მოწითალო... დედაჩემს, რომელიც წმინდანია
ანას, რომელიც მიყვარს
პროლოგი
ევროპა ეგნატე ნინოშვილმა გამოიგონა,
შექმნა თავისი ნაშიმშილები ხელებით და ცარიელი კუჭით,
ევროპა იყო ჭორი.
როცა ის საბოლოოდ შეიქმნა, ეგნატე ნინოშვილმა დაისვენა
და თქვა:
ამიერიდან ქართველებს გვაქვს ოცნება,
რომელიც წარსულის მისტიფიკაციით
და აწმყოს მოდელირებით იქმნება,
გვაქვს გზა და გეზი,
გვაქვს მიზანი და მიზეზი, გვყავდნენ ღმერთები,
ახალი ღმერთები, ევროპელი ღმერთები, თეთრი ადამიანები,
გახსნილები, პროგრესულები, ცივილიზებულები,
დახვეწილები, გენიალურები, კეთილები, წესიერები,
ასეთები იქნებიან ევროპელები,
მე კი მეყოფა რაც გავაკეთე,
შემიძლია დავისვენო და ვიფიქრო პოეტ თომას ჩატერტონზე,
რომელიც 14 წლისა ჩავიდა ლონდონში ევროპული ოცნებით,
რომელმაც დაწერა გენიალური ლექსები,
სამი წელი იმყოფინა საოცნებოდ
და 17 წლისამ თავი მოიკლა.
და როცა შეიქმნა ევროპა,
აღარ დარჩა სხვა მიზეზი, რომ არ ეწვიმა,
რადგან მასთან ერთად შეიქმნა სამყაროს ისტორია,
ყველა მითი და რეალობა,
შეიქმნა წარსული და ამბავი ქრისტეზე,
კაცზე, რომელიც
სიკვდილსმიღმა თომას ჩატერტონის როლს თამაშობს
ყოველკვირეულ საღვთო თეატრში,
საქველმოქმედო სპექტაკლში, 20:00, +17.
როცა შეიქმნა ევროპა
და ეს მოხდა მე-19 საუკუნეში,
რომელიც სინამდვილეში პირველი იყო,
რამეთუ არ არსებულა მანამდე სხვა დრო
და არ არსებულა მანამდე სხვა ეგნატე ნინოშვილი,
შეიქმნა ტყუილიც ყველა იმ გენიოსისა და შედევრის შესახებ,
რომელიც თითქოს მანამდე იწერებოდა და იხატებოდა,
რომელიც თითქოს მანამდე აოცებდა პუბლიკას,
არადა ყველაფერი,
და ვინჩის საიდუმლო სერობიდან დაწყებული
და გოეთეს ფაუსტით დამთავრებული
სინამდვილეში არ არსებობდა,
ყველაფერი ერთ ცივ ზამთარს,
უსინათლო საღამოებისას,
გაყინულმა ეგნატე ნინოშვილმა შექმნა.
პირველი მოქმედება
1.
ახალი დროების გარიჟრაჟზე ვესტუმრეთ იტალიას,
მე და ევრიდიკე.
ოდესმე იტალიაში ჩასული უილიამ შექსპირი იტყოდა, რომ ეს ცოცხლების მიწაა.. რომ აქ ცხოვრობს ხალხი, რომელიც არასდროს კვდება, ხალხი, რომელსაც უყვარს ისე, როგორც არავის სხვაგან. მერე დაწერდა „რომეო და ჯულიეტას“, ან „ვენეციელ ვაჭარს“, აღფრთოვანებული გაიშოტებოდა რომში, ტიბრის მახლობლად, რომელიმე პიაცაზე, ჩაიფიქრებდა რაიმე სონეტს, რომელიც უთუოდ დაავიწყდებოდა ლონდონში ჩასვლამდე და იფიქრებდა ვინმე ეგნატე ნინოშვილზე, რომელიც აუცილებლად გაჩნდება ოდესმე და გამოიგონებს მას. მას შემდეგ, იტალიაში ჩასული გრეგორი კორსო იტყვის, მე აქ უნდა დამასაფლავოთ და ასეც იზამენ, დაკრძალავენ რომში, პროტესტანტულ სასაფლაოზე, დაადებენ გულზე ქვას მისივე ლექსიდან ამონარიდით, რომელიც ამბობს, რომ მდინარეები.. მდინარეები.. ეჰ, გრეგორი კორსო, რომელიც ალენ გინსბერგი არ იყო და არც ტედ ჰიუზი, რომელიც მაიკლ დინი არ იყო და არც ჯონ უეინი, რომლის გვარიც ძაღლის ჯიშივით ჟღერდა, სახელი კი იმავე რომში ბევრად უფრო სახელგანთქმულმა გრეგორი პეკმა ააცალა ცხვირწინ.
იტალიას ვესტუმრეთ, მე და ევრიდიკე,
აქ უცნაური ხეები ხარობს, მაღალი, აწოწილი,
მხოლოდ ბოლოში რომ აქვთ გლობუსივით დიდი თავები,
„ხეები ჰგვანან ჯარისკაცებს“ – ამბობს ის,
ხეები ჰგვანან მეამბოხეთა შესაშინებლად
გზაზე ჯვარცმულ პარტიზანებს,
საერთო კეთილდღეობისა და კმაყოფილების წინააღმდეგ აჯანყებულ სულებს,
ხეები ჰგვანან დედებს,
რომელთა ქმრებიც გააციმბირეს და მოკლეს,
მათ კი ისღა დარჩენოდათ, ბავშვებისთვის დაესწავლებინათ კომუნისტური მანიფესტი.
ო, დიდო ბელადო ნიკ ზედ,
გვიგალობე ტრანსგრესიულ თავისუფლებაზე,
რათა მოვიპოვოთ ცხონება პოსტსაბჭოთა ქვეყნის შვილებმა,
პოსტნინოშვილის ქვეყნის შვილებმა,
საოცრებათა ქვეყნის შვილებმა,
ჩვენ,
უბრალო ბანქოს ჯვრის და ყვავის ექვსიანებმა.
2.
იტალია წითელია.
ასე იტყოდნენ ჯუზეპე გარიბალდი და კამილო კავური,
ასე იტყოდა ფორე მოსულიშვილი.
იტალია წითელია,
ასე იტყოდა სახლში დაბრუნებული ფელიჩე რივარესი,
სახელად არტური
და შესაბამისად ასე იტყოდა იტალიით მოხიბლული
ეტელ ლილიან ვოინიჩი,
საბჭოთა თანამეგობრობის საყვარელი ავტორი,
ნამდვილ ჯეიმს ბონდზე შეყვარებული ქალი.
იტალია წითელია,
იტალიელთა მცხუნვარე მზით დამწვარ კანს
უხდება ანარქისტული დროშა,
უხდება მოლოტოვის კოქტეილების ჩადება
ჟილეტის შიდა დიდ ჯიბეებში,
უხდება წყლის ჭავლისთვის სახის მიშვერა,
იტალიას უხდებიან გლადიატორები,
გოგო-ბიჭები ტრანსპარანტებითა და მჩქროლავი სისხლით,
რომელიც ყველაზე წითელია, ვიდრე ოდესმე,
იტალია წითელია
და იხდენს აბოლებულ საბურავებს პიაცა დელ პოპოლოზე.
რომში, მე და ევრიდიკე მთელი დღის განმავლობაში ვათვალიერებდით ათასნაირ მოედნებს, სახლების ფასადებს, ადამიანებს, ბანგლადეშელ ემიგრანტებს, უნაკლო კარაბინერებს, ტაძრებს, ტაძრებს, ტაძრებს. ჩვენ ვნახეთ ღმერთის სახლი, რომლიდანაც ის უძღები შვილივით წავიდა, მოწითალო ვატიკანი.
პიეტა
მე ადრეც ვნახე პიეტა.
თბილისში, კონიაკის დასახლებაზე, ზარზმის 5-ში,
ე.წ. ხრუშჩოვკაში, ბინაში – 19.
იქ, სადაც დავიბადე, გავიზარდე და ვიცხოვრე,
სანამ არ გავექეცი უკურნებელ ტკივილს.
ვნახე პიეტა,
როცა დედაჩემი დაემხო ჩემი ძმის კუბოს
და მაშინ თქვეს მეზობლებმა,
რა ტკივილია, რა სიმწარეა, ეჰ.
და მაშინ თქვეს მეზობლებმა,
ამხელა ბიჭი, ასეთი ბიჭი, ეჰ.
და მაშინ თქვეს მეზობლებმა,
მორჩა, რა