შავნაბადა
ნაშუაღამევია. ჭადრაკის სასახლეში, ჩვენს შტაბ-ბინაში, რომან გვენცაძე (შს მინისტრის მოადგილე) და საბურთალოს მილიციის უფროსი რაულ ალანია არიან. ვაჩვენებ და ვასმენინებ პირველი მხედრიონელი ქალის, ჟურნალისტ მაყვალა ოქროპირიძის ვიდეოფირზე ჩაწერილ გამოსვლას. იგი მოგვითხრობს, თუ როგორ დაიბარეს შსს საინფორმაციო ცენტრში ვინმე გოგოლაშვილთან და შესთავაზეს მასთან ერთად შსს მუშაკების ჩემს სახლში შემოღწევის გეგმა. რომან გვენცაძე იფიცება, რომ ასეთი რამ არ შეიძლება მომხდარიყო და ეს ცილისწამებაა. მე მჯერა მაყვალასი, მიუხედავად იმისა, რომ ეგზალტირებული პიროვნებაა და, როგორც შემოქმედს, უყვარს გადაჭარბება. ალანიას, ვატყობ, სურს, დამიმარტოხელოს. ამის საშუალება არ არის. აქ არიან თამაზ ყურაშვილი (ბუღა), ზაზა ვეფხვაძე, გია სვანაძე, ჩემი შვილი კოწია, მხედრიონელები: ედიშერ წულაძე, ლანჩხუთელი ოთარი. ალანია მაინც ცქმუტავს, თითქოს არც რომანს უნდა გააგებინოს, ისიც არ არის გამორიცხული, თამაშობდეს, ვითომ რაღაც საიდუმლო აქვს სათქმელი და ვერ ახერხებს, ფრთხილობს. ზაზა და კოწია კასპიდან ახალი ჩამოსულები არიან, დილით შავნაბადას ორმოცკაციანი ჯგუფი წაიყვანეს კასპის მილიციაში, სადაც, ჩვენი მონაცემებით, იგეგმებოდა ჩემი მოკვლა. მილიციის უფროსი განიარაღებულია და აქა ჰყავთ მოყვანილი. ისიც იფიცება, რომ ყველაფერი ეს ტყუილი და საგანგებოდ ჩაწყობილი პროვოკაციაა. ბუღა კარგი გამომძიებელივით წარმართავს დაკითხვას. შუაღამე კარგა ხნის გადასულია. ვხედავ, ასე აქედან არაფერი გამოვა, ვინ იკისრებს, თქვას, მართლაც შენი მოკვლა მინდოდაო. ვემშვიდობები შსს-დან მოსულებს, კასპის მილიციის უფროსს იარაღს ვუბრუნებ, თან ვაფრთხილებ: „კარგი, მოვრჩეთ, ხოლო თუ კიდევ ჭორად მაინც გავიგონებ ასეთ რამეს, მაშინ სხვანაირად ვილაპარაკებთ“. მიდიან. ჩვენ ცოტა ხანს კიდევ ვყოვნდებით შტაბში, ნაჩქარევად ვაჯამებთ შთაბეჭდილებებს და ვიშლებით.
როგორც კი ჩემი ოთახიდან გამოვედით, სამორიგეოში მორიგემ განგაში ატეხა: „შავნაბადაზე თავდასხმაა! რაციით გადმომცეს, ისმის სროლები“. ყველანი რაციას ვეცით. „შავნაბადა, შავნაბადა“. რაცია ხრიალებს და დუმს. „წავედით! – ვბრძანებ მე. – ახლავე გადაურეკე ყველას, ყველანი შავნაბადასკენ წამოვიდნენ“. სწრაფად ვსხდებით მანქანებში, მე – კოწიას ახალ „09“-ში, ჩემთან ერთად – ბუღა. მეორე მანქანაში – ზაზა ვეფხვაძე, გია სვანაძე, მესამეში – ედიშერი და ოთარი. ზაზამ და გიამ გაგვისწრეს, მაგრამ შავნაბადას ასახვევში კოწიას ვეუბნები, ჩართოს მაქსიმალური სიჩქარე, პირველები ჩვენ უნდა შევიდეთ.
გზაში სრული სიცარიელეა, მხოლოდ კასპიდან მომავალი ჩვენი ბიჭების ავტობუსი ჩამოვიტოვეთ. ირგვლივ სიმშვიდეა. მივქრით. იმასაც ვფიქრობ, რაიმე გაუგებრობა ან პანიკა ხომ არ არის. შავნაბადას ტერიტორიაზე კარგა ღრმად შევედით, მივუახლოვდით სასტუმროს და ერთბაშად ატყდა სროლა. ისვრიან სამი მხრიდან, საფარში შეგვიტყუეს. მანქანას ვაჩერებთ, რამდენიმე ტყვიამ უკვე გაკენწლა კარები, ჩაამსხვრია და გაიწუილა ფანჯრებში. სწრაფად გადმოვდივართ, გავრბივართ შუაგულისაკენ, საიდანაც ისვრიან, და ჩემს მაუზერს ალალბედზე ვამუშავებ. წითელ პეპლებად მფრინავი ტყვიების მოციმციმე შუქზე იკვეთება ჩვენკენ მოძრავი ტექნიკის სილუეტები. „ბეტეერი“, „ბე-ემ-პე“, ტანკი! ვინ არიან? ამდენი ტექნიკა ჩვენს მილიციას და გვარდიას არა აქვს. ნუთუ რუსებია? ქვაფენილზე ვწვები, ვიყურები, სად არიან ბიჭები. კოწია და ბუღა ჩემს უკან, მიწაზე გაწოლილან. მგონი ესენიც ისვრიან, მაგრამ საით, ჩემი არ იყოს?! ოთარი და ედიშერი დაკუზულები მორბიან ჩვენკენ, ზაზას და გიას მანქანა არ ჩანს. ტექნიკა მიდის მანქანებისაკენ, ერთი, ორი, სამი, ხუთი, ათი... ეტყობა, ჯერ ვერ შეგვამჩნიეს. ჩვენს ზურგში ბორდიური მიჰყვება გზატკეცილს, იქით – გამწვანება, მერე – ხევი. დაჩოქილები ვეფარებით ბორდიურს, ტყვიების წივილსა და მოტორების ზუზუნში გაისმის მუხლუხების ხრიალ-ღრჭიალი, ეტყობა, ჩვენს მანქანებს გადაუარეს. გაქვავებულები ვეკრობით ბორდიურს. შავნაბადას სასტუმროში გია და დათო ვაშაკიძეების, გია ხუბულაშვილისა და კიდევ ერთი ქუთაისელის მეტი არავინ იქნებოდა. ისინი უკვე ან გაქცეულები არიან, ან აყვანილები, ან... შავნაბადელი ორმოცი ბიჭი, რომლებიც კასპში წაიმძღვარეს ზაზამ და კოწიამ, გზაში ჩამოვიტოვეთ. მათ იარაღი არა აქვთ, გაიგებენ სროლის ხმას და უკან დაბრუნდებიან. თუ განგაშზე ქალაქიდან წამოვიდნენ, ესენი აღარ გამოუშვებენ. შეტაკებას აზრი არა აქვს, უამრავი ტექნიკაა, ჩვენები კი ორ-ორ, სამ-სამ კაციან ჯგუფებად წამოვლენ და ყველას აიყვანენ. ზაზამ და გიამ თუ მოასწრეს მობრუნება, ხომ კარგი, თუ არადა... ოთარი გვარწმუნებს, რომ მათ ხევში გადახტომას მოჰკრა თვალი, ჩვენც ხევისკენ მივფოფხავთ. უცებ შავნაბადას ტერიტორია პროჟექტორებით გაბდღვრიალდა. გვეძებენ? თავს წამოვყოფთ თუ არა, ჩვენი გიგანტური აჩრდილები განათებულ მიწას შავი ღრუბელივით ედება. „დაწექით!“ – ვბრაზობ მე. კოწიას ხევის ჩრდილოვანი მხარისაკენ უჭირავს გეზი. ცხინვალსა და ლიახვის ხეობაში თან დამყვებოდა, მაგრამ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში პირველად არის, კარგად უჭირავს თავი, ფაქტობრივად, ჩვენი მეგზურია და, ამრიგად, მეთაურიც. ორიენტაციის საუცხოო უნარი აქვს, უნდა მივენდოთ. სროლა შეწყდა. პროჟექტორები დაბორიალობენ, საეჭვო ადგილებში ყოვნდება