წინათქმა შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს ერთმა მწერალმა შემომთავაზა წიგნის დაწერა ძველი ტფილისის ბოროტმოქმედებზე. ეს მეტად მოულოდნელი იყო. სულ ახალი გამოცემული იყო „ როიალ-მერი ” და სრულიად უცნობ მეკალმეს ასეთ საქმეში გარევა მეტად გამიკვირდა, გამიხარდა და უმალ მივატოვე ყოველივე დაწყებული, მიუმთავრებელი და მთლიანად ამაზე გადმოვერთე.
თითქმის ორი წელი დაჭირდა ამ ყოველივეს მოკრებას, მოფიქრებას, დაღვინებას. ამ კარგ მწერალს თავში ასეთი აზრი დაეჭირა, რომ ეს ბიოგრაფიები ანბანის მიხედვით დალაგებულიყო და საცნობარო წიგნად გამართულიყო. დიდი რიდითა და სიფრთხილით ამათი მოკლედ ჩამოწერა და სადავთრო საბუთში დაგროვება დავიწყე. ამაში კი შემდეგ სხვა ამბების გარევაც გავბედე და მოდეტექტივო ფათერაკების მოფიქრებაც.
საქმე ისე გაიყო, რომ ბიოგრაფიები მე დამეწერა, ხოლო ამას მწერლის სქოლიოები და ახსნა განმარტებანი, ფანქრით მინაწერები დამატებოდა. ეს შემდეგ აღარ მოხვდა წიგნში, თუმცა შესავალი საოცარ ამბად და ოქროვერცხლის სიტყვებად მიაწერა. მისივე გამოწვდილია იმ დროების ბევრი საუცხოო წიგნი, ამოლაგებული ზანდუკებიდან, განჯინებიდან, გამხნევებაც არაერთი და მრგვალ ბაღში საჩუქრად მოცემული ბანდიტური წიგნი, შიგ ბორხესის წინა სიტყვით.
თუ წიგნი მოწონებას დაიმსახურებს, დროსაც გაუძლებს, იქნებ უფრო დაწვრილებითაც ვახსენო ის ამბები და ჯაფა, წიგნის დაწერაში რაც დაიხარჯა და მთელი ის მიმოწერაც მოვყვე, რაც დღემდე საუკეთესო მოგონებად დამირჩა.
აბო იაშაღაშვილი
2016 წლის 19 აგვისტო, ფერისცვალება,
ტფილისი