პირველი თავი - საიდუმლო აგენტი ინგლისურიდან თარგმნა ანი მოსულიშვილმა
ღამის სამი საათისთვის კაზინოში სიგარეტის კვამლისა და ოფლის სუნი გაუსაძლისი ხდება.
აზარტული თამაშების მიერ გამოწვეული სულიერი მდგომარეობა - სიხარბის, შიშისა და ნერვული დაძაბულობის ერთობლიობა - აუტანელია, თითქოს ყველა შეგრძნებას ერთად აღვიძებს და აჯანყებას იწყებს.
ჯეიმს ბონდი უეცრად მიხვდა, რომ დაიღალა. ყოველთვის გრძნობდა, რამდენი შეეძლო მის სხეულსა თუ გონებას, და ჩვეულებვრივ, ამაზე დაყრდნობით იქცეოდა. ეს თვისება ეხმარებოდა გადაღლილობისა და სისულელით გამოწვეული შეცდომების თავიდან აცილებაში.
ჯეიმს ბონდმა “ რულეტის ” თამაში შეწყვიტა, შეუმჩნევლად მოშორდა მაგიდას და ცოტა ხნით იმ მოაჯირთან შეჩერდა, რომლის იქითაც დარბაზში ყველაზე დიდი - მკერდამდე სიმაღლის ბანქოს მაგიდა იდგა.
შიფრე თამაშს განაგრძობდა და, სავარაუდოდ, ისევ იგებდა, რადგან მის წინ ათასიანი ჩიპების რამდენიმე გორა იდგა. მისი მსხვილი მარცხენა ხელის ჩრდილში კი შეუმჩნევლად ეწყო დიდი ყვითელი ჩიპები, თითოეული დაახლოებით ნახევარ მილიონ ფრანკს შეესაბამებოდა.
ბონდი ერთხანს უყურებდა შიფრეს საინტერესო, შთამბეჭდავ პროფილს. შემდეგ მხრები აიჩეჩა, აზრები მოიკრიფა და გზა განაგრძო.
სალაროებს და დარბაზს ერთმანეთისგან ნიკაპის სიმაღლის ბარიერები ჰყოფდა. ბარიერებს იქით კი, მბრუნავ სკამებზე მსხდომი მოლარეები ჩიპებისა და ბანკნოტების გორებში იყვნენ ჩაფლულნი და ბანკის რიგით კლერკებს მოგაგონებდნენ.
ბარიერის მეორე მხარეს მოლარეები ერთ ხაზზე არიან ჩამწკრივებულნი და პირდაპირ თქვენს საზარდულს უყურებენ. მათ თავის დასაცავად ხელკეტი და იარაღი აქვთ, ასე რომ, ბარიერზე გადახტომა, ბანკნოტების წართმევა, მერე უკან გადმოხტომა და კაზინოს კარებიდან ან სხვა რომელიმე გასასვლელებიდან გაქცევა, - შეუძლებელია. თანაც მოლარეები, ჩვეულებრივ, წყვილებად მუშაობენ.
ბონდი ამ სირთულეებზე ჩაფიქრდა, თან მოლარეს ჯერ ასი ათასის ოდენობის ბანკნოტები გამოართვა, შემდეგ კი ათი ათასიანი ბანკნოტის რამდენიმე შეკვრა აიღო. ტვინის მეორე ნაწილით კი კაზინოს კომიტეტის ხვალინდელი რიგითი სხდომა წარმოიდგინა.
- ბატონმა შიფრემ ორი მილიონი მოიგო. მისი გუშინდელი თამაში ისითივე იყო, როგორიც ყველა სხვა დანარჩენი. მის ფეარჩაილდმა სულ რაღაც ერთ საათში მილიონი შეაგროვა და შემდეგ წავიდა. მას მთელი საათის მანძილზე ეჭირა ბატონი შიფრეს სამი “ ბანკი ” და უეცრად დაგვტოვა. ძალიან მშვიდად თამაშობდა. ბატონმა ვიკომტ დე ვილორინმა რულეტზე მილიონ ორასი ათასი მოიგო. პირველ და ბოლო დუჟინზე მაქსიმალური ფსონებით ითამაშა. ძალიან უმართლებდა. რაც შეეხება ინგლისელ ჯენტლმენს, მისტერ ბონდს, მან საკუთარი მოგება ორი დღის მანძილზე ზუსტად სამ მილიონამდე გაზარდა. ის მეხუთე მაგიდასთან პროგრესული სისტემით წითელზე თამაშობდა. პარტია დუკლოსს მიყავდა და შეუძლია დეტალები მოგვახსენოს. მისტერ ბონდი დაჟინებული მოთამაშეა და ხშირად რისკავს. როგორც ჩანს, კარგი ნერვები აქვს და ბედიც სწყალობს. იმ საღამოს “ ცხრის ” თამაშმა მოიგო - X, “ ბაკარამ ” - Y, “ რულეტმა ” - ძ, “ ბულე ” კი, რომელსაც ყველაზე მეტი ხალხი აწყდება, ჯერ ისევ წაგებაშია.
- გმადლობ, ბატონო ხავიერ.
- გმადლობ, ბატონო პრეზიდენტო.
“ დაახლოებით ასე წარიმართება ” , - გაიფიქრა ბონდმა და გზა დარბაზის მბრუნავი კარების გავლით განაგრძო. გასვლისას თავი დაუკრა საღამოს სამოსში გამოწყობილ მოწყენილ მამაკაცს, რომლის სამსახურსაც თქვენი გასვლა-შემოსვლის დროს წარმოქმნილი ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში ელექტროღილაკზე ფეხის დაჭერა და გასასვლელების ავტომატური ჩაკეტვა წარმოადგენდა.
ამით კაზინოს კომიტეტის სხდომა დამთავრებულად გამოცხადდებოდა, ანგარიშები გადაიცემოდა და მონაწილეები ლანჩზე წავიდოდნენ. ზოგი - სახლში, ზოგიც - რესტორანში.
რაც შეეხება სალაროს გაძარცვას, რასაც თავად ბონდი, ცხადია, არ აპირებდა და მხოლოდ თეორიული დეტალებით იყო დაინტერესებული, ათი კარგად გაწვრთნილი ადამიანი დასჭირდებოდა. ეს საქმე უმსხვერპლოდ ნამდვილად ვერ ჩაივლიდა. ერთი-ორი თანამშრომლის მოკვლა გარდაუვალი იყო. ჯეიმსმა ჩათვალა, რომ არც საფრანგეთში და არც სხვა რომელიმე ქვეყანაში ამ საქმისთვის საჭირო და მოცლილი ათი მკვლელის პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
ბონდმა გარდერობში მდგომ ახალგაზრდას მომსახურებისთვის ათასი ფრანკი აჩუქა, კიბეებზე ჩამოვიდა და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ შიფრე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაბედავდა კაზინოს გაძარცვას და ყველა ეჭვი თავიდან ამოიგდო. ამ აზრებისგან განთავისუფლებული ჯეიმსი თავის შეგრძნებებზე ჩაფიქრდა. მან მშრალი, უსიამოვნო ხრეში იგრძნო საღამოს