უხაროდა იყო და არა იყო რა, ანუ თან იყო და თანაც არაფერიც არ იყო, ანუ რაც იყო, იმავდროულად არც იყო, ანუ … ნუ, მოკლედ, როგორც იყო. ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, ერთ არცთუ ისე პატარა სამეფოში ერთი გლეხი ცხოვრობდა.
გლეხს ღარიბი არანაირად არ ეთქმოდა, დუქანი ჰქონდა გახსნილი და საკმაო შემოსავალი შემოსდიოდა. პრინციპში, თუ დუქანი ჰქონდა, გლეხიც აღარ ეთქმოდა, მაგრამ ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თან ზღაპრების უმრავლესობა ხომ სწორედ გლეხებზე მოგვითხრობს. მოკლედ, ასე იყო თუ ისე... ალბათ უფრო ასე იყო, ამ გლეხს ერთი გასაჭირი ჰქონდა – შვილი არ უჩნდებოდა. რა არ სცადა საბრალო გლეხმა, ჯადოსანთანაც იყო, რომელმაც რაღაც ვაშლი მისცა, ეს ცხრა ნაწილად გაყავიო და დღეში თითო ნაჭერი ჭამეო; ჯადოქართანაც მივიდა, რომელმაც უთხრა, ეგ ჯადოსნები მაგარი აფერისტები არიან, ვაშლი ცხრა ნაწილად კი არ უნდა გაგეყო, არამედ შავტარიანი დანით უნდა დაგეჭრაო. ესეც სცადა გლეხმა, მაგრამ ნანატრი შვილი არა და არ უჩნდებოდა. ბოლოს მეზობელმა ურჩია, ცოლი მოიყვანე და შვილიც გეყოლებაო. გლეხმა გაიფიქრა, ამ ერთხელაც ვცდიო და მართლაც ცოლის მოყვანიდან ზუსტად ცხრა თვეში შვილი შეეძინა. სწორედ იმ დღეს, იმ საათს, იმ წუთს და იმ წამს გლეხის ცხენმა თეთრშუბლა კვიცი მოიგო და გლეხის ძაღლმა კუდისთეთრწვერიანი ლეკვი დააგდო.
გლეხის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ექვსი დღე და ღამე უხაროდა, მეშვიდე დღეს დაიღალა და დაისვენა. დრო კი გადიოდა. გლეხის შვილი იზრდებოდა. სხვები თუ წლობით იზრდებოდნენ, ეს დღეებით იზრდებოდა, ისე რომ, 16 წლისა უკვე 17-ისას ჰგავდა. უყურებდა გლეხი თავისი შვილის ამ წარმატებას და უხაროდა, ამიტომ შვილს უხაროდა დაარქვა. უხაროდა ძალიან ღონიერი გამოვიდა, ბავშვობიდან ნიჩბოსნობაზე დადიოდა, რაც, მოგეხსენებათ, კარგად ავითარებს ბიცეფსებს, ტრიცეფსებს და ზურგის კუნთებს, ამიტომ თავის თანატოლებთან თამაშისას მათ შემთხვევით ხან ფეხს მოაძრობდა, ხან თავს.
საბრალო გლეხი და მისი ცოლი ვეღარ აუდიოდნენ უხაროდას მეგობრების მშობლების საყვედურებს.
დრო კი გადიოდა. მალე უხაროდა იმ ასაკის გახდა, ზღაპრებში რომ ბედის საძიებლად წასვლა უნდებათ ხოლმე ყმაწვილებს. უხაროდამაც გადაწყვიტა, წავალო, მივიდა მამასთან და უთხრა:
– მამი, უკვე დიდი ვარ, წავალ ბედის საძიებლადო.
– წადი, შვილო – უპასუხა მამამ, რომელიც სხვათა შორის, სიკვდილის პირას იყო უკვე, – ოღონდ ერთი თხოვნა შემისრულეო.
– რა თხოვნაო ? – ჰკითხა უხაროდამ.
– რა და, შენ რომ დაიბადე, სწორედ მაშინ ჩვენმა ფაშატმა რომ თეთრშუბლა კვიცი მოიგო და ჩვენმა ძაღლმა კუდისწვერთეთრა ლეკვი დააგდო, ისინიც თან წაიყვანეო.
– რას ამბობ, მამა? – გაუკვირდა უხაროდას, – ის თეთრშუბლა ცხენი უკვე კვდება და ხვალ ხორცკომბინატის ხალხს უნდა გავატანო, კუდისწვერთეთრა ძაღლი კი შარშან მოკვდა და ხევში გადავაგდეთ თუ პირიქით, ზუსტად არ მახსოვსო.
– რაც გინდა ის ქენი მაშინო, – უპასუხა მამამ, კედლისკენ გადაბრუნდა და მოკვდა.
უხაროდამ აიღო მამისეული ჩანთა, ჩაალაგა შიგ ორი ხელი თეთრეული, ორი წყვილი წინდა, საგზალი, რომელიც სამ ნაწილად იოლად გაიყოფოდა, მივიდა დედასთან, ძუძუზე კბილი მოუჭირა, ათქმევინა, სად ჰქონდა მამას ფული დამალული და გაუდგა გზას.
ბევრი იარა თუ ცოტა იარა, გზად ერთი მათხოვარი შემოხვდა.
– გამარჯობა, უხაროდა, – მიესალმა მათხოვარი ვაჟს.
– ჩემი სახელი საიდან იცი? – გაუკვირდა მისალმების პასუხად უხაროდას.
– ოოო, ეს ძალიან მარტივია, – დაიწყო მათხოვარმა, – შენს ფეხსაცმელზე მოყვითალო მტვერია, ესეთი მტვერი კი მხოლოდ სოფელ მუშამბეთიდან ზანდუკის მთისკენ მიმავალ გზაზე გვხვდება. მერე, შევამჩნიე შენს მაჯაზე – ამ სიტყვებით მათხოვარმა უხაროდას მარჯვენა მაჯას ხელი სტაცა და სწრაფად ამოუტრიალა – სულ სხვანაირი ნარუჯი, ასეთ ნარუჯს მხოლოდ სოფელ მუშამბეთის მკვიდრთა თოხები ტოვებენ მზის გულზე თოხნისას.
ეს საკმარისი იყო რომ მიმხვდარიყავი, შენ მუშამბეთელი ხარ. მერე ჩემი ყურადღება შენი პერანგის ერთი შეხედვით უცნაურმა ნაქარგებმა მიიპყრო. მე ახალგაზრდობაში ვსწავლობდი ადგილობრივ ნაქარგებს და საკმაო წარმატებასაც მივაღწიე ამ დარგში, ამიტომ არ გამიჭირდა მათში საბანთუბნური ნაქარგები ამომეცნო, ამით ნათელი გახდა, რომ მუშამბეთელ კაცს ცოლად საბანთუბნელი ქალი მოეყვანა, ასეთ ოჯახებში კი ბიჭებს მხოლოდ ორ სახელს არქმევდნენ ოდითგანვე: ლევანს და უხაროდას. რადგან ალბათობით უხაროდა უფრო უნდა გრქმეოდა, მეც ეს სახელი დაგიძახე და არც შევმცდარვარ.
– ჰოო???!!!?!! – ძალიან გაუკვირდა უხაროდას.
– ეს