I - ველჩანინოვი ზაფხული დადგა და ველჩანინოვი, მოულოდნელად, პეტერბურგში დარჩა. სამხრეთ რუსეთისაკენ გამგზავრება ჩაეშალა, საქმეს კი საშველი არ ადგებოდა. ეს საქმე – მამულის გამო დავა – ამ ბოლო ხანს უკუღმა შეტრიალდა. მართალია, ჯერ კიდევ სამიოდე თვის წინათ არცთუ ძნელი მოსაგვარებელი ჩანდა, თითქოს გადაწყვეტილიც იყო, მაგრამ ყოველივე როგორღაც ერთბაშად შეიცვალა. "ისედაც, ყველაფერი საუარესოდ იცვლებაო!" – ამ სიტყვებს ველჩანინოვი ახლა ხშირად და გესლიანად იმეორებდა გულში. მარჯვე, ძვირიანი, ცნობილი ვექილი ჰყავდა აყვანილი, ფულს არ იშურებდა; მაგრამ მოუთმენლობისა და იჭვნეულობის გამო მაინც ვერ ახერხებდა, გულხელდაკრეფილი მჯდარიყო: კითხულობდა და წერდა ქაღალდებს, თუმცა მათ ერთთავად იწუნებდა ვექილი; დარბოდა საკრებულოდან საკრებულოში, კრებდა ცნობებს. ოღონდ, ხელის შეშლის მეტი, ეტყობა, არა გამოსდიოდა რა. ყოველ შემთხვევაში, ვექილი ჩიოდა ამის გამო და ლამობდა, როგორმე აგარაკზე გაესტუმრებინა იგი. მაგრამ ველჩანინოვს აგარაკზე წასვლაც არ ეპიტნავებოდა. ნერვების გამაღიზიანებელი მტვერით, სიცხით, თეთრი პეტერბურგული ღამეებით – აი, რით იამებდა გულს სატახტო ქალაქში დარჩენილი. ბინა სადღაც დიდ თეატრთან დაიდო, ამ ცოტა ხნის წინათ დაექირავებინა, მაგრამ აქაც არ გაუღიმა ბედმა: "არაფერი არ მიმართლებსო!" იპოქონდრიაც დღითი დღე ეძალებოდა; მაგრამ იპოქონდრიისადმი რა ხანია უკვე მიდრეკილი გახლდათ.
ეს იყო ლაღად და ხელგაშლილად ნაცხოვრები კაცი, ახალგაზრდულ ასაკს უკვე კარგა ხნის გადაცილებული, ასე, ოცდათვრამეტი თუ ოცდაცხრამეტი წლისა. სიბერემ – როგორც თვითონ იტყოდა ხოლმე – "თითქმის სრულიად მოულოდნელად" მოუკაკუნა კარზე; თუმცაღა, თვითონვე ესმოდა, რომ წელთა სიმრავლეს კი არა, უწინარეს ყოვლისა, განვლილი წლებისა, ასე ვთქვათ, შინაარსს მოეტეხა. და თუ სიძაბუნე უკვე დაღს ასვამდა, უმალ შინაგანად, ვიდრე გარეგნულად შესახედავად ჯერაც ყოჩაღად გამოიყურებოდა. მაღალ-მაღალი, ჩასკვნილი, ქერა კაცი იყო. ხშირ თმაში ჯერ თეთრი არ გამორეოდა. გრძელი ქერა წვერი ლამის შუაგულ მკერდზე სცემდა; ერთი შეხედვით, ეგების, რამდენადმე მოუხეშავი და მოშვებული მოგეჩვენებოდათ; მაგრამ, თუ ყურადღებით დააკვირდებოდით, უმალვე შეიცნობდით ჩინებულად თავშემონახულ და ოდესღაც ყველაზე მაღალი საზოგადოების კვალობაზე აღზრდილ ვაჟბატონს. ქცევა და მიხრა-მოხრა ახლაც ლაღი, თამამი, მოხდენილიც კი ჰქონდა, თუმცა ბუზღუნი და დაუდევრობა, ეს ორი კეთილშენაძენი თვისება დასჩემებოდა. ასე გასინჯეთ, ჯერაც მოსდგამდა ყოვლად ურყევი, მაღალი წრის ადამიანისათვის ნიშნეული, უაღრესად კადნიერი თავდაჯერება; ოღონდ, რა ზომამდე აღწევდა ეს მისი თავდაჯერება, თვითონ იქნებ გუმანითაც ვერ ხვდებოდა, თუმცა არამცთუ საზრიანი, ზოგჯერ გონიერი ადამიანიც ეთქმოდა, საკმაოდ განათლებულიც იყო და უდავოდ მრავალმხრივ ნიჭიერიც. მისი გულღია, ღაჟღაჟა სახის ფერი ერთ დროს ქალური სინაზით გამოირჩეოდა და მშვენიერი სქესის ყურადღებას იპყრობდა; ახლაც რომ შეეხედა კაცს, იტყოდა: "რა ჯანიანი ვინმეა, ლოყებიც როგორ წითლად უღვივისო!" და მაინც ეს "ჯანიანი ვინმე" სასტიკი იპოქონდრიით გახლდათ შეპყრობილი. მისი დიდრონი, ცისფერი თვალები ამ ათიოდე წლის წინათ ძალმოსილებას მეტყველებდა; ისეთი ნათელი, ისეთი ხალისიანი და უზრუნველობით აღსავსე თვალები ჰქონდა, მათი პატრონი ძალაუნებურად იზიდავდა ყველას. ახლა, როცა აგერ ორმოც წელს მიატანა, სინათლისა და სიკეთის სხივი თითქმის ჩაუქრა ამ თვალებში, უპეები შეუნაოჭდა კიდეც; ახლა მზერაში გამოუკრთოდა არცთუ მთლად ზნეობრივი, მოღლილი კაცის ცინიზმი, ცბიერება, უფრო ხშირად დაცინვა და კიდევ ახალი, წინათ უცნობი რამ: ანარეკლი სევდისა და გულისტკივილის, – რაღაცნაირი გაურკვეველი, თითქოსდა უსაგნო, მაგრამ მძაფრი სევდის. მეტადრე მაშინ მოეძალებოდა ხოლმე ეს სევდა, როცა მარტო რჩებოდა. ჰოდა, გასაოცარია, ჯერ კიდევ ორიოდე წლის წინათ ეგზომ ხალისიან, უზრუნველ კაცს, ვისაც ესოდენ ემარჯვებოდა სასაცილო ამბების თხრობა – ახლა სრულიად მარტო დარჩენას აღარაფერი ერჩივნა. მან განზრახ მრავალ ოჯახთან გაწყვიტა კავშირი, თუმცა შეეძლო მათთან კვლავაც ჰქონოდა ნაცნობობა, მიუხედავად იმისა, რომ ფულის საქმე აშკარად აეწეწა. ისიც მართალია, აგრე პატივმოყვარეობის გავლენითაც მოიქცა: იმნაირი იჭვნეული და თავმოყვარე ვინმე გახლდათ, ადრინდელ ნაცნობებთან შეხვედრას სწორედ რომ ვერ აიტანდა. მაგრამ რაც ასე განმარტოვდა, ეს მისი პატივმოყვარეობაც თანდათან იცვლიდა სახეს. პატივმოყვარეობა არც განელებია, ის კი არადა – პირიქით, კიდევ უფრო გაუმძაფრდა, ოღონდ ახლა რაღაცნაირი განსაკუთრებული ყაიდის პატივმოყვარეობად გადაუგვარდა, იმგვარ პატივმოყვარეობად, რაც უწინ სრულიად უცხო იყო მისთვის. ამ გრძნობას ზოგჯერ იმგვარი მიზეზები უბღალავდა, წინათ აინუნშიაც რომ არ ჩააგდებდა. ეს იყო ადრინდელთან შედარებით "უმაღლესი" რიგის მიზეზები, "თუკი შეიძლება ასე ეწოდოს მათ, თუკი მართლაც არსებობს უმაღლესი და უმდაბლესი რიგის მიზეზებიო", დასძენდა ხოლმე თვითონ.
დიახ, ამ ზომამდეც მივიდა; თავს იმტვრევდა უმაღლესი მიზეზებისათვის, ისეთი რამეების გამო, წინათ რომ არც კი ჩაუფიქრდებოდა. გონებაში, სინდისის კარნახით, იგი უმაღლესს უწოდებდა ყველა იმ "მიზეზს", რომელთა