მგლის დორბლი (ხარაკირი ქართულად) ღამით ქარი უბერავდა.
დილით, ეზოში რომ გამოვიდა სტუდენტი, დენის გაწყვეტილი კაბელი ნახა, კართან ეგდო. ეტყობა ქარმა სადენები ერთმანეთს მიახალა, მოკლე ჩართვა მოხდა და მაღალ ელექტროძელთან გადაიწვა, რაკი სახლთან ჩვეულებრივ ება კაბელის მეორე ბოლო - თეთრ საიზოლაციო ჭიქაზე.
სათანადო ადგილზე გადარეკეს მეზობელი ტაქსტისტის ბინიდან და უკვე შუადღე იყო, პირველი მონტიორი რომ მოვიდა. მოიტანა მორკალული, ძელზე ასასვლელი რკინები, რომლებსაც ტერფებზე მისაბმელ-მისამაგრებელი ტყავის თასმები ჰქონდა; აგრეთვე თეთრი სპილენძის სადენი და უსაფრთხოების სქელი, თასმებიანი ქამარი, ხოლო ბრტყელტუჩა შარვლის ქამარში ჰქონდა გაჩრილი.
იბოდიალა ცოტა ხანს. გაწყვეტილი კაბელი სტუდენტის ფანჯრის რკინის რიკულზე გამოაბა. დენი არ იყოსო, - შეეშინდა იმის ფეხმძიმე მეუღლეს, გამხდარ, მწვანეთვალებიან გოგოს, - არ მიეკაროო, - სთხოვა ქმარს.
იმ კაცმა იკითხა, ეზოში ტელეფონი ხომ არ გაქვთო.
ვისაც აქვთ, შინ არა არიანო, - მიუგო ორსულმა.
მაშინ ეს ასასვლელი რკინები და ხელსაწყო-ინსტრუმენტები შენთვის მომიბარებიაო. აქვე, მილიციაში გადავალ და იქიდან დავრეკავო. წავიდა.
დარეკა თუ რა ქნა, არავინ იცის, მაგრამ უკან მობრუნებულმა ცოტა კიდევ იბოდიალა და მოულოდნელად გამოაცხადა, კაცი მინდაო.
რა კაციო?
აი, ვინმეო, რომ მომეხმაროსო.
მე არ გამოგადგებიო? - სტუდენტმა.
შენ რა იციო? - შეუღრინა, - ახვალ იმ ბოძზეო?
მერმე კიდევ იბოდიალა და წავიდა.
საღამოს მოიღრუბლა. თუმცა ალაგ-ალაგ მაინც ჭიატებდა მზის სხივები.
ეზოს შემოსასვლელთან იდგა მაღალი ხეები და იმ ხეებზე მაღალი ელექტროდენის ბოძი, რომლის ბოლოში რკინის იზოლირებულ, თეთრჭიქიან სამაგრებზე ელექტროსადენები იყო გაჭიმული.
შრიალებდნენ ხეები.
იმათი სახლის მესამე სართულზე მცხოვრები ჩვიდმეტცოლგამოცვლილი ბერბიჭა (შვილი არც ერთ მეუღლესთან არ ჰყოლია, ისეთი რეაქტიული სისწრაფით იცვლიდა მათ), როგორც ჩანს, სახლში არ იყო, ყოველშემთხვევაში კარს არ აღებდა - იმას ჰქონდა ტელეფონი და კიდევ ტაქსისტს. სტუდენტმა და მისმა მეზობელმა მევიოლინემ ტაქსისტის ბინიდან დარეკეს ისევ, წამოდით, დენი გამოგვიყვანეთ, ღამდება და ყმაწვილი რევოლუციონერის ქუჩის ამა და ამ ნომერი სახლის მცხოვრებნი ბნელში ვზივართო.
კარგა ხნის მერმე, ბინდდებოდა უკვე, მეორე მონტიორი რომ მოვიდა. იმასაც ჰქონდა არწივისბრჭყალება რკინები, უსაფრთხოების ბრტყელი ქამარი, მრგვლადდახვეული თეთრი კაბელი, ბრტყელტუჩა და პირველი მონტიორისაგან განსხვავებით თოკიც მოეტანა.
რაღაც არხეინად ირჯებოდა.
მოვიდა, დაათვალიერა გაწყვეტილი კაბელი. დენის გასასინჯი ინსტრუმენტი დაადო შიშველ ბოლოზე და კალამში ჩამონტაჟებული ნათურა რომ აინთო, თქვა, - ნულოვანი ბოლოა და დენს აქეთ აბრუნებსო.
ვაჰ, აქ თუ დენი იქნებოდა, არ მეგონაო, - გაოცდა სტუდენტი.
არისო, აი, ინთება ნათურაო, - ამბობდა მონტიორი და მოკლე, ჭაღარა თმას ქარი უფრიალებდა. გრძელი, შრამიანი სახე ჰქონდა და ჭროღა, კეთილი თვალები.
მართალიაო, - ინსტრუმენტ-კალამს (ინდიკატორს) დაჰყურებდა მევიოლინე.
ახლა თოკს ავიტან , მაღლა რომ ავალო... - და შეწყვიტა ლაპარაკი, - წესით ამას არ უნდა ვაკეთებდე, იმ მონტიორის საქმე იყო, მაგრამ რა ვქნაო... ჰოდა, ზემოთ რომ ავალ, თოკს „ პლოცკოზე ” მოვაბამ და გადმოგიგდებ. შენ აიღე, ამ კაბელს მოაბი, მერმე მაღლა ავიტან და იქ მე ვიციო.
კარგიო, - სტუდენტმა.
მონტიორმა ლურჯი ხალათი შეიკრა, ფეხებზე რკინის ჭანგები მიიმაგრა ტყავის თასმებით, უსაფრთხოების ქამარიც შემოირტყა წელზე, შიგ ბრტყელტუჩა გაირჭო, თავისი მოტანილი თეთრი კაბელიც ჩამოიკიდა ქამარზე, თოკიც და ელექტროდენის ძელთან მივიდა.
ორ ჩაბეტონებულ მატარებლის რელსს შორის ხის ბოძი იყო მსხვილი მავთულის რამდენიმე რგოლით დამაგრებული - აქედან იწყებოდა ხის ძელის დაღარული, მრგვალი ზრო, რამდენჯერმე წვერგადაგრეხილი მავთულით მაგრდებოდა მეზობელ შენობებზე, ბოლო კი ხეების კენწეროში ჰქონდა აყოფილი - აკაციებში, იქ ელექტროდენის ხაზი გადიოდა.
ჯერ რკინის ძელებზე ავიდა მონტიორი, რომ აცდა, ტერფზე მიმაგრებული რკინის კლანჭი შემოატარა ხის ძელს, კაუჭის წვეტი ჩუმი ჭრაჭუნით ჩაესო მერქანში, იმ ფეხს დაეყრდნო, უსაფრთხოების ქამარიც შემოატარა ბოძს და ისევ რკინის ბალთით მიიმაგრა.
ამას ალპინისტები „ კარაბინს ” ეძახიანო, - თქვა სტუდენტმა, გეოლოგიურ ფაკულტეტს ამთავრებდა და ალპინიზმშიც ვარჯიშობდა.
კარაბინი არა, შაშხანაო, - ჩაიცინა მევიოლინემ.
კარაბინი შენი საქმე არაა, ჩემო პაგანინიო, - ღიმილით უთხრა სტუდენტმა.
ამასობაში მონტიორმა მეორე ფეხის ჭანგიც ჩასჭიდა ძელს და ასე დაიწყო ზემოთ ასვლა. კაი სიმაღლის ძელი იყო, სამსართულიანი სახლის სიმაღლეზე გადიოდა ელსადენები. ბოძზე ჩაბმულ, რამდენიმეპირად გადაგრეხილ მავთულთან რომ მივიდა, რომლის მეორე ბოლო ქუჩის გადაღმა მდგარ სახლზე იყო დამაგრებული, შემოიხსნა ქამარი, ზემოთ აიწია, კვლავ შემოატარა ქამარი და „ კარაბინში ” ჩასხლიტა. ასე ავიდა სულ მაღლა.
ქვემოდან უცნაურად მოჩანდა ძელზე მიმაგრებული მონტიორი, ხეთა კენწეროებში