სამყაროს ჯარისკაცი (თითქოს სათავგადასავლო მოთხრობა)
ჰიუ პეიჯის სიკვდილისა და უჩვეულო აღდგომის ამბის თხრობას, რომლის ჟანრი, თუ არ ვცდებით, ტრაგიკულ ფარსად განისაზღვრება და რომელიც მცირეოდენი სახეცვლილებებით მოუყოლიათ მის თანამზრახველებსა და თანამებრძოლებს: მოხეტიალე ცირკის არლეკინსა და აკრობატს, ჯერი ქვინს; ჯიბის ქურდსა და გიტარისტს, ჯიგ რეთლეს; მექალთანე და უსაქმურ მხატვარს, ჯიმი კაულის და მათხოვარ, ლოთ პოეტს, ჯონ სლაის - ასე იწყებენ ყველანი:
როგორც ამბობენ, სამეფისნაცვლო ქალაქისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობდა გარსშემორტყმულ უდაბნოსთან მშვენივრად ფერებშეწყობილი, ჩალისფერი ფუნდუკი, რომლის წითელკრამიტიან სახურავზე ქვისგან გამოკვეთილი, ნისკარტგაღებული მამალი დაედგათ, თითქოს სადაცაა იყივლებსო, და რომლისთვისაც „ ოქროსდეზება მამალი ” დაერქმია მის მუცელღორა (სანაძლეოზე ერთი ცხვარი შეჭამა გასულ კვირასო, ჩიოდა წაგებული მუშტარი) მფლობელს, როი ეფიგს - ვინც საკუთარ ფუნდუკში მომხდარი, ქვემოთ მოსათხრობი ამბის შემდეგ ღორად გადაიქცა - ასე რომ, მაიორ ჯიუდ იუგლერს მისი გასუქება აღარ დაჭირვებია - დაისაკუთრა, საშობაოდ უშველებელ ტაფაზე შეაბრაწინა პირად მზარეულს და პირში ბოლოკ და ნიახურგაჩრილი ნუგბარი (ნამეფუნდუკარი) ახლად დანიშნულ მეფისნაცვალს, ჰერცოგ ედმუნდ ჯეიმს ჩეიმბერსს მიართვა მრავალდარბაზა სასახლეში, რითაც საკუთარი კეთილდღეობა უზრუნველჰყო - იმ დღიდან ახალი ინგლისის მეორე კაცად იქცა - გენერლის წოდება უწყალობა გუბერნატორმა.
დიახ, საგუბერნიო ქალაქისკენ მიიკლაკნებოდა ჩალისფერი ფუნდუკიდან გამომავალი გზა. კაი ბედაური გყოლოდა, ალიონზე, მამლების ყივილისას გასულიყავი „ ოქროსდეზება მამლიდან ” , შუადღემდე სულისშემხუთავ სიცხეში გეჭენებინა ცხენი, აგემტვერებინა შარაგზა, ყურადღება არ მიგექცია ეკლიანი კაქტუსების ქვეშ გასათბობად და სანადიროდ განაბული შხამიანი გველების (გიურზებს ეძახდნენ აქაურები) გამყინავი, სულში ჩამწვდომი მზერისათვის (თორემ ეს მზერა უხილავი ძალით გიზიდავდა თავისკენ, გონებას გიბინდავდა, ცხენიც გაჩერდებოდა, ჩამოხტებოდი და გიურზის გრძნეული მზერით მონუსხული, მისკენ წახვიდოდი. მერე შენსკენ ისკუპებდა გველი და მორჩა... ვინ მოთვლის, რამდენი დაღუპულა ასე), შუადღისას წითელი კრამიტით გადახურულ, თეთრ, ნაცრისფერ და მწვანე სახლებიან, ქვაფენილის ქუჩებიან, მაღალ-მაღალ ჭადრებიან, ყვავ-ყორნებიან, მტრედ-მერცხლებიან, ეკლესიებიან, ფაიტონებიან, ციხიან, დუქნებიან, ვაჭრებიან, მღვდლებიან, კოვბოებიან, ხელოსნებიან, გვარდიელებიან, ბოგანო-მათხოვრებიან, ავაზაკებიან, მომხიბლავ ქალებიან და საბოლოოდ - გუბერნატორიან ქალაქში შეჭენდებოდი; გაოფლილი, დაღლილი ჩამოხტებოდი რომელიმე დუქანთან ან ფუნდუკთან, გახვითქული ცხენის აღვირს ზანგ მოსამსახურეს მისცემდი, შენ შიგნით შეხვიდოდი და შოტლანდიურ ვისკის ან ბურგუნდულ ღვინოს, (დალოცვილი კახურიც ჰქონდათ), თუნდაც ყინულებიან შამპანურს გამოწრუპავდი, მტვრიან ყელს ჩაიწმენდდი...
ამჟამად კი „ ოქროსდეზება მამლის ” გვერდით, თავლასთან, ხის მოაჯირზე შეკაზმული ცხენები მიებათ, რომელნიც ისე მოუთმენლად ჭიხვინებდნენ, ისე წამდაუწუმ სცემდნენ ფლოქვებს გამომშრალ მიწას, რომ ეტყობოდა, მათი პატრონები კარგა ხანია სტუმრობდნენ ფუნდუკში და პირუტყვთათვის ქერის დაყრა დავიწყდებოდათ.
შუადღე იყო.
ქვის მამლის გვერდით, სახურავზე ჩამომჯდარმა გუშაგმა, რომელსაც კოვბოური ქუდი ეხურა (ვუწოდოთ პირობითად „ კოვბოურა ” ), ჭოგრიტში გაიხედა, თვალსაწიერზე სამი მხედარი შენიშნა, უფრო სწორად ორი, მესამე ცხენზე ხურჯინივით ეკიდა რაღაც, გეზი ფუნდუკისკენ ჰქონდათ აღებული და ჭოგრიტიან კაცსაც არ დაუყოვნებია, ხმაჩახლეჩილი მამალივით იყივლა.
თავლასთან წამოწოლილმა მეორე გუშაგმა ჯერ ცალი თვალი გაახილა, ცხენებს ქერი შემოჰკლებიათო, გაიფიქრა და მეორე თვალიც გაახილა, წამოდგა, გაახსენდა, ყივილმა რომ გააღვიძა და კარაბინი მოიმარჯვა - „ ვინჩესტერი ” .
ამასობაში ცხენოსნებიც მოახლოვდნენ, მესამე ცხენზე კაცი დაეკრათ თოკით.
სახურავზე მდგომი გუშაგი დაბლა ჩამოხტა და მხარიღლივ გადაკიდული „ ვინჩესტერი ” იპყრა ხელთ - სხარტი ვინმე ჩანდა.
ფუნდუკის ჭიშკართან შეაჩერეს ცხენები, უმალ ჩამოხტნენ ნახევრად შიშველი, ჩაუქი მხედრები. ერთმა სადავეები დაიჭირა, მეორე კი - ამაყად თავშემართული - გუშაგებისკენ გაემართა, წითელი ნაჭრით წაკრულ თმებში ნაირფერადი ბუმბულები ჩაემაგრებინა.
- მე კეცალკოატლის მოციქული უნდა ვნახო! - განაცხადა მან.
- თქვენ მეთაური გნებავთ, სერ?! - დაეკითხა ქამარში ჭოგრიტგაჩრილი გუშაგი.
- თქვენი ბელადი. - დაემოწმა მოსული.
- აჰა, პიტერ, - ფართო ქამრიდან სათვალთვალო მილი ამოიძრო, - ჭოგრიტი!.. მაინც შენი ჯერია. მე კი ამას მივიყვან, სადაც საჭიროა. - თქვა სახურავიდან ცოტა ხნის წინ ჩამომხტარმა გუშაგმა, ყურადღება აღარ მიაქცია პიტერის უკმაყოფილოდ შეჭმუხვნილ, ნაიარევ სახეს და ფუნდუკის შესასვლელისკენ გაუძღვა ინდიელს, აქამდე აუღელვებლად რომ უსმენდა.
ფანჯრებიდან შესული სინათლე საკმარისად ვერ ანათებდა დარბაზს და მის ყოველ კუთხეში შანდლები ენთო. მაგიდებს, კუთხეებისკენ რომ მიეწიათ, რათა შუაგული განთავისუფლებულიყო, თავით-ფეხებამდე შეიარაღებული ადამიანები შემოსხდომოდნენ, სიგარებს აბოლებდნენ, იქვე მიეყუდებინათ კარაბინები, მხრებზე გადაეგდოთ ფარფლიანი ქუდები, კოვბოურები - ალბათ, შორიდან მოდიოდნენ.
მაინც საიდანო, დაინტერესდეს ეგებ ვინმე და სწორედ ამ შეკითხვას