადამიყოლებს ნეტავ? მეათე თუ მეასე? მთავარი საკითხი სწორედ რომ ეს არის. მე უკვე ვჭვრეტ ჩემი სიკვდილის კონტურებს იმ მოგზაურის დარად, მზის სხივების მიერ ღრუბლების ტყვეობიდან გამოთავისუფლებულ სანაპირო ზოლს რომ დალანდავს მიმწუხრისას, არქიპელაგის