$2. "ოხრანკის" განყოფილების შექმნა საქართველოში.
საიდუმლო აგენტურის გამოყენების მეთოდები და ხერხები
1904 წლის დასაწყისში თბილისის `ოხრანკის” შტატში შედიოდნენ შემდეგი ჩინის ოფიცრები: `ოხრანკის” განყოფილების უფროსი – როტმისტრი, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა აგენტურას; მოადგილე – როტმისტრი, რომელიც ხელ-მძღვანელობდა გარე მეთვალყურე აგენტებს – ფილერებს; ერთი საქმის მწარმოებელი და მწერალი. შტატში შედიოდნენ ასევე პოლიციის ზედამხედველები.
ბათუმის `ოხრანკის” პუნქტს ხელმძღვანელობდა უფროსი – როტმისტრი, რომელსაც შტატში ჰყავდა ორი ფილერი უნტერ-ოფიცერი. მათ რიცხვს 1905 წელს დაუმატეს ორი პოლიციის ზედამხედველი ფილერული სამსახურის საწარმოებლად.
1907 წლისათვის ნელ-ნელა გაიზარდა თბილისის `ოხრანკის~ შტატი, გაფართოვდა მისი სტრუქტურაც. ამ პერიოდიდან `ოხრანკის” განყოფილების სტრუქტურულ ქვეგანყოფილებებად ჩამოყალიბდა საერთო კანცელარია, გარე მეთვალყურეობის განყოფილება და შიდა მეთვალყურეობის (აგენტურული) განყოფილება. სწორედ შიდა მეთვალყურეობის განყოფილება იყო `ოხრანკის” ძირითადი ორგანო. აქ მუშავდებოდა, ანალიზდებოდა მთელი მოპოვებული მასალა და ფაქტობრივად წარმოადგენდა ერთგვარ ანალიტიკურ ცენტრს, რადგან გარე მეთვალყურების განყოფილებაც ემორჩილებოდა შიდა მეთვალყურეობის განყოფილების გამგეს, `ოხრანკის” უფროსს, რომელიც ამავე დროს ხელმძღვანელობდა შიდა აგენტურულ ქსელს _ საიდუმლო თანამშრომლებს. სწორედ მის ხელში იყრიდა საიდუმლო და გარე მეთვალყურეობის აგენტების მიერ მოპოვებული ინფორმაცია.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იატაკქვეშ საიდუმლოდ მომუშავე რევოლუციონერების წინააღმდეგ პირდაპირი ბრძოლის ხერხები დეპარტამენტს არ გააჩნდა და მან 1905-1907 წლების რევოლუციის დროს საიდუმლო თანამშრომლების ფართო გამოყენება დაიწყო, რადგან იგი პასუხობდა რევოლუ-ციური საქმიანობის ხასიათს. კერძოდ, პრაქტიკაში არსებული შპიონაჟი, რევოლუ-ციური ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება მათში შეგზავნილი პოლიციის აგენტების მეშვეობით აყვანილ იქნა სისტემაში და პოლიტიკურ ძებნის მთავარ, ერთადერთ საფუძვლად გამოცხადდა `შინაგანი, სავსებით საიდუმლო და მუდმივი აგენტურა” (105).
როგორც ზემოთ შევნიშნეთ 1907 წელს სტოლიპინის მიერ დამტკიცებულ იქნა დებულება `ოხრანკის” განყოფილებებზე და #120 ინსტრუქცია `შინაგანი აგენტურის ორგანიზაციაზე და წაყვანაზე” (106). იგი 5 თავისაგან შედგებოდა:
1. აგენტურის შემადგენლობა;
2. აგენტურის შეძენა;
3. აგენტურის ხელმძღვანელობა;
4. კონსპირაციული ბინების გამოყენება;
5. ზრუნვა საიდუმლო თანამშრომლის პიროვნებაზე (107).
ამ ინსტრუქციამ უცვლელად იარსება 1914 წლამდე, როცა მოხდა ძველისაგან ნაკლებად განსხვავებული ახალი ინსტრუქციის მიღება. იგი `ოხრანკის” გან-ყოფილების უფროსებს ზეპირად უნდა სცოდნოდათ (108). ამასთან, `ოხრანკის” უფროსი ყოველწლიურად წარადგენდა ცენტრში ანგარიშს მისი ათვისების შესახებ ქვემდებარე განყოფილების ჩინების მიერ. ინსტრუქციაში დაწვრილებით არის დამუშავებული პოლიტიკური ძებნის ხერხები. ინსტრუქციით საიდუმლო თანამშრომლის ამოცანა მდგომარეობდა რევოლუციური საზოგადოების გამოკვლევაში სამხილის მოსაპოვებლად, რათა მისი წევრები გაესამართლებინათ (109). ამ პირებს `ოხრანკის~ განყოფილების ოფიცრები `თანამშრომლებს” უწოდებდნენ, რადგან გაწეული სამსახურისათვის იღებდნენ ყოველთვიურ ხელფასს ან ერთჯერად დახმარებას, ან ფულად ჯილდოს `წახალისების~ მიზნით (110).
ყველაზე მეტად ფასობდნენ საიდუმლო თანამშრომლები `გამოსაკვლევი გარემოდან~, ე.ი. პოლიტიკური ორგანიზაციების, აკრძალული საზოგადოებების წევრები. ინსტრუქციებში `ოხრანკის~ განყოფილებების ოფიცრებს სთხოვდნენ ძირითადად გამოჩენილი პარტიული მუშაკის, პარტიული ორგანიზაციის წამყვანი, გავლენიანი წევრის გადმობირება-დააგენტურებას (111). თუმცა თვლდნენ, რომ: `გამოსაკვლევ გარემოში მომუშავე სუსტი პარტიული თანამშრომელი იძლეოდა უფრო მეტს, ვიდრე ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებები~ (112).
საიდუმლო თანამშრომლების ნაწილს `ზრდიდა~ პოლიტიკური პოლიციის ადგილობრივი განყოფილების ოფიცერი, ასწავლიდა პოლიტიკური ძებნის ხერხებს და `გაყავდა~ პარტიაში (113). ასეთი ადამიანების `თანამშრომლად~ მომზადება და რევოლუციურ ორგანიზაციაში შეგზავნა ძალიან რთული იყო. ამიტომ `ოხრანკის~ განყოფილების საიდუმლო თანამშრომლებად ძირითადად მუშაობდნენ `შეძენილი~ პირები, მათ ვისაც გადმოიბირებდნენ პოლიტიკური საქმეების ძიების პროცესში.
ამდაგვარი `თანამშრომლების~ შეძენის პროცესს, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ეწოდებოდა "დააგენტურება".