I -
სოფლის სიამოვნებანი
ის არაა ლამაზი, რადგან ფერ-
უმარილი არ წაუცხია.
სენტ- ბევი
ოჰ, სოფელო, როდის გიხილავ კიდევ!
ჰორაციუსი
- ბატონო, თქვენ, ალბათ, პარიზის საფოსტო ეტლს ელით? - ჰკითხა ჟიულიენს იმ სასტუმროს პატრონმა, სადაც იგი საუზმის საჭმელად გაჩერდა.
- დღევანდელს ან ხვალინდელს, ეს ჩემთვის სულერთია, - უპასუხა ჟიულიენმა.
რამდენიმე წუთის შემდეგ საფოსტო ეტლი მოვიდა. შიგ ორი თავისუფალი ადგილი
იყო.
- როგორ! ეს შენა ხარ, ჩემო მეგობარო, საბრალო ფალკო? - ჰკითხა მგზავრმა,
რომელიც ჟენევის მხრიდან მოდიოდა, მამაკაცს, რომელიც ეტლში ჟიულიენთან ერთად ჩაჯდა.
- მე მეგონა, ლიონის მახლობლად იყავი დასახლებული, საუცხოო ველზე რონის პირად, - უპასუხა ფალკომ.
- კარგი დასახლებაა! ქუდმოგლეჯილი გამოვრბივარ.
- გამოვრბივარო, სენ ჟირო? შენი სიბრძნის მიუხედავად რაიმე დანაშაული ხომ არ ჩაგიდენია? - ჰკითხა ფალკომ სიცილით.
- გეფიცები, სჯობდა, მართლაც დანაშაული ჩამედინა. მე გავურბივარ შემზარავ ცხოვრებას, რომლითაც პროვინცია ცხოვრობს. მე მიყვარს ტყეების სიგრილე და ველების სიმშვიდე, შენ ეს კარგად იცი; ხშირად გისაყვედურია, რომანტიკოსი ხარო. პოლიტიკის გაგონებაც არ მინდოდა და სწორედ პოლიტიკა მაძევებს აქედან.
- ჰო, მაგრამ, რომელ პარტიას ეკუთვნი?
- არც ერთს, და სწორედ ეს მღუპავს. აი, მთელი ჩემი პოლიტიკა: მე მიყვარს მუსიკა,
მხატვრობა; კარგი წიგნი მთელი მოვლენაა ჩემთვის; ჩქარა ორმოცდაოთხი წლის გავხდები. რამდენი წელიწადი უნდა ვიცოცხლო კიდევ? თხუთმეტი, ოცი, ოცდაათი საუკეთესო შემთხვევაში. ჰოდა, დარწმუნებული ვარ, რომ ოცდაათ წელიწადში მინისტრებად ცოტა უფრო გაქნილი, მაგრამ ისეთივე პატიოსანი ადამიანები იქნებიან,
როგორნიც დღეს არიან. ინგლისის ისტორია ჩვენი მომავლის სარკედ მიმაჩნია.
ყოველთვის აღმოჩნდება მეფე, რომელიც მოისურვებს გააფართოოს თავისი უფლებები;
მდიდარ პროვინციელებს ყოველთვის ძილს დაუფრთხობს დეპუტატად გახდომის სურვილი, მირაბოს მიერ მოხვეჭილი სახელი და მის მიერვე შეძენილი რამდენიმე ასი ათასი ფრანკი: ისინი ამას ლიბერალიზმსა და ხალხის სიყვარულს უწოდებენ. უკიდურეს მემარჯვენეებს ყოველთვის მიიზიდავს ან კარისკაცად ან კეთილშობილთა პალატის წევრად გახდომის სურვილი. სახელმწიფოს ხომალდზე ყველა მესაჭეობას მოისურვებს,
იმიტომ რომ ეს კარგად ჯილდოვდება. ნუთუ იქ არასოდეს პატარა ადგილი არ აღმოჩნდება უბრალო მგზავრისთვის?
- საქმეზე, საქმეზე გადადი, იგი განსაკუთრებით იმიტომ უნდა იყოს საინტერესო,
რომ შენ მშვიდობიანი ხასიათი გაქვს. უკანასკნელ არჩევნებს ხომ არ გაუდევნიხარ პროვინციიდან?
- ჩემი უბედურება უფრო შორიდან იწყება. ოთხი წლის წინათ ორმოცი წლისა ვიყავი და ხუთასი ათასი ფრანკი მქონდა; დღეს ოთხი წლით უფრო ხნიერი ვარ და ალბათ,
ორმოცდაათი ათასი ფრანკით უფრო ღარიბი. მე ეს თანხა ჩემი მონფლერის კოშკის გაყიდვაზე დავკარგე. იგი რონის მახლობლად იყო აღმართული, საუცხოო ადგილას.
პარიზში მომწყინდა ეს გაუთავებელი კომედია, რომლის თამაშს ეგრეთწოდებული XIX
საუკუნის ცივილიზაცია გვაიძულებს. გულთბილობა და უბრალოება მომენატრა. მამული ვიყიდე მთებში რონის მახლობლად. ძნელია უფრო ლამაზი რამის წარმოდგენა ამქვეყნად.
სოფლის მღვდელი და მეზობელი აზნაურები მთელი ნახევარი წლის განმავლობაში თავს მევლებოდნენ, მე კი მათ სადილებს ვუმართავდი. «პარიზი მივატოვე, რათა არც არაფერი გავიგონო, არც არაფერი ვილაპარაკო პოლიტიკის შესახებ-მეთქი, - ვუთხარი მათ: - ხომ ხედავთ, არც ერთ გაზეთს არ ვიწერ. რაც უფრო იშვიათად მოაქვს წერილი ფოსტალიონს,
მით უფრო კმაყოფილი ვარ-მეთქი». მაგრამ ეს არ შედიოდა მღვდლის ანგარიშში. ჩქარა დამიწყეს თავის მობეზრება ათასი თხოვნით, კინკლაობით და სხვ. გადაწყვეტილი მქონდა ყოველწლიურად ორასი თუ სამასი ფრანკი გამეღო ღარიბებისთვის. დამიწყეს დახმარების
თხოვნა რელიგიური ასოციაციებისთვის: წმ. იოსებისა, ქალწული მარიამისა და სხვათათვის. უარი ვთქვი; ათასი შეურაცხყოფა მომაყენეს. მე უგუნურება გამოვიჩინე და გავჯავრდი. ამის შემდეგ აღარ შემეძლო დილით შინიდან გამოსვლა და ჩვენი მთების მშვენიერებით დატკბობა ისე, რომ რაიმე უსიამოვნებას არ გადავყროდი, რომელიც ოცნებას მიფანტავს და ადამიანთა ბოროტებას მახსენებს. მაგალითად, ამაღლების პროცესიის დროს, რომლის გალობაც მომწონს (ეს, ალბათ, ბერძნული მელოდიაა), ჩემს ყანებს აიაზმას აღარ აპკურებენ, იმიტომ რომ მღვდელი მათ უღმრთო ადამიანის საკუთრებად თვლის. ერთ ბებერ ღვთისმლოცველ გლეხის დედაკაცს ძროხა მოუკვდა. მან განაცხადა, თითქო ამის მიზეზი იყოს ტბა, რომელიც მე, პარიზიდან მოსულ უღმრთო ფილოსოფოსს მეკუთვნის, და ერთი კვირის შემდეგ ვხედავ, რომ ჩემს ტბაში მთელი თევზი კირით მოუწამლავთ. მომრიგებელი მოსამართლე პატიოსანი ადამიანია, მაგრამ თავისი ადგილის დაკარგვას უფრთხის და მუდამ მე მამტყუნებს. მინდორ-ველების სიმშვიდე ჩემთვის ჯოჯოხეთად იქცა. როგორც კი დაინახეს, რომ მიმატოვა მღვდელმაც,
რომელიც სოფლის კონგრეგაციის მეთაურად ითვლება და არც ლიბერალების ბელადი,
სამსახურიდან გამოსული კაპიტანი მიჭერს მხარს, ყველანი თავს დამესხნენ, ის კალატოზიც კი, რომელსაც ერთი წელიწადი ჩემს ხარჯზე ვინახავდი, თვით