მითო-რიტუალური პიესა ერთ მოქმედებად ამ პიესამ გაიმარჯვა თუმანიშვილის სახელობის ფონდის, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის და ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ერთობლივი პროექტის ,,ახალი ქართული პიესა 2012"-ის კონკურსზე.
მონაწილეობენ:
1. ვაჟა - ვაჟა-ფშაველა, იგივე ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი. გაბრაზებისას ამბობს ხოლმე სიტყვას “ საკრამენტო ” . შაცრამენტო - არსებითი სახელია იტალიურადაც და ესპანურადაც, და “ საიდუმლოს ” ნიშნავს.
2. სამძიმარი - ქაჯის ქალი, ყელ-ღილიანი და ოქროს თმა-ქოშიანი, ხახმატის ჯვრის, იგივე ხახმატის წმინდა გიორგის მიერ ქაჯეთიდან წამოყვანილი და მისი მოდე. შეიძლება, უბრალო მოკვდავს ძილში გამოეცხადოს. ზოგჯერ მოკვდავი ქალის სახეს იღებს და მამაკაცს თავს აყვარებს, როგორც წაწალი.
3. ანიკო - მოწყალების და ანიკო კობიაშვილი, უყვარს წითელი ღვინო.
4. ნინო - მოწყალების და ნინო ვაშაკიძე-ციციშვილი.
5. შიო - შიო მღვიმელი, ვაჟას მეგობარი.
6. სანდალა - ალექსანდრე პავლეს ძე რაზიკაშვილი, ვაჟას პატარა ძმა.
7. მინანი - სულის მატირალი, ქადაგი ქალი, ხელზე სამაჯურით.
8. ბერი გიორგი - მუხის ანგელოზი, ცას აბია ოქროს შიბით (თოკის კიბით) და თიბავს კიდეც. ვაჟა, მინანი და სამძიმარი ხედავენ, სხვები - ვერა.
მოქმედების დრო : ბოლო წამები 1915 წლის 27 ივლისის 19.00 საათამდე.
მოქმედების ადგილი : ტფილისი, წმინდა ნინოს სამხედრო ლაზარეთი, პალატა ოფიცრების განყოფილებაში, მეოთხე სართულზე.
შენიშვნა : პიესაში გამოყენებულია ფრაგმენტები ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებიდან.
დეკორაცია : სცენაზე დგას ბერმუხა, რომლიდანაც თოკებია გაჭიმული ყველა მიმართულებით, ხოლო ხის კენწეროზე ზემოდან ეშვება ოქროს კიბე. ამ გამოჭიმულ თოკებზე განათებულ ბურთებად მოდიან ხოლმე ღვთიშვილები.
მუხის ძირში დგას რკინის საწოლი, რომელზეც ვაჟას სძინავს, აცვია ლაზარეთის თეთრი სამოსი.
საწოლის გვერდით ტუმბოა, სადაც შავი ღვინის ბოთლები აწყვია.
საწოლთან დგას სკამი, რომელზეც მედდა ანიკო ჩამომჯდარა, წამზომი უჭირავს და ყური ვაჟას ცხვირთან მიუტანია, - სუნთქვას უსმენს.
ავანსცენაზე ზემოდან ეშვება საკიდელი, რომელზეც ქვაბი ჰკიდია.