1.შემოკლებული გადმოცემა (A synopsis) კავკასიონის მთაგრეხილზე ხურჯინივით გადაკიდული - აქეთ, სამხრეთით ფშავ-ხევსურეთი და იქით, ჩრდილოეთით ქისტეთ-ლეკეთი ერთიანი და თავისი ძველთაძველი ათად-წესებით თავისებურად ჩამოყალიბებული სისტემაა, სადაც მტრობასაც თავისი კანონები აქვს, ძმადნაფიცობასაც და სტუმარ-მასპინძლობასაც.
სწორედ ამ სისტემის გასაუკეთესებლად იბრძვიან ვაჟა-ფშაველას ხევსურული პოემების გმირები და, მიუხედავად იმისა, რომ დასამარცხებლად არიან განწირულნი, ამ გზაზე მაინც არ უშინდებიან თავიანთი დროის საზოგადოების კანონების დარღვევასაც.
ფილმიც სწორედ ამაზეა - “ სულის ცხენით ” შეკრული პიროვნებებისა და საზოგადოების დაპირისპირებაზე.
სამივე პოემის გმირები ერთმანეთის თანამედროვენი არიან და სამივე ამბავს აერთიანებს “ სულის ცხენი ” .
რა არის “ სულის ცხენი ” ? - კარგ ცხენს მორთავდნენ, შეკაზმავდნენ, უნაგრის ტახტაზე ანთებულ სანთელს დააკრავდნენ და მათრახს ჩამოკიდებდნენ. უნაგირზე ხურჯინს გადაკიდებდნენ მკვდრის საგზლით - პურ-არაყით. “ სულის ცხენს ” მიცვალებულის იარაღს და ნაბადს აჰკიდებდნენ. ასე მოკაზმულ “ სულის ცხენს ” მიცვალებულს თოკით გამოაბამდნენ ხელზე. “ სულის ცხენი ” აღვირით მიცვალებულის ცოლს, დედას ან დას ეჭირა. სულის ხუცესი ამ აღვირს ხელს ჩაჰკიდებდა, მეორეთი არყით სავსე ჭიქას დაიჭერდა და აკურთხებდა “ სულის ცხენს ” (მკვდარს მიმართავდა): “ შენი სახმარი არის ეს შეკაზმული ცხენი, შენი საფერხე იყოს, სადაც დაგჭირდეს, გამაიყენე და აჯირითე. უცხენომც ნუ იქნები. ეს უნაგირი, ხურჯინ-საგზალი შენ გეხმარების ” . ამის შემდეგ სულის ხუცესი ლუდს ან არაყს მიასხურებდა ცხენის ფაფარს და უნაგირს, მათრახს სამჯერ ფრთხილად გადაჰკრავდა და ასევე სამჯერ წაღმა შემოატარებდა მიცვალებულის გარშემო. სულის ცხენს სასაფლაოზე არ წაიყვანდნენ. ასე შეკაზმულს ვინმეს გადაულოცავდნენ, რომ მიცვალებულის სახელზე ჰყოლოდა და შემხვედრებისთვის მიცვალებულის ხსოვნისა დაელევინებინა.
სწორედ ამგვარ “ სულის ცხენს ” დაუყენებენ ქიტეთში დაკლულ ზვიადაურს, რომელიც ქისტების მიცვალებულს არ შეეწირა, ხოლო იმის ცხენს “ სულის ცხენად ” აღკაზმევენ და მინდიას (გველისმჭამელს) გადაულოცავენ.
ხოლო როცა დამარცხებული და ბუნების ენის დაკარგვით გამწარებული მინდია თავს მოიკლავს, ამ სულის ცხენს ალუდა ქეთელაურს გადასცემენ.
ალუდა ქეთელაურიც მისდაუნებურად დაუპირისპირდება საზოგადოებას - მანამდე გაუგონარ საქციელს ჩაიდენს – კურატს შესწირავს თავისგან მოკლულ მუცალს და ამის გამო ხევისბერი რომ მოიკვეთს და შატილიდან მიდის მთელი ოჯახით, მაშინ წამოეწევა პატარა ხევსური ბიჭი და “ სულის ცხენს ” იმას უტოვებს ალუდა – იმისი საქმის გამგრძელებელი ბალღი მაინც რჩება შატილში...
სულ ეგ არი.