ანრი ბეილიდან სტენდალამდე
გამოჩენილი ფრანგი მწერალი ანრი ბეილი, რომელიც უფრო სტენდალის ფსევდონიმითაა ცნობილი, დღემდე რაღაც იდუმალებით მოსილ პიროვნებად რჩება ლიტერატურის ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ მისი ცხოვრება და შემოქმედება თითქოს მიკროსკოპულადაა შესწავლილი, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი მაინც გამოცანად ქცეულა. არც იმის ნიშანი ჩანს, რომ ახლო მომავალში გაირკვევა რაიმე. ძნელია და იმიტომ. ეს თავსატეხი თვითონ სტენდალმა გაუჩინა მკითხველებს. იგი გულმოდგინედ ნიღბავდა თავის პიროვნებას; არ უნდოდა საკუთარი სახით წარმდგარიყო საზოგადოების წინაშე. თითქოს ეშინოდა კიდეც ამისი და ზოგიერთი თანამედროვე რომანის გმირის მსგავსად აცხადებდა, მინდა სხვა ვიყოო. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ შტეფან ცვაიგის შენიშვნის მიხედვით, სტენდალი «მხოლოდ სხვის ნიღაბსა და სამოსში გრძნობდა თავს არხეინად». თვითონ მწერალიც აღიარებდა, ყველაზე სიამოვნებით მე ვიკეთებდი ნიღბებს და ვიცვლიდი სახელებსო. სპეციალისტებმა გამოარკვიეს, რომ ანრი ბეილს ორასამდე ნიღაბი (ფსევდონიმი) აქვს გამოცვლილი. ერთი მწერლის ორასი ფსევდონიმი, მართლაც, უჩვეულო ამბავია, თანაც საყურადღებო, რადგან ამ მოგონილ სახელებში თვითონ ანრი ბეილი ისეა გაფანტული, რომ სხვებს კი არა, თავადაც უჭირს ყველა მათგანის ერთ პიროვნებაში თავმოყრა. ამიტომაც ამბობს, რა ვიყავი? რა ვარ? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა გამიძნელდებაო.
დალოცვილი! თვითონ თუ გაუძნელდება ეს, სხვებმა რა უნდა ქნან?! მით უმეტეს,
რომ ამ ნიღბებით თამაშის დროს იგი არავითარი პრინციპით არ იზღუდავს თავს. ხან ვითომ ბარონია, ხან კავალერიის ოფიცერი, უბრალო კომერსანტი, ვიღაც დომენიკი, სეზარ ბომბე ან სხვა ვინმე. ზოგჯერ ამა თუ იმ ცნობილი მწერლის გვარსაც ამოეფარება, ვთქვათ,
ლამარტინს ან ჟანენს. თუ მოისურვებს, არც საეჭვო რეპუტაციის «კეთილშობილი ვიგინდარების» ნიღბებზე იტყვის უარს. ერთი სიტყვით, სულ იმას ცდილობს,
საზოგადოების წინაშე ვინმე სხვა იყოს და არა - თვითონ. ალბათ, ამით ის უნდა, რომ სხვა დაინახოს და განიცადოს, როგორც საკუთარი მე-ს ნაწილი. ამის მიზეზსაც თვითონ განმარტავს: «მე ვცდილობდი დავნათესავებოდი ვინმე სხვის ხასიათს, მექცია ის ჩემად და ამით მიმეღწია წარმატებისთვის...»
ამის შემდეგ რა გასაკვირია, თუ ლიტერატურათმცოდნეებს უძნელდებათ დაადგინონ სტენდალის შემოქმედებაში სად სხვაა და სად თვითონ, მით უმეტეს, რომ ის
«თვითონ» და ის «სხვაც» ერთ პიროვნებაშია თავმოყრილი.
შინაგანი გაორების თუ, როგორც ახლა ამბობენ, «გაუცხოების» ამგვარი ფაქტები ადრეც იყო ცნობილი ლიტერატურაში. შექსპირის ჰამლეტზე რომ არაფერი ვთქვათ, ჯერ კიდევ გოეთე ანსხვავებდა ერთმანეთისაგან «თავის თვითონს» (siener Selbst) და «სხვა თვითონს» (andere Selbst). უფრო გვიან რაინერ მარია რილკე ამ ორ «თვითონს» თავის მე-ში აერთიანებდა და ამბობდა - «ჩემი ორივეო» (meine Beide), თანაც ისე იყო დარწმუნებული ამ ორის ერთიანობაში, რომ თავისივე «სხვა თვითონს» ეკითხებოდა, ჩვენ ორთაგან რომელი ხარ ახლა შენო.
ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ სტენდალის რომანებში იშვიათია ისეთი პერსონაჟი,
რომლის ხასიათის გასარკვევად ასეთივე კითხვის დასმა არ იყოს საჭირო. თვითონ სტენდალიც ხომ ასეთია. იგი ჯერ ვინმეს ნიღაბს მოირგებს, ე. ი. «ვიღაც სხვის ხასიათს დაენათესავება», თავის თვითონად აქცევს, მერე კი ისე გააბამს მასთან საუბარს, თითქოს ის «სხვაც» ანუ «მისი მეორეც» თვითონ არ იყოს!
სტენდალის შემდეგ პიროვნების ამგვარი შინაგანი გაუცხოება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ლიტერატურაში. დოსტოევსკის კარამაზოვი ისე ესაუბრება თავის «სხვა თვითონს», როგორც თომას მანის ადრიან ლევერკიუნი მისსავე «შემაძრწუნებლად მეორეს» (entsezlich Andere). სტენდალის გმირებიც ამგვარი პროტოგონისტული ძალების შინაგან ერთიანობას ანსახიერებენ. ესეც ართულებს ლიტერატურათმცოდნეთა ამოცანას მისი გმირების ხასიათის შესწავლის დროს. კიდევ უფრო მეტი სიძნელეები ხვდება მათ,
როცა თვითონ მწერლის მიერ განსაზღვრული თარიღებისა და ამა თუ იმ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოთქმული შეხედულებების სისწორეს ამოწმებენ. აქ, როგორც იტყვიან,
სტენდალს ორ ნაბიჯზე ვერ ენდობა კაცი. იგი ისე ოსტატურად აბნევს მკითხველს, რომ,
რაც არ უნდა ეცადო, სულ ერთია, სიმართლეს მაინც ვერ დაადგენ, ვერც შესავალ კარს უპოვი მის მიერ გულმოდგინედ ჩასაიდუმლოებულ ან სულაც ფალსიფიცირებულ ამბავს,
თუ, რა თქმა უნდა, ხანგრძლივი ძიებისა და უამრავი ფაქტის შეჯერების გზით არ გაარჩევ,
სადაა სიცრუე და სად სიმართლე. ეს ეხება როგორც წვრილმან, ისე უაღრესად მნიშვნელოვან საკითხებსაც. ასე მაგალითად, «პარმის სავანის» ავტორისეულ წინასიტყვაობაში წერია, ეს რომანი მე 1830 წელს დავწერე პარიზიდან სამასი ლიეს დაშორებითო. მკითხველი თითქოს უნდა ენდოს ავტორის ამგვარ განცხადებას,
სინამდვილეში კი არაფერი ამის მსგავსი. მკვლევარებმა მოახერხეს ზუსტად დაედგინათ,
რომ «პარმის სავანე» დაწერილია არა 1830, არამედ 1839 წელს და ისიც სამასი ლიეს დაშორებით კი არა, - პარიზის შუაგულში. სხვა მნიშვნელოვანი თარიღებიც ასეა არეული.
მისამართებიც... ვთქვათ, ანრი ბეილი ვინმე ნაცნობს წერს წერილს გრენობლიდან, იმას კი აცნობებს,