პროლოგი
სადღაც იქ, მაღლა და ზემოთ
(წერილი მიცვალებულ მეგობრებს)
ამ წიგნზე მუშაობა რომ დავიწყე, ოთხმოციანი წლები მთავრდებოდა და კაცს ეგონებოდა, რომ თქვენი და თქვენნაირების სისხლის ფასად, როგორც იქნა, გასრულდა ჟამიანობა - მძიმე და აუტანელი, თითქოს მოუხელთებელი და მაინც ყოველწამს საცნაური. თავისუფლების ქარმა დაქროლა ჩრდილოეთიდან, ცოტა არ იყოს, გიჟურად (თუ ჩვენ გვაგიჟებდა?); ქარიშხლისა და გრიგალის ნიშნებიც ჰქონდა, მაგრამ ვერა ვხედავდით, რადგან აღარ გვახსოვდა, ვერ ვიხსენებდით თუ როგორ უნდა გვყუდნებოდა ჩვენი თავი ჩვენადვე; თუმცა ვინ უყურებდა ამას, მგონი, მიდიოდა ჟამიანობა, ორი საუკუნის წინათ ოჩანი სახედარივით რომ ჩამოდგა ჩვენს პატარა, ლამის შეუმჩნეველ ქვეყანაში, რომელიც მე არჩანდად მესახება - რაღაი მართლაც არ ჩანდა დიდხანს - ხან ჩრდილოეთ სპარსეთი ეგონათ და ხანახ სამხრეთ რუსეთი...
ჰოდა, უბერავდა ქარი ჩრდილოური და ჩვენ კი, არჩანდელებს, აღარ გვახსოვდა, რომ ზღვარგადასული თავისუფლებაც შეშლილობა იყო...
მერე კი, უფსკრულის პირას რომ გავიარეთ, კვლავაც მოწამებრივი სისხლი, ცრემლი და ოფლი ვანთხიეთ დამოუკიდებლობისათვის, მაშინღა მივხვდით, გავიხსენეთ, რომ ჟამიანობა მარტოოდენ ჩვენი, არჩანდასავით პატარა ქვეყნის წყევლა-კრულვიანი საკითხავი არ არის. იგი იმათიც გახლავთ, და შესაძლოა, უფრო მეტადაც, ვისაც სულ არ აწუხებს სიმცირე - პირიქით, იმხელაა, მცირეთაც თავად იმორჩილებს და, რადგან ბატონი უმონოდ ბატონი აღარ არის, და, უფრო მეტიც, თავადვეა მონა თავისი მონებისა, ამიტომაც ჟამიანობა დიდმა ერებმაც უნდა მოიხადონ; ისე, როგორც რაიმე სახადი, ვთქვათ და, წითელა-ბატონები, ყბაყურა და ქუნთრუშა რომ მოგვიხდია პატარაობისას...
ამ ბოლო ფიქრიდან კაი ხანი გამოხდა და იმასაც მივხვდი, ძმებო, რომ ცხოვრებაში ყველას თავისი დრო-ჟამი აქვს მოსახდელი - დიდსაც და მცირესაც, სულიერსაც და უსულოსაც.
ჟამს მდინარესაც ადარებენ ხოლმე - დაუსაბამო წარსულიდან ასევე დაუსაზღვრავი მომავლისაკენ ანდა პირიქით რომ მიედინება, საიდანღაც - მაღლიდან და ზემოდან მზის სხივებივით უხილავად მოეფინება სივრცეს, ჩვენს ერთიბეწო დედამიწასაც, ჟამიანობად ჰგიებს მიწაზე, ცვლის გარემოს, ადამიანებს - სუსტსა და ძლიერს, იავარყოფს დიდ თუ მცირე სახელმწიფოებს, ტაძრებს თუ საყდრებს, სრასასახლეებს თუ ქოხმარებს, ხეებსა და ბალახებს, სურვილებსა და ოცნებებს, მთასა და ბარს.
ხომ გითხარით, სახადივითაა მოსახდელი და ბოლოს ჟამი ისევ იქ ბრუნდება - სადღაც იქ, მაღლა და ზემოთ. თან წაიყვანს ადამიანებს, წაიღებს გარემოს, რათა მერე ისევ თავიდან მოეფინოს მისი ახალი ნაკადი სივრცეს.
ჟამი სიკვდილს ჰგავს, სიკვდილის გენიალური პარტნიორია, ძმებო - ვერსად დაემალები, ოქრო-ვერცხლით ვერ მოისყიდი, თავს ვერ შეავედრებ, დაბადებიდან აგედევნება ჯორზე მჯდომარე და შენ ბედაურით ვერ გაექცევი, ვერც ზებგერითი თვითმფრინავი გიშველის...
ასე რომ, ყველას ჩვენ-ჩვენი დრო-ჟამი შეგვხვდა, ასე გადაწყდა ჩვენგან დამოუკიდებლად სადღაც იქ - მაღლა და ზემოთ. ამიტომ უნდა ვიტვირთოთ, სახადივით შეგვხვდეს, ჯვარივით ვატაროთ ანდა იმან გვატაროს - ასე მოვისტუმროთ ეს უჩინარი “სოფელი” - ვითომც რომ ვხედავთ, მაგრამ არც ეს ჩანს კარგად, ბოლომდე, სიღრმეში, გულის გულში - ესეც არჩანდა არის.
ესეც არჩანდა არის და მანდაც არჩანდაა, ძმებო, სადღაც მაღლა და ზემოთ, სადაც თქვენ მეგულებით. თუმცა ძნელია თქვენი არჩანდის დანახვა - სუფთა გული და გაუბზარავი რწმენა სჭირდება. ეგ ის არჩანდაა, რომელსაც, ილია ჭავჭავაძის ნათქვამს ვიმოწმებ - თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ...
ამ რომანის პერსონაჟებში თუ საკუთარ თავს შეიცნობთ ან ცოცხლად დარჩენილებს თქვენ მოაგონდებით, თავს ბედნიერად ჩავთვლი, ძმებო.
თქვენ ჩემი მეგობრენი იყავით, ჟამიანობას იხდიდიდით და მოიხადეთ. უკვე მიიტანეთ თქვენი ტვირთი სადაც ჯერ არს. ჟამმა წაგიყვანათ - თავშეწირულები, დარდიანები, აუხდენელი სურვილებითა და ოცნებებით. ვერ ვიტყვი, ნადრევად მეთქი, რადგან, - რაკიღა ხდება, სწორედ მაშინ უნდა აღსრულდეს ყველაფერი და სინანულიც ზედმეტია - უფლის ნებაა ყოველივე.
ეს რომანი თქვენ გეძღვნებათ, ძმებო. ამის დასაწერად თავი არ დამიზოგავს - ვიჯექი ხოლმე გათოშილი და მშიერი ლამპით განათებულ მაგიდასთან, ვფიქრობდი და აკანკალებული თითებით ვწერდი. თქვენს ნამოქმედარზე თუ ნათქვამზე მეცინებოდა და მეტირებოდა, ვთხზავდი და ვხევდი, ვთხზავდი და ისევ ვხევდი, ისევ და ისევ. თეთრი ღამეების მწკრივი კი იზრდებოდა და დიდდებოდა. თავიდან ვიხსენებდი, ვცვლიდი, ხელახლა ვწერდი, ვწერდი და ვწერდი - ვითომდა ვთხზავდი. როგორ ვწვალობდი და ვშავდღეობდი და ვთეთრღამეობდი ერთი საწყალი და ბედკრული მჯღაბნელი - არაფერი გამომდიოდა. ვწუხდი, ვფორიაქობდი და ვვალალებდი საკუთარი უმწეობითა და უსუსურობით შეწუხებული, ქანცგაწყვეტილი და უიმედო - ეჰ, ნეტავი ჩემზე უკეთესს ეტვირთა ეს საქმე. მე კი მერჩივნა, თქვენთან ერთად ვყოფილიყავი სადღაც იქ, მაღლა და ზემოთ - აღარც დავმალავ, დავუშვათ და, მიქაელ მთავარანგელოზის