მოგზაური და ქალი, რომელსაც ძალიან უყვარდა ზღვა რამდენიმე თვის წინ სახლის ტელეფონზე ვიღაც უცხო მამაკაცი მირეკვადა და შეხვედრას მთხოვდა. რომ ვკითხე, ვინ ბრძანდებით – მეთქი, გვარი და სახელი არაფრის დიდებით არ მითხრა, თქვენთვის ჩემს გვარსა და სახელს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ, ერთ კონკრეტულ საკითხზე თქვენი ნახვა მინდაო. ცოტა არ იყოს დავიბენი და გავოცდი. სახელსა და გვარს რომ არ მეუბნებით, მაშ, როგორ მოგმართოთ – მეთქი, რომ დავინტერესდი, მოგზაური დამიძახეთო, ასე მიპასუხა. მის ამგვარ პასუხზე გულიანად გამეცინა და ვკითხე:
- ესე იგი, მოგზაურობა გყვარებიათ?
- არა, თქვენ რომ გგონიათ, მე იმ მოგზაურობას არ ვგულისხმობ. – იყო პასუხი.
- აბა, რა მოგზაურობას გულისხმობთ? – კიდევ უფრო გავოცდი მე.
- ბავშვობისკენ, სიყმაწვილისკენ და საერთოდ, იმ მიმართულებით მოგზაურობას ვგულისხმობ, სადაც ჩვენი დავიწყებული წარსულია.
ამის შემდეგ, უკვე მივხვდი, რომ ან ვიღაცას ჩემი გამაიმუნება გადაეწყვიტა, ან კიდევ, აშკარად სულით ავადმყოფთან მქონდა საქმე.
- იცით, რას გეტყვით? მე ახლა სამაიმუნოდ სულაც არ მცალია, ხოლო თუ თქვენ ფიქრობთ, რომ სერიოზულად ლაპარაკობთ, მაშინ თქვენი ადგილი ფსიქიატრიულში ყოფილა. – გავცხარდი მე.
- არავითარი მაიმუნობა და ფსიქიატრიული, გნახავთ, ყველაფერს მოგიყვებით და თავადვე დარწმუნდებით, რომ საქმე სულაც არაა ისე, როგორც გგონიათ.
- კონკრეტულად რა საკითხზე გსურთ ჩემთან შეხვედრა?
- მწერლობაზე. – მიპასუხა უცხო მამაკაცმა.
- და თქვენ მწერლობასთან რამე კავშირში ხართ?
- მეც მწერალი ვარ, ისევე, როგორც თქვენ.
- თქვენი წიგნი ხომ არ უნდა მაჩუქოთ? – ვკითხე მე.
- არა, მაგის გამო არ ვაპირებ თქვენს ნახვას.
- მაშ, რის გამო?
- ადამიანო, ხომ გითხარით, გნახავთ და მერე გეტყვით – მეთქი?! – ახლა უკვე ის გაცხარდა და ხმას აუწია.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, დავთანხმდი შეხვედრაზე, ჩემთან სახლში. ბოლოს და ბოლოს, უცხო ადამიანი რომ გეუბნება, თქვენთან დალაპარაკება მინდაო, ინტერესის გამო მაინც ხომ უნდა შეხვდე. იქნებ, რა საქმე აქვს? იქნებ, დახმარება სჭირდება და თუ შენც შეგიძლია, ყოველგვარი ანგარების გარეშე დახმარება გაუწიო, ამას რა ჯობია? მე მგონი, არც არაფერი.
ჩვენი შეხვედრა დილის თერთმეტ საათზე შედგა, ჩემს სახლში. კვირა დღე იყო. ასე დილით, იმიტომ ვთხოვე მოსვლა, რომ მერე ქალაქიდან გასვლას ვაპირებდი და მსურდა, ყველა საქმე დილითვე მომეცილებინა. სადღაც, დილის ცხრა საათისთვის უკვე გაღვიძებული ვიყავი.Lლოგინიდან ზლაზვნით წამოვიწიე, ფეხზე წამოვდექი და კომპიუტერი ჩავრთე, მაგრამ ეკრანთან მაშინვე არ მივმჯდარვარ. ჯერ აბაზანაში შევედი, წყალი შევისხი, ყველაფერი მოვითავე და მერე სამზარეულოს მივაშურე. მაცივრიდან ატმის წვენი გამოვიღე, დიდ ჭიქაში ჩავასხი და კომპიუტერს მხოლოდ ამის შემდეგ მივუჯექი. დრო საკმაოდ მქონდა და ამიტომ, მშვიდად შემეძლო ჩემი საქმე მეკეთებინა. ჯერ ფეისბუქში შემოსული პირადი შეტყობინებები გადავიკითხე. შემდეგ, როგორც მჩვევია ხოლმე, ახალი ინფორმაციების მოძიება დავიწყე: მიჰყვა ერთმანეთს პოლიტიკა, სპორტი, კულტურა, ხელოვნება. ზოგისგან სასარგებლო, ცხოვრებისეული რჩევები მივიღე, ზოგი კი ისეთი ინფორმაცია იყო, მხოლოდ რომ შემოგეკითხება ადამიანს. არც საკუთარი პროფილი დამიტოვებია უყურადღებოდ და რამდენიმე პოსტი დავამატე, რა თქმა უნდა, პოლიტიკაზე, სპორტზე და მწერლობაზე. ამის შემდეგ, ფეისბუქის პროფილის გვერდით ახალი ფანჯარა გავხსენი და აქედან უკვე სხვადასხვა გამოცემების ელექტრონულ ვერსიებს გავეცანი. თან, შიგადაშიგ, ჩემი ახალი წიგნისთვის აკრეფილი ტექსტის კორექტურას ვაკეთებდი.
მოკლედ, ჩემთვის ეს კვირა დღეც ზუსტად ისე დაიწყო, როგორც უნდა დაწყებულიყო. არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა, რადგან ერთი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი, კვირა დღე თენდებოდა. დრო კი ძალიან სწრაფად გავიდა და ჩემი საქმეებით გართულმა, საათს რომ შევხედე, თერთმეტს ათი წუთი უკლდა...
... კიდევ რამდენიმე წუთიც და კარზე ზარის ხმა გაისმა.
- მობრძანდით! – ვუთხარი კართან მდგარ, მწვანეთვალება მამაკაცს, ოღონდ, იმით დარწმუნებულმა, რომ ნამდვილად ეს კაცი იყო ეგრეთწოდებული მოგზაური, მისთვის ვინაობა არც მიკითხავს.
სხვათა შორის, არც მას უკითხავს რამე, ჯერ თავი დამიკრა და მერე პირდაპირ მისაღები ოთახისკენ წავიდა. მეც მივყევი, ის კი შუაგულ ოთახში გაჩერდა, გაიხედ-გამოიხედა და კედლებზე ჩამოკიდებულ სურათებს დაუწყო თვალიერება. არაფერს ამბობდა, დინჯად ათვალიერებდა სურათებს და კმაყოფილი თავს აქნევდა. მერე, უცებ ჩემკენ შემობრუნდა და რომ მეგონა, სურათებზე მკითხავდა რამეს...
- წყალს ვერ დამალევინებთ?
- ატმის წვენს ხომ არ ინებებთ? – შევთავაზე მე.
- კარგი იდეაა, მომწონს თქვენისთანა მიხვედრილი მასპინძლები. – წამახალისა მან.
- მე კი მაოცებს თქვენისთანა გულღია, მაგრამ უსახელო სტუმრები. – სიტყვა უსახელოს განგებ გავუსვი ხაზი, რაზეც ჩემს სტუმარს