თავი პირველი - გამოსვლა
ახალგამომცხვარი პურის ქერქივით დახეთქილ მიწას ცხელი ოხშივარი ასდიოდა. ნაპრალებს მოშიებული მართვეებივით პირი საწყლად დაეფჩინათ და ნანატრ საკვებს - წვიმას მოუთმენლად ელოდებოდნენ. დრო გადიოდა. ნაპრალები სულ უფრო და უფრო ფართოვდებოდა და ღრმავდებოდა, მაგრამ საშველი მაინც არ ჩანდა. გვალვას შეგუებულ ძეძვსაც კარგა ხანია ფერი შესცვლოდა, სიმწვანის კვალიც აღარ ემჩნეოდა, გახუნებულ ნაცრისფერ ეკალ-ბარდად ქცეულიყო. წესით, ირგვლივ სამარისებური სიჩუმე უნდა მდგარიყო, რადგან ყოველ სულიერს კარგა ხანია ეს მიდამოები მიეტოვებინა, მაგრამ მომაკვდავი ბუნების დუმილს ძაღლის წკმუტუნი არღვევდა. ცხოველი თვალსაწიერზე ერთადერთი ხის - ანჩარის გარშემო მოუსვენრად დარბოდა, ახლოს კი არ ეკარებოდა. ხის ვარჯი ისრის წვერს ჰგავდა, ძირში სქელი იყო და თანდათან ვიწროვდებოდა, ტანი კი რკინასავით მაგარი მუქი ყავისფერი ქერქით ჰქონდა დაფარული. კენწეროდან მიწისკენ ანჯამებზე ჩამოკიდებული კარის მსგავსი რვა ფოთოლი ეშვებოდა, ყოველი მათგანი წაღმა მხრიდან კაუჭიანი ქაცვებითა და წვეტიანი ეკლებით იყო დაფარული. ხის ძირში ღია ფერის ბლანტი სითხე ესხა. ძაღლი სწორედ მას გაურბოდა. ცხოველს სასიამოვნო სურნელი იზიდავდა, თავისდაუნებურად უახლოვდებოდა, მაგრამ დაყნოსავდა თუ არა, ელდანაკრავივით უკან გადახტებოდა ხოლმე. ძაღლს მოყვითალო ბეწვი ჰქონდა, ალაგ-ალაგ თეთრი ლაქებით; ფართო, შეწეული მკერდი, მოგრძო აცქვეტილი ყურები, საკმაოდ გრძელი თავი და ძლიერი თათები. დიდი ტანისა არ იყო. საშუალო სიმაღლის კაცს მუხლამდე თუ მისწვდებოდა. ზურგზე აბურძგნული ბეწვის ზოლი დაჰყვებოდა, რომელიც კუდისკენ თანდათან ვიწროვდებოდა. ცხოველს მოუსვენრობა ეტყობოდა, სიცხისგან ენაგადმოგდებული ხეს ქოშინით გარს უვლიდა, როცა დაიღლებოდა, დაჯდებოდა და თვალმოუშორებლად შესცქეროდა, თითქოს ვიღაცას ელოდებაო.
მზე დასავლეთისკენ უნდა გადაწვერილიყო, რომ ანჩარის ერთი ფოთოლი შეირხა. ძაღლმა ყურები ცქვიტა, წამოდგა და მარჯვენა წინა თათი ასწია. სულ მალე ფოთოლი კარივით გაიღო და იქიდან ახალგაზრდა ჭაბუკი გამოჩნდა. როცა თავი უსაფრთხოდ დაიგულა, ძირს ჩამოხტა. ფოთოლი მაშინვე ძველ მდგომარეობას დაუბრუნდა. ვაჟი ჯაჭვის პერანგითა და მუზარადით აღკაზმული არ იყო, მაგრამ წელზე შემორტყმული ხმალი, რამდენიმე ცული და მშვილდ-ისარი სწორედ მის მეომრობაზე მიუთითებდა. ჩინებული აღნაგობისა იყო - მაღალი, ფართობეჭიანი; სახის ნაკვთები ვაჟკაცური ჰქონდა, მაგრამ არა ტლანქი - ოვალური სახე, თხელი, სწორი ცხვირი და ოდნავ ვიწრო თვალები მის ახალგაზრდობაზე უფრო მეტყველებდა, ვიდრე სინაზეზე. ტალღოვანი, მხრებამდე დაყრილი თმა და თვალები ერთნაირი მუქი წაბლისფერი ჰქონდა. მხარზე მომცრო ზომის აბგა ეკიდა. „სადა ვარ, ეს სად მომიყვანა იმ საიდუმლო კარმა?“ - გაიფიქრა მან, როცა გადახრიოკებულ და ლამის უდაბნოდ ქცეულ არემარეს შეავლო თვალი.
- ამას აქ რაღა უნდა! - გაიკვირვა ძაღლის დანახვა, - მე მელოდა, თუ ამ ხის ჩრდილში ითქვამს სულს?
ძაღლი უცნობს, როგორც ძველ პატრონს ისე შეეგება და ხელი აულოკა.
- როგორ ცხელა! - ამოიხვნეშა ვაჟმა, საკინძე შეიხსნა და მათარიდან რამდენიმე ყლუპი მოსვა. - მერე წყალი პეშვში ჩაიგუბა და ენაგადმოგდებულ ცხოველს მიუბრუნდა. ძაღლი მადლიერი მზერით მიუახლოვდა და ხარბად დაიწყო სვლეპა.
- კარგი, ცუგა! - დაუყვავა ვაჟმა და მოფერება დაუპირა, მაგრამ ძაღლი ერთიანად აიბურძგლა, უკან გადახტა და შეუღრინა.
- კარგი, კარგი! გასაგებია, მოფერება არ გყვარებია... ნეტა რა გქვია, ან ვის დაეკარგე? წადი, შენი პატრონი მოძებნე, მე არ გამოგადგები. საჭმელი მე არა მაქვს და სახლ-კარი. საით წავიდე, ისიც არ ვიცი. - ვაჟი თავისთავს უფრო ელაპარაკებოდა, ვიდრე ძაღლს, თან შუბლი ხელით მოეჩრდილა და მიდამოს ზვერავდა. მერე თვალი დახუჭა და ყურადღება მოიკრიბა. შეეცადა თუნდაც ერთი კაცის გონებას მისწვდენოდა, მაგრამ ამაოდ. მიხვდა, სხვისი ფიქრების წაკითხვის ნიჭი დაკარგვოდა. თავში ერთმა საშინელმა აზრმაც გაუელვა, იქნებ სულაც მარტო მე ვარ ამ უცხო მხარეში და ამიტომაც ვეღარავის ვგრძნობო, მაგრამ მალევე უკუაგდო ეს აბეზარი ფიქრი. ძაღლმა სამხრეთისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, შემდეგ მოტრიალდა და ვაჟს მიაჩერდა.
- კარგი! - დაეთანხმა ჭაბუკი, - რადგან ასე გინდა, სამხრეთით წავიდეთ. ხის ვარჯს, ყოველი შემთხვევისთვის, ნიშანი დაადო. ის მიმართულება აჩვენა, საითაც აპირებდა წასვლას.
მგზავრებს მზე უმოწყალოდ აჭერდა. კარგა ხნის სიარულის შემდეგ, ძაღლმა არაქათგამოცლილი ვიწრო მოგრძოფოთლებიან ხეებთან მიიყვანა და ერთ ადგილას თხრა დაიწყო. „წყალს ეძებს ნამდვილად,“ - გაიფიქრა ვაჟმა და თავადაც შეეშველა. ქვიშა ადვილად ემორჩილებოდა. სულ მალე ხელზე სინოტივე შეიგრძნო. ცოტა ხანში ორმოში მტკაველის სიღრმეზე წყალი ჩადგა. ჭაბუკმა წყალს დაწმენდა დააცადა, პეშვით ფრთხილად ამოიღო და მოსვა. დალევა შეიძლებოდა, მართალია, ისეთი გემრიელი და ანკარა არ იყო, როგორც მთის წყარო, მაგრამ ამ ხრიოკ ადგილას უფრო ძვირფასი და დასაფასებელი ეჩვენა.