იტვირთება...

აირევი ივერია

ელგუჯა თავბერიძე

9,769 ნახვა
4
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ერთი საუკუნის წინათ სამეგრელოსა და იმერეთში ორი ათასამდე კაცი სოლომონ აშორდიას შემწეობით გათავადდა ან გააზნაურდა. ტერმინიც დამკვიდრდა _ „აშორდიას აზნაური“. ამ წიგნში ვცადეთ, საუკუნის წინანდელი ეპოქა გაგვეცოცხლებინა, დოკუმენტების, მემუარების, სასამართლო საქმეების მეშვეობით მხატვრულად მოგვეთხრო სოლომონ აშორდიაზე, კაცზე, რომლის სახელსაც ყოველი მეორე ქართველი გაიძახოდა იმდროინდელ საქართველოში. ჰოდა, ვისაც ამ უდავოდ ნიჭიერი თაღლითის თავგადასავალი, ან, სულაც, საკუთარი გვარის ისტორია აინტერესებს, ეს წიგნიც უნდა შეიძინოს და, რა თქმა უნდა, წაიკითხოს კიდეც.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
გალაკტიონის პალინდრომია: „აი რა მზის სიზმარია აირევი ივერია აი დროშა აშორდია აერების სიბერეა“. იქნებ ვინმეს ეს სიტყვები პალინდრომისათვის საგანგებოდ მოძიებულად მოეჩვენოს _ წაღმა-უკუღმა ერთნაირად იკითხება და ამიტომაც მოიხმო პოეტმაო, _ გაიფიქროს, მაგრამ არა გვგონია, ასე იყოს. თუ თითოეულ სიტყვას ღრმად ჩავუკვირდებით, მასში გამჟღავნებულ აზრს მოვიძიებთ, იმდროინდელ ამბებს გავიხსენებთ, ნათელი გახდება, ეს სიტყვები სულაც არაა შემთხვევით მოხმობილი, მათში რაღაც აზრია გაცხადებული. აზრი კი ისაა, რომ ივერია მართლაც აირია, აითქვიფა, აიდღვიბა, აშორდიასა და მისი მეგობრების მეშვეობით თავადობა, აზნაურობა ადვილად მისაღწევი გახდა. ასეთად შეეძლო ქცეულიყო ყველას, ვისაც ფული ჰქონდა და სურვილი გააჩნდა, სენაკში, ზუგდიდში ან ქუთაისში ჩასვლაც არ დაჭირდებოდა, ადგილზე მიუტანდნენ. თავადაზნაურობა, ხატოვნად რომ ვთქვათ, ერის ხერხემალი, ქვეყნისთვის ჰაერი, დაბერდა, ასაკი დაეტყო, ხმას ვეღარ იმაღლებდა, ქვეყანას ვეღარ უვლიდა, აშორდიას აზნაურები ყელყელაობდნენ, რაც სურდათ, იმას აკეთებდნენ, საითაც ეწადათ, იქით აბრუნებდნენ საჭეს, ნებისაებრ უშვებდნენ ღუზას. ერთი სიტყვით, დაბერებული ჰაერი _ ასაკდატყობილი თავადაზნაურობა ვეღარ პატრონობდა სამშობლოს. არადა, ეს მართლაც სიზმარი გახლდათ, წარმოუდგენელი, ცხადში გაუაზრებელი, უჩვეულო და უცნაური, ვინც ადამჟამიდან ქვეყანას ჭირისუფლობდა, ახლა ხმალი ჩაეგო, ბედს დანებებოდა, ზავი დაედო ჟამთან. ძველებს ჩასძინებოდათ, ახლები, თანაც ყალბნი, ინდომებდნენ მათი საქმის გაგრძელებას. მოკლედ: გალაკტიონის ეს პალინდრომი გამოძახილია აშორდიასა და მისთა მსგავსთა საქმიანობისა, იმ თაღლითური, ავანტურისტული ზრახვებისა, მათ რომ წამოიწყეს და აღასრულეს კიდეც. ამიტომ ვამბობთ, გალაკტიონს ეს ლექსი სულაც არ შეუთხზავს შემთხვევით, სიტყვების წაღმა-უკუღმა წაკითხვის სურვილით, პირიქით, რაღაც ღრმა აზრი ჩადო მათში, ზემოთნახსენებ მოვლენათა გათვალისწინებით ადვილად გასაგები. და კიდევ: 1927 წელს შეთხზულ ოხსტრიქონედში პოეტმა აშორდია იმის გამო გაიხსენა, აირევი ივერიას იმიტომ დაუკავშირა, რომ ბოლშევიკთა ბატონობის შემდეგ ქვეყანა არნახულად აირია. თავადაზნაურობის, როგორც ქვეყნის პატრონი კლასის, ფიზიკური განადგურება დაიწყო, საუკეთესო ნაწილი გაჟლიტეს კიდეც. ბუნებრივია, აშკარად ამის თქმა შეუძლებელი იყო, აშორდია-ივერიას დაკავშირებით კი, მართალია შენიღბულად, მაგრამ მაინც იმხილებოდა სათქმელი. ერთი სიტყვით, იმდროინდელ ბოლშევიკთა მძვინვარების ჟამი გალაკტიონს რაღაცნაირად აშორდიასდროინდელ სიტუაციას აგონებდა. ივერია პირუკუ აირევი რომ იყო, მიხეილ ჯავახიშვილსაც აფიქრებდა. გალაკტიონის პალინდრომს არ ახსენებს, მაგრამ ამ ლექსის დაწერიდან რვა წლის შემდეგ უბის წიგნაკში ასეთი ჩანაწერი გაუკეთებია: „აირევი ივერია (პირუკუღმა წაიკითხეთ), რაღაც საშინელი მისტიური აზრია ამ სიტყვებში“ ივერია _ წაღმა წაკითხვით სანეტარო, უკუღმა წაიკითხავ და _ შემაშფოთებელი, მართლაც ხშირად არეული, ალეწილი ქვეყნის ბედისწერაა გამხელილი ამ სიტყვის „მისტიურ აზრსა“ და იდუმალ საფიქრალში. „ქართველ ხალხს მბრძანებელი აღარ ჰყავს. თავადაზნაურობა მოკვდა, მისი ნაცვალი კი ჯერ არ გაჩენილა“ _ დაიჩივლებს მიხეილ ჯავახიშვილი იმავე 1935 წლის ჩანაწერში. მბრძანებელი და პატრონი ადრეც შემოლეოდა, ვიგინდარებს მოესურვათ გამხდარიყვნენ თავადნი ან აზნაურნი, სახელი დაერქმიათ მხოლოდ, საქვეყნო ვალზე არ ეფიქრათ, მერე კიდევ საერთოდ აღეგავათ სახსენებელი თავადაზნაურთა. რაღაცით ჰგავდა, რაღაცით არ ჰგავდა ეს ორი დროება ერთმანეთს. იქნებ სხვა სხვაგვარად ფიქრობს, მაგრამ გენიალური პოეტის ამ ლექსის ამგვარი წაკითხვა რომ შეიძლება, აშკარაა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქართული სიტყვის ჯადოქარს წაღმა-უკუღმა ერთნაირად წასაკითხი სიტყვების მოძიება არ გაუჭირდებოდა, ბუნებრივია, მრავლად გაიხსენებდა, უცდია კიდეც. პოეტის მიერვე გადახაზულ-დაწუნებულ B ვარიანტში ამ ლექსს კიდევ ერთი სტროფი აქვს დამატებული: „ალის დავა ავად სილა, აი რა დრო ორდარია, ოდნავ ისე ისე ვანდო, აი რა მზის სიზმარია“. აქ განსაკუთრებით ერთი სტრიქონია საინტერესო _ აი რა დრო ორდარია (აი რა დრო უნდა იყოს და არა აი რად დრო, როგორც გალაკტიონის თხზულებათა თორმეტტომეულის მეორე ტომშია მითითებული). მართლაც, აშორდიასდროინდელი და მერმინდელი ცის კამარაზე ორი დარი ჭიატობდა _ ნამდვილი და მაცდური, ფრთები ეკვეცებოდა ძველს, ჭეშმარიტ თავადაზნაურთა დროებას, დგებოდა აშორდიას აზნაურთა, მერე კიდევ ეროვნებდაშრეტილ ბოლშევიკთა ჟამი. სხვა სტრიქონები (მესამე საერთოდ არაა პალინდრომი) აღარ გამოხატავს პოეტის იმ აზრს, რისთვისაც შეთხზა ეს ლექსი. ამიტომ გადახაზა, დატოვა მხოლოდ ისინი, რომლებიც კონკრეტული შეხედულების, პოზიციის გამჟღავნებისათვის ჭირდებოდა _ პოზიცია კი, როგორც ვთქვი, ის გახლდათ, რომ აშორდიასა და მის დამქაშთა წყალობით თავადის ან აზნაურის ტიტული ფაეტონსა და სახლზე ადვილად შესაძენი გახდა _ წაღმართი ივერია უკუღმა დატრიალდა, აქედან ივერია იქიდან აირევი-დ იქცა, აი დროშა _ აშორდიად, მერე ეს დროც სანატრელად იქცა და ა.შ. ადრე თავადობის, თუნდაც აზნაურობის მოპოვებას დამსახურება ჭირდებოდა, ან ბრძოლაში უნდა გამოეჩინა თავი, ან კიდევ მეფის, თუნდაც მთავრის ერთგული სამსახურით გამორჩეულიყო სხვათაგან, ახლა არა, გქონდა ფული, გსურდა თავადობა ან აზნაურობა, გადაიხდიდი, გახდებოდი. ეს პროცესიც, ძველის ახალთან შეფარდებით, პალინდრომივით შებრუნებულ-შეტრიალებულიყო ჩვენდა სავალალოდ. გავა რამდენიმე წელი და კიდევ უფრო სავალალოდ შეტრიალდება, ნეტარი ივერია უკუღმა წაკითხვის ეპითეტს შეისისხლხორცებს ისევ ჩვენდა საუბედუროდ. თითქოს აირევის შინაარსი ივერიის თანამდევია. მართლაც... აიდროშაც აშორდიაა და უცხო და ყალბი დროშის ხანიერი ფრიალიც მოჰყვებოდა ხოლმე ჟამიანობას. გალაკტიონმა თავისი სათქმელის გასამხელად გაიხსენა სოლომონ აშორდია, მაგრამ ვინ იყო იგი? რა გამორჩეული ნიჭი და უნარი ჰქონდა, როგორ წარიმართა მისი და მისდართა საბრალდებო საქმე, რატომ აზიდა ფარზე ცისფერყანწელთა ერთმა ნაწილმა აშორდია?! თაღლითი იყო თუ რაინდი?! ვინ იყო მაინც?!.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-99940-917-4-3
სათაური:
აირევი ივერია
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2006
გვერდები:
320
კატეგორია:
დოკუმენტური პროზა
ნახვები:
9769
რეიტინგი:
4
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
4
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [1]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]