წინასიტყვაობა ჯ. გ. ბალარდს ერთხელ შევხვდი – ეს იყო სრული კატასტროფა. შუაღამით თემზაზე გემით მივცურავდით, რატომ – არ მახსოვს. ალბათ "ბრიტანეთის საბჭო" მართავდა რამე ღონისძიებას... გემზე უამრავი ახალგაზრდა ბრიტანელი მწერალი შეკრებილიყო. ბევრი დათვრა და სულ მალე იაფფასიანი პლასტმასის სკამების წყალში სროლაც კი დაიწყეს. 23 წლის ვიყავი, სულ რამდენიმე თვის წინ მომეპოვებინა "ახალგაზრდა ბრიტანელი მწერლის" სტატუსი და მახსოვს, იმ სკამებზე ძალიან ვდარდობდი: მეამბოხეობით არ გამოვირჩეოდი. ისიც კი მიკვირდა, გემზე როგორ აღმოვჩნდი (რამე მდიდრული იახტა არ გეგონოთ. წარმოიდგინეთ წყალზე მოტივტივე "ტრეველოჯის" სასტუმრო, შეპერტონული კოტეჯის ინტერიერით). სკამების მტყორცნელებს გავეპარე და პირდაპირ ბალარდს შევეჩეხე: სახე, ვითარცა ბადრი მთვარე, პრიალა ტონზურა და გვერდებზე ჩამოფენილი შეთხელებული თმა – მოკლედ, გაკრეჭილი მღვდლის აჩრდილს წააგავდა. ამას მოჰყვა მტანჯველი ათწუთიანი საუბარი: ერთმანეთის აშკარად არ გვესმოდა. რაც კი წიგნი მომწონებია, მას სძულდა. თუ ოდესმე ფილმით მოხიბლულა, მე არც კი მენახა (სახვით ხელოვნებას აღარც შევეხეთ). ერთადერთი საერთო კემბრიჯის კინგზ-კოლეჯი იყო, მაგრამ გამოსაშვები გამოცდებისთვის წაკითხული უსაყვარლესი წიგნების ჩამოთვლას შევუდექი თუ არა, შევნიშნე, ბადრი სახე ზიზღისგან დაემანჭა. ბოლოს სულ გაჩუმდა, ღრუ დორიულ სვეტს მიეყრდნო და, უბრალოდ, მომაშტერდა.
თავი შევაწყინე – მაგრამ ეს უფრო ღრმა პრობლემა გახლდათ. ჯეიმზ გრემ ბალარდი იყო კულტურის წიაღში დაბადებული კაცი, სულით ხორცამდე ბრიტანული კოლონიური კლასის ნაყოფი; მაგრამ მან ამ შემზღუდველი ყალიბიდან გააღწია და შექმნა (მისი ლიტერატურული თაობისგან განსხვავებით) ერთგვარი ავტონომია, რომელსაც დედაკონტინენტთან აღარავითარი თვალსაჩინო კავშირი არ ჰქონდა. მე კი, როგორც კულტურის გარეთ დაბადებული ადამიანი, ძალ-ღონეს არ ვიშურებდი, ოღონდ რამენაირად შიგ შემეღწია. ასე რომ, ბალარდსა და მის შემოქმედებასთან ჩემი შეხვედრა იყო, არსებითად, ვერშემდგარი ურთიერთობა: სიბნელეში მცურავი ორი გემივით ავცდით ერთმანეთს. საკმაოდ მომწონდა ბალარდის "მზის იმპერია" და რამდენიმე სამეცნიერო-ფანტასტიკური მოთხრობა, მაგრამ მისი რომანები, განსაკუთრებით კი "შეჯახება", არ მესმოდა და ყოველთვის მაშფოთებდა: თავიდან – როგორც მოზარდს, რომელიც ჰითროუს აეროპორტის სიახლოვეს ცხოვრობდა, შემდეგ კი – როგორც ახალგაზრდა ფემინისტ სტუდენტს, რომელიც "ფალოცენტრიზმს" ებრძოდა და სულ არ ეპიტნავებოდა ხეიბარი მძღოლი ქალების ფეხის ჭრილობებში შეყოფილი სასქესო ასოები.
რა მაშფოთებდა? უპირველესად, რომანში აღწერილი დასავლეთი ლონდონის ფსიქოგეოგრაფიული გარემო. მოზარდობაში ძირითადად სულ დასავლეთ ლონდონში დავსეირნობდი და ოთხზოლიანი გზების თავზე გადატარებული საფეხმავლო ხიდების უხეშ ბეტონის საფეხურებზე ავდი-ჩავდიოდი, რომ მეგობრების სახლებამდე მიმეღწია, რომელთა ფანჯრებიც ა41 გზატკეცილის ჭვარტლს გაემურა. მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთვის სრულებით ბუნებრივი და რაციონალური იყო – ლამაზიც კი – და როცა ბალარდთან ვკითხულობდი, რომ "ესტაკადები შეჯვარებისას ერთმანეთზე გადამჯდარი გოლიათებივით აჩხორილიყო", ამით ავტორი ჩემი ბავშვობის მონატრებულ არქიტექტურას მახინჯ ურჩხულად წარმოაჩენდა:
"მთელი ჩემი სასიცოცხლო არეალი ახლა გზატკეცილების, შესახვევების, გზაჯვარედინებისა და მათი ჯებირ-პარაპეტების ერთი მთლიანი ხელოვნური ჰორიზონტით იყო შემოსაზღვრული. მანქანებიც ამ კონსტრუქციებით იყო გარშემორტყმული, როგორც რამდენიმე მილის დიამეტრის მქონე ვულკანური კრატერით."
ეს აბზაცი, შეიძლება ითქვას, საკმაოდ ზუსტად აღწერს, მაგალითად, ნიზდენის შემოგარენს ჩრდილოეთ შემოვლით გზატკეცილთან, მაგრამ, როცა გაიძულებენ, შენთვის საყვარელ და ნაცნობ ადგილს ასეთი ცივი და მიუკერძოებელი თვალით დააკვირდე, ეს მართლაც შოკს გგვრის (ერთხელ ბალარდმა თქვა: "რომანისტი უნდა დაემსგავსოს მეცნიერს, რომელსაც გვამის გაკვეთა ევალება".). ბალარდმაც სწორედ ეს ამოცანა დაისახა: ყველაფერი, რაც "ბუნებრივად", ანუ ნორმალურად, ნაცნობად და რაციონალურად გვეჩვენება, განეხილა და მისი ფსიქოპათოლოგია გამოევლინა. როგორც არაერთხელ აღუნიშნავთ (მათ შორის, თავად ავტორსაც), "გაუცხოების" ეს ნიჭი ნაწილობრივ მისი უჩვეულო ბიოგრაფიის შედეგი უნდა ყოფილიყო:
"ერთ-ერთი დასკვნა, რომელიც ჩემი ომისდროინდელი გამოცდილებიდან გამოვიტანე, ის გახლავთ, რომ სინამდვილე დეკორაციაა... ყოველდღიური კომფორტი, სკოლა, სახლი, რომელშიც ცხოვრობ, და ყველაფერი დანარჩენი... შეიძლება ერთ დღეში დაიშალოს და გაქრეს."
15 წლისამ დატოვა მიწასთან გასწორებული შანხაი, რომელშიც ომის წლები გაატარა, და ჩამოვიდა ინგლისში, რათა კემბრიჯის უნივერსიტეტში მედიცინას დაუფლებოდა. ცხადია, გაუჭირდა ინგლისის სერიოზულად აღქმა. ამით განსხვავდებოდა თანატოლებისგან, რომლებსაც ჩვევად ექცათ ინგლისისადმი ნამეტანი სერიოზული დამოკიდებულება. მაგრამ ბალარდი მხოლოდ სკეპტიციზმით რომ ყოფილიყო გამორჩეული, ასეთ განსაკუთრებულ მწერლად ვერ ჩამოყალიბდებოდა. გახსოვთ ის ცნობილი კადრი დევიდ ლინჩის "ლურჯი ხავერდიდან", როცა კამერა მოვლილი გაზონის ქვეშ ძვრება და იქ მოფუსფუსე ანტიუტოპიურ სცენას გვიჩვენებს? ბალარდსაც მსგავსი განზრახვა ამოძრავებს, თუმცა მისი ამოცანა უფრო რთულია. ბალარდთან ანტიუტოპია არც რამის ქვეშ იმალება და არც მომავლის წინასწარმეტყველურ ხილვას წარმოადგენს (როგორც ანტიუტოპიების უმეტესობა). იგი ქვეტექსტი კი არა, თავად ტექსტია. "ასეთი რამ რომ შეგემთხვევა, – ამბობს ავტოავარიაში ცოცხლად გადარჩენილი ექიმი ჰელენ რემინგტონი,