კაცი დიდ კატორღელთა მოდგმიდან (საუბარი ჭაბუა ამირეჯიბთან მცირე ბიოგრაფიული ესეის თანხლებით) „ გამხმარო, გაძვალებულო,
მეკობრევ, ბერად შემდგარო,
სიცოცხლეგამწარებულო,
სიკვდილისაგან ვერმკვდარო!
თეთრს ცხენზე ამხედრებულო,
მწუხარე სახის რაინდო,
სოფლისგან გამეტებულო,
შენთან ბევრი მაქვს საერთო.
მიყვარხარ - ცერად გავლილი,
მიყვარხარ - ვეფხვად მხტომარე,
მიყვარხარ - ეხლა დაღლილი,
სენაკში სანთლით მჯდომარე! “
მურმან ლებანიძე
„ თავადი ამირეჯიბი. ამირეჯიბნიც არიან ესენიც ძველადვე ფალავანდიანთა გვარისანი, რომელთაცა აქვთ მამულნიცა ურთიერთსა შორის შერევნილნი, გარნა ამირეჯიბობაი გაუგვარდათ სახელოსი გამო, ვინაიდგან ამირეჯიბი ნიშნავს საქმის მომხსენებელსა მეფისასა, რომელიცა ნიშნავს (დაკლადჩიკს). ხოლო ესენიცა არიან ახალციხიდგანვე მოსრულნი ქართლში, რომელნიც სახლობენ ზემო ქართლსა შინა ზემო ამირეჯიბად და ქვემო ამირეჯიბად. ზემონი არიან დავითის შვილები, ხოლო ქვემონი ზაზას შვილები. აასპანის შვილები, რომელნიმე ამათ გვარისანი სცხოვრობენ იმერეთს აზნაურებად და რომელნიმე ახალციხეს ბეგებად წოდებულნი.
იოანე ბატონიშვილი - „ აღწერა თავად-აზნაურთა გვარებისა “ .
“ სად არის თოვლი შარშანწინდელი? ”
(მცირე ბიოგრაფიული ესე)
თბილისში დაიბადება 1921 წლის 18 ნოემბერს.
დედა - მარიამ მიხეილის ასული ნაკაშიძე, ქალთა უმაღლეს კურსებდამთავრებული პედაგოგი - პირდაპირი შთამომავალია აფხაზეთის, სამეგრელოს და გურიის მთავრებისა: შერვაშიძეებისა, დადიანებისა, გურიელებისა და ასევე - მიქელაძეებისა და ნაკაშიძეებისა.
მამა - ირაკლი გიორგის ძე ამირეჯიბი - ცნობილი ადვოკატი - ჩამომავალი ამირეჯიბებისა, მაღალაშვილებისა, Qარუმიძეებისა, ფავლენიშვილებისა, ჯოხთაბერიძეებისა.
თავად “ ავტოინტერვიუში ” დაწერს:
“ მამაჩემის თავადურ წარმოშობაზე თავად გვარი - ამირეჯიბი მიუთითებს. ეს საუკუნეების მანძილზე გვარად ქცეული მეფის სასახლის თანამდებობაა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის უფროსს რომ შეესატყვისება. თანამდებობა საგვარეულო იყო, მემკვიდრეობით გადაეცემოდა და ყოველი ოჯახი, რომელიც ამ გვარს ატარებდა, პირდაპირ მეტოქეობდა, რათა თავისი ოჯახიდან მოემზადებინა კანდიდატი. ულმობელი კონკურენცია იყო, ამიტომ ყველა კანდიდატი ღირსეულ განათლებას იღებდა როგორც საქართველოში, ასევე ბიზანტიაში - აქედან მოდის გვარის წარმომადგენელთა ტრადიციული განათლებულობა. ბოლო ასი წლის მანძილზე ერთადერთი “ ხეპრე ” გვარში - თქვენი მონა-მორჩილია: ლიტერატურული ფაკულტეტის სამი კურსი მაქვს დამთავრებული. მესამე კურსზე უკვე მწერალთა კავშირის წევრი ვიყავი, ვიბეჭდებოდი და სწავლა მივატოვე ” .
თბილისის 46-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ შედის ამიერკავკასიის კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკუმის რადიოფაკულტეტზე, რომელსაც წარჩინებით ამთავრებს 1938 წელს, მესამე რანგის სამხედრო რადიოტექნიკოსის დამატებითი წოდებით. მომდევნო წელს მისაღებ გამოცდებს ჩააბარებს და ჩაირიცხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიულ ფაკულტეტზე. შემგომ წელს გადადის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
1941 წლის 23 ივნისს, ომის დაწყებიდან მეორე დღეს, პირდაპირ კალათბურთის მოედნიდან მიჰყავთ ჯარში (შემდგომში “ ბანაკიდანაც ” კალათბურთის მოედნიდან გაათავისუფლებენ!). ჯერ ამიერკავკასიის სამხედრო-საჰაერო ძალების 203-ე ცალკე ასეულის რადისტ-ტელეგრაფისტია, შემდეგ კი გროზნოს აეროდრომის 26-ე ავიადივიზიის რადიოსადგურის უფროსი, საიდანაც მოკლე ხანში დაითხოვენ, რაკი დაუმალავს, რომ რეპრესირებული მშობლები და პოლიტემიგრანტი ნათესავები ჰყავს: მამამისი 1938 წელს დახვრიტეს. დედა გადაასახლეს. ემიგრაციაშია ბიძამისი - შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი, სახელგანთქმული პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე, 1924 წლის აჯანყების პარიტეტული კომიტეტის წევრი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის მოადგილე პოლიტიკურ დარგში. დახვრეტილი ან გადასახლებულნი არიან სხვა უახლოესი ნათესავების.
ჩრდილოკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის დერეფანში შორეულ ნათესავს ნახავს, ჩრდილო კავკასიის ფრონტის ფინანსური სამმართველოს უფროსს, რომელიც საინტენდანტო სამსახურში გადაისვრის, ტრანსპორტში.
იმ დროს სპარსეთის ყურედან ირანის გავლით ამიერკავკასიაში მოკავშირეთა სამხედრო დახმარება იგზავნება - ავტომანქანები, შეიარაღება, ამუნიცია და 1903 წლის ქვასავით მაგარი, თეთრი ლობიოც კი. ერთი ასეთი კოლონის მეთაურის მოადგილე ხდება, მაგრამ აქაც წამოეწევა ის საბედისწერო ქაღალდი: “ არასწორად გაწვეული ” , მეტი რა გზა აქვს, თბილისში ბრუნდება, უნივერსიტეტის მეორე კურსზე აღიდგენს თავს, სადაც ახალ ფათერაკში გაეხვევა - 1943 წელს აიყვანენ იმ ჯგუფთან ერთად, რომელსაც ბრალად ედება შეიარაღებული აჯანყების მზადება საქართველოში საბჭოთა წყობილების დასამხობად. ორგანიზაციას “ თეთრი გიორგი ” ჰქვია.
1944 წლის აპრილში 25 წლის პატიმრობას მიუსჯიან, მაგრამ ამას როდი იკმარებენ - განაჩენი გასაჩივრდება პროკურორის მიერ, როგორც ლმობიერი და შეიცვლება უმაღლესი ზომით - დახვრეტით.
სამი თვე ზის სიკვდილმისჯილთა საკანში, ფრანსუა ვიიონს იხსენებს ხოლმე და ჯერ კიდევ არ იცის, რომ ამავე მდგომარეობაში მყოფი იულიუს ფუჩიკი “ რეპორტაჟი სახრჩობელიდან ” -ს წერს.
და ტრიბუნალი კვლავაც რომ შეუცვლის სასჯელს 25 წლის პატიმრობით, ისეთივე ტრგიფარსულ ვითარებაში ამოჰყოფს თავს, როგორც 1849 წელს “ პეტრუშევსკის საქმის ” გამო სასიკვდილო ეშაფოტზე აყვანილი ფიოდორ დოსტოევსკი - შეწყალებას რომ გამოუცხადებენ და სიკვდილს მთელი სიცოცხლის განმავლობაში კატორღად რომ შეუცვლიან.
დიდი კატორღელი, ფიოდორ დოსტოევსკი ასე დაწერს “ დანაშაული