მამლაყინწები
მახსოვს, ერთხელ, მამლაყინწობისას, საქმეზე წავედით. მე და ერთი ჩემი სიყრმის მეგობარი. აი, ისეთი მეგობარი, მარტო სიყრმეში რომ შეიძლება გყავდეს და ზრდასრულობაში კი, თითქმის შეუძლებელია, მასთან სადმე გადაიკვეთო. ჰოდა, წავედით. ალბათ, ფული გვჭირდებოდა. რაში გვჭირდებოდა, ზუსტად არ მახსოვს, რადგან იმ დროს ფულის დასახარჯი ადგილებიც ბევრი არ იყო. სავარაუდოდ, იმდროინდელ ცხოვრების რიტმს უნდა ავყოლოდით და რამე სისულელე გვექნა. მაგალითად, გვეყიდა ბასრი დანა, ან უარესი. იარაღი. ჰო, ალბათ ეგრეც იქნებოდა. სწორედ ის დრო და ასაკი გვედგა, მუშტისა და კეტის ქნევით ფონს რომ ვერ გახვიდოდი. დაიჩაგრებოდი. სიმართლე ითქვას, არც ის იყო იარაღის მყიდველი და არც მე, რადგან სულაც არ ვტრიალებდით იმ წრეში, სადაც ეგეთი რაღაცები ხდებოდა. თუმცა, ცოტაოდენი ფული და მონდომება თავისთავად არ გამორიცხავდა ალბათობას, რომ მილიციონერისგანაც კი გეყიდა ის. და მერე შენ ამ იარაღის ხმარება თქვი? კაცს უნდა მიუშვირო და ესროლო. თუნდაც ფეხებში. და აქაც, ალბათ, არც ის იყო მსროლელი და არც მე, თუმცა, ასაკი გვქონდა მამლაყინწური და მაგ დროს კიდევ, სისხლში მკვახე თავმოყვარეობა უფრო მეტია, ვიდრე ლეიკოციტები. აბა, ახლა ერთი წარმოიდგინეთ, ქამარში, ზურგს უკან ნაგანს რომ გაირჭობ, სისხლი თავში მოგაწვება და გული კი სიამაყისგან ყელში გებჯინება, ვინღაა შენი გამჩერებელი? უამრავი იყო. კეტიანი, მუშტიანი, ქვიანი და ფიშტოიანი მამლაყინწა, რომლებიც იმ დროს იმდენად ბევრნი იყვნენ, რომ მთელი ქვეყანა ერთ დიდ საქათმეს ჰგავდა. არა, განა ახლა არ არიან ეგეთები? ახლაც არიან და მომავალშიც იქნებიან, თუმცა, სხვაობა ის არის, რომ მაშინ მამლაყინწობა ცხოვრების წესი იყო და დიდადაც ფასობდა. დიახ, არც გართობა იყო, არც სწავლა, არც გავლა, კინო და თეატრი. წიგნებით სახლებს ათბობდნენ და მორალით კიდევ სიღარიბეს. მოკლედ, არავის არაფრისთვის სცხელოდა და საქათმეშიც გამუდმებული კრიახი და მამლების ჩხუბი იყო გამართული. ამ ყველაფრის შემხედვარე მამლაყინწები კი კისრებს იგრძელებდნენ და უფროსებს ბაძავდნენ, დიდ მამლებს, დეზებიანებსა და ბიბილოიანებს, უნამუსოებსა და სანახევროებს, უტვინოებსა და ,,ოთხკლასგანათლებულებს ” , მტყუანებსა და საკუთარი სიმართლის მაძიებელთ. სწორედ ამიტომაც, ძალზე ფასობდა გაფხორილი სიარული და ყოველი ნორჩი მამლაყინწაც მხურვალედ ცდილობდა, უკეთესი ადგილი დაეკავებინა საქათმეში.
ეს საქმეზე წავედით-მეთქი, ცოტა არ იყოს ხმამაღალი ნათქვამია, რადგან ბევრი ვერაფრის გამკეთებელნი ვიყავით. მძარცველებად და ჯიბგირებად არ ვივარგებდით. არც ხეირიანი ქურდები და ყაჩაღები გამოვიდოდა ჩვენგან. ამიტომაც, ყველაზე მარტივი და იმ დროს მიღებული საქმე განვიზრახეთ. ანუ მანქანიდან მაგნიტოფონის მოპარვა. დიახ, მარტივი იმიტომ, რომ დიდ ჭკუასა და გამოცდილებას არ მოითხოვდა და მიღებული, რადგან ყოველი მეორე მამლაყინწა ამ საქმით იყო გატაცებული. წამახალისებელიც ბევრი ჰყავდათ და დაზარალებულს კიდევ ვინ მოთვლის. მოპარული ადვილად იყიდებოდა, ნაქურდალის შეძენა ცუდ ტონად სულაც არ ითვლებოდა და დაზარალებულს კი ჩვენებასაც არავინ ართმევდა. ჰოდა, ნახევარსაათიანი წანწალის შემდეგ, მივადექით იმ ერთადერთ ავტომობილს, რომლის მეპატრონესაც, იმავ დღისით, რაღაცაზე ძალიან უნდა დასწყდომოდა გული და უამრავი ადამიანი მოეხსენებინა ფრიად უხეირო ფორმებში. ჯერ გარშემო შემოვუარეთ რამდენიმე წრე, ლეშზე მიმდგარი ტურებივით და მერე, როგორც იქნა, გავბედეთ კბილის მოდება. ჩავიხედეთ და ბასტა. მშვენიერი, ციმციმა მაგნიტოფონი არ ჩაუტოვებია შიგნით უნიათო პატრონს? ახლა უფრო ფართე და გაშლილი რადიუსით შემოვურბინეთ გარს. დავზვერეთ, ხაფანგი ხომ არ იყო დაგებული და ლეშის პატრონი ხომ არ გველოდა ჩასაფრებული სადმე. არავინ ჩანდა. ეგდო მძორი უმეთვალყურეოდ. დადგა მოქმედების დრო. მე განზე გავდექი და ,,გავყარაულდი ” , ხოლო ჩემი მეგობარი ზედ მივიდა. დააძრო ჯიბიდან დამსხვრეული ,,სვეჩების ” ნატეხი, დააფურთხა და გვერდითა საქარე მინას სტყორცნა. შუშამ ერთი დაიწკარუნა და ისე ჩამოიშალა, თითქოს, ფერადი საწუწნი კანფეტებისაგან ნაშენი სასახლე ყოფილიყოს, რომლისთვისაც ძირი გამოეცალათ. დაძაბულობისაგან ჩემი თვალები ჩემივე ყურების ხელა გახდა და მეგობრისა კი პირიქით, რადგან, სწორედ ამ დროს, ჩაირთო სიგნალიზაცია და ისეთი კივილი მორთო, რომ საბოლოოდ გამაფუჭა. იმან კიდევ, ამხანაგმა, პირიქით, ენთუზიაზმი იგრძნო და ისე შესრიალდა ჩამსხვრეულ ფანჯარაში, კარიც არ გამოუღია. მე შიშისაგან გული გამიწვრილდა და ავტომობილს კი ძრავი. მანქანა ისეთი ძალით ირწეოდა ხან ერთსა და ხანაც მეორე მხარეს, რომ ლამის ამოყირავდა. აშკარად, დიდი ბრძოლა და ჭიდილი ჰქონდათ გამართული ჩემს მეგობარსა და მაგნიტოფონს, რომელიც, ვგონებ, სულაც არ აპირებდა ადვილად დანებებას.
სწორედ ამ დროს, შემომესმა ფრიად საუცხოო ხმა. ხმა, რომელიც არც ყვირილს ჰგავდა და არც ძახილს. ხმა იმდენად მძლავრი და