ავტორთა წინათქმა
შივონ დაუდს არასოდეს შევხვედრივარ, ბევრი თქვენგანივით მხოლოდ მისი საუცხოო წიგნებით ვიცნობ – იმ ოთხი შესანიშნავი თინეიჯერული რომანით, რომელთაგანაც ორი მწერლის სიცოცხლეშივე გამოქვეყნდა, ორი კი – მისი ნაადრევი გარდაცვალებიდან მალევე. შივონის წიგნები თუ ჯერაც არ წაგიკითხავთ, გირჩევთ სასწრაფოდ გამოასწოროთ ეს დაუდევრობა.
„ურჩხული გიხმობს“ მისი მეხუთე წიგნი იქნებოდა. პერსონაჟები, შესავალი და დასაწყისი უკვე მზად ჰქონდა, სამწუხაროდ, დრო აღარ ეყო. როდესაც შივონის ნაშრომის წიგნად გარდაქმნა მე შემომთავაზეს, შევყოყმანდი. მისი სამწერლო ენისთვის არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიმებაძა და მსგავსი რამ არც შემეძლო. ეს მასაც ავნებდა, მკითხველსაც და რაც მთავარია, ამბავსაც. მიბაძვით კარგ წიგნს ვერ შექმნი.
მაგრამ დიდებული იდეები ხომ სხვა კარგ იდეებსაც წარმოშობენ – რაც ჩემს შემთხვევაშიც მოხდა, როცა შივონის ნააზრევმა რაღაც ახლისკენ მიბიძგა და ვიგრძენი, როგორ ამიტანა იმ ჟინმა, ნებისმიერი მწერალი რომ ელის: დაუყოვნებლივ დაიწყო წერა და რაღაც ამბავს მოჰყვე.
ვიგრძენი – და ახლაც ვგრძნობ – შივონმა თითქოს ესტაფეტა გადმომცა და დამიბარა: „აბა, შენ იცი, გაიქეცი და ერთი ამბავი ატეხე!“. მეც ერთადერთი სურვილი მამოძრავებდა – დამეწერა ისეთი წიგნი, შივონს რომ მოეწონებოდა.
ახლა კი ესტაფეტა თქვენ უნდა გადმოგცეთ, რადგან ამბები არასოდეს მთავრდება იქ, სადაც მწერლები წერტილს სვამენ. პირიქით – სწორედ მანდედან იწყება, რაც იწყება.
მეც და შივონიც უსიტყვოდ ვთანხმდებით ამაზე.
ასე რომ... აბა, თქვენ იცით, გაიქეცით.
ერთი ამბავი ატეხეთ!
პატრიკ ნესი
ლონდონი, 2011 წლის თებერვალი.