ცნობიერების დაბრუნება მიძნელდება და არაფერს ძალუძს, შემაჩეროს. მეშინია და უკვე რამდენიმე საათია, უკანმოუხედავად, სუნთქვაშეკრული გავრბივარ და ტეოზე ფიქრები არ მშორდება. გავრბივარ და მიუხედავად სუსხისა და ჩემი გაყინული ხელებისა, მაინც ვოფლიანდები. თავს ვაიძულებ, უცნაურ ხმებში და შავ, ნესტიან სივრცეში გზა გავიკვლიო. მივრბივარ, მაშინაც კი, როდესაც სირბილის ძალა აღარ შემწევს. გზას ჭიაყელასავით, ხოხვით განვაგრძობ. მთავარია, არ დავნებდე; მთავარია, არ გავჩერდე. იმის პატიება არ შეიძლება, რაც ჩავიდინე. ხელები სისხლში მაქვს გასვრილი. ირგვლივ ყველაფერს სიკვდილის სუნი ასდის. ყველგან წყვდიადი გამეფებულა. „ყველაფერი დამთავრდა; ყველაფერი მორჩა.“ – ხმამაღლა ვყვირი და სიმწრისგან კბილები მიწაკწაკებს. საკუთარი ღრიალი ჩამესმის, ძლიერ ტკივილს ვგრძნობ; სუნთქვა მიჭირს; გონებაში საკუთარ თავს ვლანძღავ. თუმცა, შიში მიპყრობს, ვაითუ, ვინმემ დამინახა, ვაითუ, ვინმემ იცის ამის შესახებ? დამიჭერენ! ტეო, ტეოსთვის უნდა შევძლო, ყველაფერს ვძლიო. პირს ფართოდ ვაღებ, რომ ჰაერი ჩავისუნთქო, თორემ სირბილით სადაცაა, ფილტვები გამისკდება. შიშით გათანგული, კიდევ უფრო ღრმად შევდივარ ტყეში. უკვე ნელა მივაბიჯებ. დავიღალე. ვკოჭლობ; სირბილის დროს ფეხი ისე გავიჭერი, არაფერი გამიგია. ყველგან სისხლის კვალს ვტოვებ და ცივი ოფლი მასხამს. მინდა, რეალობის აღქმა დავიბრუნო და დაღლილი, კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს საზარელ მცენარეებსა და ვეება ხეებს. მივრბივარ სიბნელეში და უკნიდან, განათებული ქალაქის ქაოსი მომყვება. ძალიან მშია. ალექსი! ყველაფერი იმ დესპოტის ბრალია, ეშმაკივით რომ შემომიჩნდა. იფიქრე, იფიქრე. საკუთარ თავს მოვუწოდებ, რომ მასზე რაც შეიძლება ბევრი ცუდი გავიხსენო და ნელ–ნელა დავიწყებას მივცე. ახლა მხოლოდ ტეოზე უნდა ვიდარდო. მხოლოდ, ტეოს გულში ჩაკვრა მინდა. იქ, სადაც არც დანიელი იქნება, არც – ალექსი და არც – ვინმე სხვა. შვილისთვის გზას ხოხვით განვაგრძობ, არ დავეცემი, ვერ გამტეხს – ვერც ერთი წინაღობა მე ვერასდროს გამტეხს. გული ისე ჩქარა მიცემს, რომ მისი ხმაც კი მესმის. გაჭრილი ფეხის ტკივილს ვერც კი ვგრძნობ, მხოლოდ, სისხლის, უკან მოტოვებულ კვალს ვხედავ. ყველა კუნთი, ნერვი, სხეულის ყველა უჯრედი მეწვის. ყელში მოწოლილი სპაზმისგან ვახველებ და კუჭის წვენს დაცვარულ მინდორზე ვანთხევ. გზას ტყეში შემოჭრილ ნისლში ვიკვლევ და ვცდილობ, ეკლებს მოვერიდო. ღამით ტემპერატურა კიდევ უფრო იკლებს და სხეული მეყინება. ახლა მხოლოდ დროებითი კეთილდღეობისთვის ვიბრძვი და სულ არ ვფიქრობ სულიერი ფასეულობების შეძენას. მძვინვარე ურჩხულს ვგავარ, ვგრძნობ, როგორ ვიღუპები ჩემ მიერ დანთებულ ცეცხლში. უმწეო გავხდი, – ყოველგვარი თავდასხმის მსხვერპლი, და სასტიკი ქარიშხალიც თავის ჭკუაზე მათამაშებს. ისეთი აღელვებული ვარ, ჩემი ფიქრები ბობოქარ ზვირთებს წააგავს. როგორ მინდა, ყოველი ძლიერი ზვირთი გაიყინოს და გაქრეს. როგორ მინდა, დავივიწყო საკუთარი თავის არსებობაც კი და ჩემი ტვინი დაემსგავსოს სუფთა, დაუწერელ ქაღალდს. მხოლოდ მაშინ შევძლებ, რომ თავი მოვუყარო შემოქმედებითი აზრების ნაკადს – აზრებს, რომელთა წარმოდგენა, ჩვეულებრივ, ფხიზელ მდგომარეობაში ჩემთვის შეუძლებელია. გამუდმებით ვუმეორებ საკუთარ თავს: „მე არაფრის მოსმენა არ მსურს, არ მსურს არაფრის დანახვა და არაფერზე არ მინდა, ვიფიქრო“. საკუთარი ფიქრები უფსკრულში მიმაქანებს და ხელ–ფეხიც კი ერთმანეთში მეხლართება. ამ ჭუჭყიან ამინდში ვეღარაფერს ვგრძნობ, ვხუჭავ თვალებს და თავით ვეშვები ჩემს ფერად სამყაროში, სადაც მოთამაშეც მე ვარ და – მაყურებელიც. თითქოს, ზაფხულის შხაპუნა წვიმა იყოს; კაბა სველ სხეულზე მეწებება და ძუძუსთავები მებურცება. წვიმის წვეთები სახეში მეშხეფება; შენელებული და ლამაზი კადრია. ვფხიზლდები და გრძნობებს მიკლავს საკუთარი, ზიზღიანი და ამავდროულად სევდიანი თვალები. დაუძლურებული ვარ; სუნთქვა კიდევ უფრო მიჭირს. ხელები მესუსხება და მიუხეშდება. ხოხვა აღარ შემიძლია და თავს სველ, დაცვარულ მიწაზე ვდებ. იმის ძალაც აღარ მაქვს, რომ სიკვდილის შემეშინდეს. თვალებს ვხუჭავ და ტეოს სახეს ვხედავ. „შენთვის, მხოლოდ შენთვის უნდა ვიცოცხლო.“ – თავს ძალას ვატან, რომ დახეთქილი ტუჩებიდან ამოვილუღლუღო. გამთენიისას, თეთრ–მონაცრისფრო ნისლში დეკემბრის მზის ნახევრად მიმქრალი სხივები ეხვევა. მგლოვიარე სითეთრის ფონზე ბუნდოვნად ვარჩევ სახეებს.
– ჰეი, გაიღვიძე! მიდი, გაიღვიძე! – თვალს ვახელ და იმედგაცრუებული, აქეთ–იქით ვიყურები. წარმოდგენა არ მაქვს, სად ვარ. ჩემ თვალწინ სამყარო ფრაგმენტებად იშლება....
– აი, ასე, ჩემთან იყავი!